პარლამენტის ორი კომიტეტი ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურს წინადადებით მიმართავს. როგორც პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ხმალაძემ აღნიშნა, იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სურვილია გაიზარდოს იურიდიული დახმარების სამსახურის საშტატო ერთეული ხუთი ადამიანით.
"მინდა მივმართო ფინასთა მინისტრს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტისა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის საერთო წინადადებით. საქმე ეხება იურიდიული დახმარების სამსახურს. ბოლო ერთი წლის განმავლობაში გაიზარდა ის სფერო, იმ ადამიანთა წრე, რომელთაც უფასო დახმარებას უწევს იურიდიული დახმარების სამსახური. გაითვალისწინა ხელისუფლებამ და მოხდა ამ სამსახურისთვის დაფინანსების გაზრდა, რაც კარგი გადაწყვეტილებაა. იმედი მაქვს, მომავალ წელს კიდევ უფრო მოხერხდება ამ მხრივ სიტუაციის გაუმჯობესება. ჩვენი წინადადება შეეხება შემდეგს: იმ გაზრდილი 400 ათასიდან გთხოვთ, რომ ხუთი საშტატო ერთეულით გაიზარდოს დასაქმებულთა რაოდენობა და შესაბამისად იმ 400 ათასიდან 100 ათასი გადატანილ იქნას შრომითი ანაზღაურების მუხლში. მთლიანობაში აღნიშნული სამსახურის დაფინანსების რაოდენობა არ იცვლება, მაგრამ ეს საშუალებას მისცემს იურიდიული დახმარების სამსახურს, უკეთ შეძლოს თავისი ფუნქციის შესრულება", - განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ.
პარლამენტში 2016 წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით განხილვები მიმდინარეობს. სხდომას ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ესწრება