თურქმენეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი თურქმენეთის პრეზიდენტს გურბანგულ ბერდიმუჰამედოვს შეხვდა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრისას ორივე ქვეყნის პრეზიდენტებმა საქართველო-თურქმენეთის გააქტიურებული პოლიტიკური დიალოგის მხარდაჭერის საკითხი დაადასტურეს და გასული წლის მუშაობის შედეგები შეაჯამეს.
როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, ქვეყნებს შორის გააქტიურებულმა პოლიტიკურმა ურთიერთობებმა ასახვა ჰპოვა ეკონომიკურ თანამშრომლობაზეც, მნიშნელოვნად გაიზარდა სავაჭრო ბრუნვა, ტურისტების რაოდენობა, ინვესტიციები. 2015 წლის 10 თვის მონაცემების მიხედვით, საქართველო თურქმენეთს შორის სავაჭრო ბრუნვა, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, 63 პროცენტითაა გაზრდილი.
საქართველოს პრეზიდენტმა გურბანგულ ბერდიმუჰამედოვს „აღმოსავლეთ - დასავლეთის“ გაზსადენის პროექტის განხორციელება მიულოცა და აღნიშნა, რომ საქართველოსათვის, როგორც სატრანზიტო ქვენისთვის, ამ გაზსადენის ამუშავება ევროპაში თურქმენული გაზის შემდგომი ტრანსპორტირების წინაპირობას ქმნის.
პრეზიდენტის განცხადებით, საქართველო წარმოადგენს ე.წ. „სამხრეთის გაზის დერეფნის“ აქტიურ მონაწილე მხარეს, რომლის სრულმასშტაბიანი ამოქმედებისათვის თურქმენეთის ნახშირწყალბადების რესურსს დიდი მნიშვნელობა აქვს. აქედან გამომდინარე, საქართველო სრულად უჭერს მხარს მიმდინარე წლის მაისში მიღებულ „აშხაბადის დეკლარაციას“ და მიესალმება ტრანს-კასპიური მილსადენის მშენებლობის ხელშეწყობის მიზნით ევროკავშირის ინიციატივით სამუშაო ჯგუფის შექმნას.
საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ „აბრეშუმის“ გზა“ თურქმენეთსა და საქართველოს შორის უფრო ფართო სატრანსპორტო თანამშრომლობის პერსპექტივას ქმნის.
პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, პროექტის «Lapis Lazuli» მნიშვნელობას, რომელიც წარმოადგენს ავღანური მხარის ინიციატივას, რომელიც მიზნად ისახავს ავღანეთს, თურქმენეთს, აზერბაიჯანს, საქართველოსა და თურქეთს შორის სატრანსპორტო, სატრანზიტო და სავაჭრო ურთიერთობების განვითარებას.
საქართველოს პრეზიდენტმა კონფლიქტური რეგიონებში არსებული ვითარების შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკა უნდა გააგრძელოს.
გიორგი მარგველაშვილმა თურქმენეთის პრეზიდენტს საჩუქრად კავკასიური ნაგაზი გადასცა.
საქართველოს პრეზიდენტი თურქმენეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან ორმხრივ შეხვედრებს გამართავს - მათ შორის თურქმენეთის პრეზიდენტ გურბანგულ ბერდიმუჰამედოვთან, თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანთან, ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტთან აშრაფ ღანისთან, მოლდოვას რესპუბლიკის პრეზიდენტთან ნიკოლაე ტიმოფტისთან და ყირგიზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ ალმაზბეკ ატამბაევთან, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარის მოადგილე ლი იუანჩაოსთან და ირანის პირველ ვიცე-პრეზიდენტ ეშაკ ჯაჰანგირთან.
12 დეკემბერს კი საქართველოს პრეზიდენტი თურქმენეთის ნეიტრალიტეტის 20 წლისთავისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს.