საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ასურეთში, სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება იგეგმება.
როგორც მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, სარეაბილიტაციო სამუშაოები მომავალი წლიდან დაიწყება.
„ასურეთში არის გერმანული, უნიკალური არქიტექტურა, ძველი გერმანული სოფელი. ასევე, იქ არის გერმანელთა საფლავები და ჩვენ ვაპირებთ, რომ უკვე მომავალი წლიდან, სარეაბილიტაციო სამუშაოები დავიწყოთ“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა
პრემიერის ინფორმაციით, პირველ ეტაპზე რეაბილიტაცია ლუთერანულ ეკლესიას ჩაუტარდება. მისივე თქმით, ძველ იერსახეს დაიბრუნებს გერმანული არქიტექტურით აშენებული სახლები და მოწესრიგდება საფლავები.
„მოვაწესრიგებთ გზას, მოვაწყობთ განათებას, იმისათვის, რომ ის გახდეს ძალიან საინტერესო ისტორიულ-კულტურული ადგილი არა მხოლოდ გერმანელებისთვის, არამედ სხვა ტურისტებისთვისაც, ქართველებისთვისაც. უნიკალური ადგილია. მე ვფიქრობ, რომ საქართველო-გერმანიას შორის არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანი იქნება ამ პროექტის განხორციელება“, - განაცხადა ირაკლი ღრიბაშვილმა.
აღნიშნულ საკითხზე რეგიონული განვითრებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმაც ისაუბრა. მისი ინფორმაციით, ასურეთთან ახლოს მდებარე გერმანულ ღვინის ქარხანაში, ინვესტიციის ჩადება იგეგმება.
„სოფელთან ძალიან ახლოს არის უნიკალური, საუკუნეზე მეტი ასაკის, მე-19 საუკუნეში აშენებული ღვინის ქარხანა, საინტერესო საცავებით, რომლის მფლობელი დღეს ქართველია, მაგრამ ის თანახმაა, რომ ინვესტიცია ჩაიდოს. იმედია, რომ მალე მოვძებნით გერმანელ ინვესტორს, რადგან ეს არქიტექტურულადაც შესანიშნავია და ტურისტულ მიმზიდველობას განსაკუთრებით შესძენს. მეორე - მე არ ვიტყვი, რომ ყურძნის კულტურა იქ დაკარგულია, არის ვენახები, მაგრამ იქ სადაც თავის დროზე, ვენახები იყო გაშენებული, ახლა ქერი და ხორბალი მოჰყავთ. დარწმუნებული ვარ, ყურძნის კულტურა აღდგება და უნიკალური ქართლის ჯიშის ყურძნით, ევროპელებისათვის და გერმანელებისთვის, ძალიან მნიშვნელოვანი პროდუქტი დამზადდება“, - აღნიშნა ნოდარ ჯავახიშვილმა.