მთავარ პროკურატურაში შეწყალების სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარის, ზიად ქორიძის დაკითხვა მიმდინარეობს. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება , ქორიძე პროკურატურაში ადვოკატთან ერთად მივიდა.
ზვიად ქორიძემ დაკითხვაზე შესვლამდე ჟურნალისტებთან მხოლოდ მცირე კომენტარი გააკეთა, რითაც უპასუხა შეკითხვას, ექნება თუ არა მას კონკრეტულ გვარებზე საუბარი საგამოძიებო უწყებაში.
"მე კონკრეტულ გვარებზე მქონდა საუბარი და მექნება კიდევ", - აღნიშნა ქორიძემ.
შეწყალების კომისიის თავმჯდომარეს პროკურატურაში მეორედ კითხავენ. მან გამოძიების შეკითხვებს ორი დღის წინაც უპასუხა, თუმცა კანონმდებლობის შესაბამისად დაკითხვა 22:00 საათზე შეწყდა.
მთავარმა პროკურატურამ სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით, რაც ზეგავლენით ვაჭრობას გულისხმობს, გამოძიება რამდენიმე დღი წინ დაიწყო. აღნიშნულის საფუძველი შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარის, ალეკო ელისაშვილის განცხადება გახდა, რომლის ინფორმაციითაც, "ქართული ოცნების" ზოგიერთი მაღალჩინოსანი კონკრეტული პატიმრების შეწყალებით არის დაინტერესებული, რის გამოც ისინი შეწყალების კომისიის თავმჯდომაროების პერიოდში მასზე ზეწოლას ახორციელებდნენ. ელისაშვილის მტკიცებით, ახლა იგივე კომისიის მოქმედ თავმჯდომარესთან მიმართებაში გრძელდება.
აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით პროკურატურაში თავად ალეკო ელისაშვილიც დაკითხეს.