ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატების" წევრ დავით ონოფრიშვილის განცხადებით, 20 ლარის ოდენობით გაზრდილი პენსია რეალურად ორი წლის ინფლაციის კომპენსირებას წარმოადგენს.
"პენსია შუა წლიდან იზრდება და ისიც 20 ლარით. ეს 20 ლარი პრაქტიკულად არის ორი წლის ინფლაციის კომპენსირება – სხვანაიარად რომ ვთქვათ, ინდექსირება", - განაცხადა ონოფრიშვიულმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვისას.
ეკონომიკური და ფინანსური მიმართულებით არსებულ პრობლემებზე საუბრის დროს, ონოფრიშვილმა გაცვლითი კურსის მხრივ შექმნილ ვითარებაზე გამაახვილა ყურადღება.
"ხელისუფლება ლარის გაუფასურებას, სავალუტო კრიზისს ვერანაირად წინ ვერ აღუდგა. შეიძლება ეს ადვილი ამოცანა არ იყო, მაგრამ წლის დასაწყისში, როცა ეს პროცესი დაიწყო, გვახსოვს, მთავრობა რამდენიმე თვის განმავლობაში საერთოდ ვერ რეაგირებდა და არც კი სცნობდა, რომ სავალუტო კრიზისი ქვეყანაში სერიოზულად იყო დაწყებული. მხოლოდ მას შემდეგ, რაც ლარმა ორ დოლარს გადააჭარმა, მაშინ დაიწყო ფაცი-ფუცი – "იქნება რაიმე გავაკეთოთ". "თავისუფალი დემოკრატების" და სხვა ოპოზიციური ძალების არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, დადებულიყო კონკრეტული ღონისძიებების პროგრამა, ეს არ მოხდა. ვერანაირი პროგრამა და მონახაზი ვერ ვიხილეთ, გარდა იმისა, რომ დაიწყო გადაბრალება, თუ ვისი ბრალი იყო ეს ყველაფერი - ეროვნული ბანკის თუ მთავრობის. ეს ყველაფერი ქვეყანას ცუდად მოუტრიალდა, რადგან გაუფასურება დაახლოებით 35%-ს შეადგენს", - განაცხადა დავით ონოფრიშვილმა.
"თავისუფალი დემოკრატები" 2016 წლის ბიუჯეტის პროექტს მხარს არ დაუჭერენ.