ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის განცხადებით, ოპონენტების ბრალდება, თითქოს ხელისუფლება მილიარდობით ვალს იღებს, სიმართლეს არ შეესაბამება.
როგორც ფინანსთა მინისტრმა საშემოდგომო სესიის პლენარული სხდომაზე 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტის წარდგენისას განაცხადა, 2012 წლის შემდეგ საგარეო ვალი შემცირდა.
"სახელმწიფო ვალი მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში 2016 წლის ბოლოსათვის იქნება 46,2%. ოპონენტებისგან ხშირად ისმის, თითქოს ბოლო წლებში ხელისუფლების მიერ მილიარდობით ვალის აღება ხდება. ეს რა თქმა უნდა, არასწორი ინფორმაციაა. 2012 წელს ჩავიბარეთ 4 მილიარდ 357 მილიონი დოლარის რაოდენობის ვალი. დღეისათვის ჩვენ გვაქვს ვალი 4 მილიარდ 200 მილიონი დოლარი. საგარეო ვალი შემცირებულია 157 მილიონი დოლარით", - აღნიშნა ხადურმა.
ფინანსთა მინისტრის თქმით, დაგეგმილია ასევე საბიუჯეტო დეფიციტის შემცირებაც.
"მაკროეკონომიკურ მაჩვენებელს წარმოადგენს საბიუჯეტო დეფიციტის კლებითი მოცულობა. 2016 წლისთვის აღნიშნული მაჩვენებელი მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში 3-4 %-ის ფარგლებში. დაგეგმილია საბიუჯეტო კლების შენარჩუნება. ვფიქრობთ, რომ 2019 წლისთვის დაახლოებით, 2%-ის მაჩვენებელზე შევაჩეროთ", - აღნიშნა ხადურმა.