საქართველოსა და ევროკავშირს შორის ვაჭრობის საკითხებზე ასოცირების კომიტეტის მეორე სხდომა გაიმართა.
ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კომიტეტის ქართული მხარის შემადგენლობას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე ხელმძღვანელობდა, ხოლო ევროკავშირის შემადგენლობას - ევროკომისიის ვაჭრობის გენერალური დირექტორატის წარმომადგენელი ლუკ დევინი.
საქართველოს მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა სამთავრობო უწყებების წარმომადგენლებმა.
"კომიტეტმა განიხილა ისეთი საკითხები, როგორიცაა ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) განხორციელების კოორდინაცია, საბაჟოსა და ვაჭრობის ხელშეწყობა, საქონლით ვაჭრობა, ინტელექტუალური საკუთრების უფლებები, ვაჭრობასთან დაკავშირებული ენერგეტიკის საკითხები, ტექნიკური ბარიერები ვაჭრობაში, საჯარო შესყიდვები, მომსახურებით ვაჭრობა, სანიტარიული და ფიტოსანიტარიული ზომები, კონკურენცია, ვაჭრობა და მდგრადი განვითარება", - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, შესაბამისმა უწყებებმა ევროკავშირის წარმომადგენლებს ინფორმაცია მიაწოდეს თითოეულ სფეროში DCFTA-ით აღებული ვალდებულებების შესაბამისად განხორციელებული და მიმდინარე რეფორმების შესახებ.
ევროკავშირის მხარემ საქართველოს მიერ DCFTA-ით აღებული ვალდებულებების შესრულების მდგომარეობა დადებითად შეაფასა.