საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილემ გიორგი გოგაძემ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფეროში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის პროკურორებს ბელა ბერიკელაშვილის სახელობის ჯილდო გადასცა.
მთავარი პროკურატურის ინფორმაციით „BELA AWARD“ პროკურორებს - გიორგი ხაჩიძეს, სოსო სალთხუციშვილს, თამარ მისაბიშვილს და ლონდა თოლორაიას გადაეცათ. პროკურორების დაჯილდოვება, დღეს, თბილისის იუსტიციის სახლში არასრულწლოვანთა განრიდებისა და მედიაციის მუშაობის 5 წლის შედეგების შემაჯამებელ კონფერენციაზე მოხდა, რომელშიც პროგრამაში ჩართული სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებიც იღებდნენ მონაწილეობას.
მთავარი პროკურორის მოადგილემ ბელა ბერიკელაშვილის მიერ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფეროში გაწეული თავდაუზოგავი შრომისთვის მადლობა გადაუხადა მისი ოჯახის წევრებს და მათ ბელა ბერიკელაშვილის სახელობის ჯილდო -„BELA AWARD“ გადასცა. აღნიშნული ჯილდო დღეიდან პროკურორებს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის გადაეცემათ.
საქართველოს პროკურატურა მადლობას უხდის ევროკავშირის პროექტს „სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ და მის ხელმძღვანელს - ქალბატონ რენატე ვინტერს გამოჩენილი ინიციატივისთვის, ასევე ყველა იმ ადამიანს ვინც წვლილი შეიტანა იდეის განხორციელებაში და ჯილდოს დიზაინის შექმნაში, განსაკუთრებით კი ახალგაზრდა ხელოვანს - ოთარ ცაგარეიშვილს, რომელსაც ეკუთვნის ჯილდოზე დატანილი ნახატი.