ფრაქცია „პეტრო პოროშენკოს ბლოკმა“ უმაღლესი რადას დეპუტატი ოლეგ ბარნა, პრემიერ-მინისტრ არსენ იაცენუკზე მომხდარი თავდასხმის შემდეგ საკუთარი რიგებიდან გარიცხა.
ფრაქციის პრესმდივნის ტარას პასტუშენკოს ინფორმაციით, გადაწყვეტილება ხმათა უმრავლესობით მიიღეს.
თავის მხრივ, დეპუტატმა ბარნამ, საპარლამენტო სხდომაზე, სადაც მისი პასუხისმგებლობის საკითხი განიხილებოდა განაცხადა, რომ მან ფრაქცია დატოვა.
შეგახსენებთ, რომ „პეტრო პოროშენკოს ბლოკის“ ერთ-ერთი დეპუტატი ოლეგ ბარნა, რომელიც მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების მიზნით ხელმოწერებს აგროვებს, ტრიბუნასთან მივიდა, პრემიერ-მინისტრს წითელი ვარდები მიართვა, მოჰკიდა მას ხელი და ტრიბუნიდან ძალით გაიყვანა. აღნიშნულ ინციდენტს რადაში ხელჩართული ჩხუბი მოჰყვა.
ინციდენტის შემდეგ, ფრაქციის ლიდერმა იური ლუცენკომ, მომხდარის გამო, ფრაქციის სახელით ბოდიში მოიხადა.