შეწყალების კომისიის თავმჯდომარის ზვიად ქორიძის თქმით, ის სრულყოფილად მიაწვდის გამოძიებას იმ ინფორმაციას, რომელიც პატიმართა შეწყალების საქმეზე აქვს.
შეწყალების კომისიის თავმჯდომარე დეპუტატ ეკა ბესელიას განცხადებასაც გამოეხმაურა. ქორიძე მოუწოდებს პოლიტიკოსებს დააცადონ პროკურატურას გამოძიება, რის საფუძველზეც დადგინდება ვინ ცრუობს.
"ბატონი ალეკოს ჩვენების რა დეტალები იცის ქალაბტონმა ეკამ, ან იცის თუ არა საერთოდ, ან რატომ უნდა იცოდეს დეპუტატმა გამოძიებისთვის მიცემული ჩვენების დეტალები და რა არის ამ ჩვენებაში სიცრუე ან სიმართლე, ან რა იცის მან, როგორ დაადგინა ეს ყველაფერი? მაქსიმალურად შეიკავონ თავი ამ ადამიანებმა და აცალონ გამოძიებას. რა თქმა უნდა, მე მივალ გამომძიებელთან პროკურატურაში და ყველა იმ კითხვაზე, რომელიც მათ აწუხებთ, მივცემ ამომწურავ პასუხს", - განაცხადა ზვიად ქორიძემ.
ზვიად ქორიძეს პროკურატურაში დღეს 17:00 საათზეა დაბარებული.
შეგახსენებთ, რომ მთავარმა პროკურატურამ სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით, რაც ზეგავლენით ვაჭრობას გულისხმობს, გამოძიება რამდენიმე დღის წინ დაიწყო.
გამოძიების დაწყების მიზეზი შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარის, ალეკო ელისაშვილის განცხადება გახდა. ელისაშვილი აცხადებს, რომ "ქართული ოცნების" ზოგიერთი მაღალჩინოსანი კონკრეტული პატიმრების შეწყალებით არის დაინტერესებული, რის გამოც ისინი შეწყალების კომისიის თავმჯდომარეობის პერიოდში მასზე ზეწოლას ახორციელებდნენ.