საქმე გვაქვს ქართული სპეცსამსახურების მთლიანად რუსეთისთვის გადაბარებასთან, - ამის შესახებ ნათქვამია თავდაცვის ყოფილი მინისტრის, პატიმრობაში მყოფი ბაჩო ახალაიას სახელით გავრცელებულ განცხადებაში.
ბაჩო ახალაია პროკურატურის დღევანდელ განცხადებას ეხმაურება და მიიჩნევს, რომ პროკურატურა რუსული სპეცსამსახურების დავალებების ბრმა შემსრულებელია. ბაჩო ახალაიას თქმით, დავით ახალაიას, გიგი კალანდაძეს, მეგის ქარდავას და რომან შამათავას, რომლებიც დღეს პროკურატურამ პასუხისგებაში მისცა, წარდგენილ ბრალთან არაფერი აკავშირებთ.
"გამოვაცალოთ პროკურატურის დღევანდელ განცხადებას ყველაფერი, რაც მათი ბოროტი კითხვის მხატვრულ ჟანრს ახასიათებს, ცოტა ყურადღებით დავაკვირდეთ სხვა გარემოებებს - საქმეს, რომელიც ეხება თითქოს არშემდგარი ტერაქტის გამო ჩადენილ დანაშაულს.
მიუხედავად იმისა, რომ ეს კამპანიური ხასიათის თითქოს სისხლის სამართლებრივი დევნა, სინამდვილეში ფაქტი, უფრო მძიმე და დამაზიანებელია, ვიდრე ერთი შეხედვით შეიძლება ჩანდეს - არც მარტო ვინმესთვის რამე დანაშაულის დაბრალებაა და თუ გნებავთ არც რამე დანაშაულის გამოვლენა.
მე კი დანამდვილებით გეტყვით, რომ საქმე გვაქვს ქართული სპეცსამსახურების მთლიანად რუსეთისთვის გადაბარებასთან სრული მონაცემების ბაზებით, როგორც ჩანს, მათ შორის ყველა იმ ადამიანის გამოვლენასთან, რომლებიც ქართულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობდნენ", - წერს ბაჩო ახალაია.
ახალაია მიიჩნევს, რომ დასკვნა საკმაოდ მძიმეა, რადგან როგორც ჩანს რუსული სპეცსამსახურების ხელში აღმოჩნდა ყველაფერი, რაც საქართველოს უსაფრთხოებისთვის ფარული გზებით კეთდებოდა წლების განმავლობაში.
შესაბამისად, ზუსტად შეიძლება ითქვას, რომ პროკურატურამ თავისი ვიწრო ინტერესიდან გამომდინარე (მაგალითად გიგი კალანდაძის, რომელიც დღესაც რუსების წინააღმდეგ იბრძვის უკრაინაში, რომა შამათავას, რომლის საქმეშიც მთავარი მტკიცებულება ბაღაფშის პრესკონფერენცია იყო, ზურაბ შამათავას, ალექსანდრე გორგაძის, დათა ახალაიას ხელოვნური დევნა) არც კი იცის სინამდვილეში რას აკეთებს. ისინი უბრალოდ ბრმა შემსრულებლები არიან რუსული სპეცსამსახურების დავალების. რეალობა ისაა, რომ ასეთი დანაშაული არ მომხდარა და დასახელებულ ადამიანებს არაფერი აკავშირებთ წარდგენილ ბრალთან.
უფრო ცხადი რომ იყოს მარტივად გეტყვით, მე საქართველოში ვიმყოფები და წესით პროკურატურას ჩემგან უნდა მიეღო ჩვენება, უნდა დაინტერესებულიყო, ხომ არ მიმდინარეობდა რამე სრულიად ლეგიტიმური ფარული საქმიანობა რუსული სპეცსამსახურების წინააღმდეგ, ხომ არ შეგვქმნია პრობლემა ჩვენი აგენტურის უსაფრთხოების გამო, ხომ არ დაგვჭირვებია რაიმე სახის ღონისძიებების გატარება, რომ კონკრეტული ადამიანის სიცოცხლე გადაგვერჩინა და შეგვენარჩუნებინა მისი შემდგომი პროდუქტიულობა.
მაგრამ ეს კითხვები შეიძლება გასჩენოდა ქართულ სამართალდამცავ ორგანოებს, რომლებიც როგორც ჩანს არ არსებობენ და მათ მაგივრად რუსული სპეცსამსახურები ცალ კარში თამაშობენ.
გაივლის წლები და ეს კონკრეტული ბრიფინგი შევა КГБ-ს წარმატებულ ღონისძიებათა სიაში, მაშინ ყველასთვის ყველფერი სრულიად ცხადი იქნება, შერცხვებათ მარტო მათ, ვინც ბრმად აკეთებდა ასეთ საქმეებს და მერე ბრიყვულად იმეორებდა ამ სისულელეებს", - ნათქვამია ბაჩო ახალაიას განცხადებაში.
მთავარმა პროკურატურამ თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და წამების ფაქტზე ყოფილი მაღალჩინოსნები პასუხისგებაში მისცა. უფრო კონკრეტულად, როგორც პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე აღინიშნა, წამებისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცნენ თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე დავით ახალაია, გენერალური შტაბის უფროსის ყოფილი მოადგილე გიორგი კალანდაძე, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი მეგის ქარდავა და შსს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსი რომან შამათავა. ასევე შს სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის ყოფილი თანამშრომელი გიორგი სამუშია დაკავებულ იქნა ბრალდებულის სახით.