ჟენევაში, საერთაშორისო მოლაპარაკებების 34-ე რაუნდის ფარგლებში, დღეს მორიგი შეხვედრა გაიმართება.
შეხვედრაზე საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ყურადღებას რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის გაფორმებულ ე.წ. სამხედრო შეთანხმებაზე გაამახვილებენ.
ქართული დელეგაცია ასევე დააყენებს საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებიდან ადგილობრივთა გატაცებასა და გალის რაიონის სკოლებში ქართული ენის სწავლების აკრძალვასთან დაკავშირებულ საკითხებს.
როგორც შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილე ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა, საუბარი შეეხება ბოლო პერიოდში რეგიონში შექმნილ ვითარებას და ამასთან დაკავშირებით რუსეთის ქმედებებსაც.
"ე.წ. შეთანხმებები, რომლებიც გაფორმდა დე ფაქტო სოხუმთან სამხედრო თვალსაზრისით, იძლევა იმის საფუძველს, რომ გაჩნდეს ბევრი კითხვა, თუ რას ემსახურება ეს ყველაფერი. ცხადია, ამ კონტექსტში განსაკუთრებით აქტიურდება საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმების საჭიროება. რაც შეეხება ჰუმანიტარულ სამუშაო ჯგუფს, ამ შემთხვევაში, ცხადია, მთავარი საკითხი არის დევნილების თემა", - განაცხადა ციხელაშვილმა.
სახელმწიფო მინისტრის მოადგილის კომენტარს "რუსთავი 2" ავრცელებს.