არის შემთხვევები, როდესაც ცალკეული პოლიტიკოსის მხრიდან საკმაოდ არაჯანსაღი ინტერესი არსებობს ამა თუ იმ მსჯავრდებულის შეწყალებასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ზვიად ქორიძემ გუშინ განუცხადა.
ქორიძე შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარის, საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა იმის თაობაზე, რომ მას რიგი პოლიტიკოსი კონკრეტული მსჯავრდებულის შეწყალების თხოვნით მიმართავდა და არ უარყო, რომ მსგავს შემთხვევებს კომისიაში მისი თავმჯდომარეობის დროსაც აქვს ადგილი.
"როდესაც ცალკეული დეპუტატისგან, პოლიტიკოსისგან, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლისგან კონკრეტული წერილები მოგვდის, ეს ნორმალურად მიგვაჩნია, იმიტომ, რომ მსჯავრდებულები მათაც მიმართავენ და ისინი წერილებს ჩვენთან ამისამართებენ. თუმცა, ხშირად გაუგებარი რჩება განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ კონკრეტული მსჯავრდებულის საქმე განსახილველია იმიტომ, რომ იგი უსამართლოდ იმყოფება საპატიმრო დაწესებულებაში - ჩვენ სამართლიანობის აღდგენის მექანიზმი არ ვართ, ჩვენ ვართ შეწყალების მექანიზმი. ასევე არის ცალკეული შემთხვევა, როდესაც საკმაოდ არაჯანსაღი ინტერესი არსებობს ამა თუ იმ მსჯავრდებულის მიმართ. ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ არაჯანსაღი დაინტერესება კონკრეტული მსაჯავრდებულის "გინდა თუ არა შეწყალებასთან" დაკავშირებით, აღძრავს დამატებით კითხვებს, ეჭვებს და ამაზე აუცილებლად უნდა იყოს საზოგადოებაც ინფორმირებული, იმიტომ, რომ არ შეიძლება დაჟინებით ერთი და იმავე მსჯავრდებულების თემით იყოს დაინტერესებული პოლიტიკოსი ამდენი წლის განმავლობაში", - აღნიშნა ქორიძემ, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რომელი პოლიტიკოსები იჩენენ კონკრეტული მსჯავრდებულების შეწყალების მიმართ "არაჯანსაღ დაინტერესებას".
შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ფიქრობს, რომ აუცილებელია სამართალდამცავები დაინტერესდნენ მაშინ, როცა "კითხვები ჩნდება", თუმცა მისივე განმარტებით, "ასე იშვიათად ხდება".
"მე თავს შევიკავებ კონკრეტული პოლიტიკოსების და ბრალდებულების დასახელებისგან, თუმცა არაერთხელ გამიკეთებია მინიშნება ცალკეული უწყების მიმართ, რომ როდესაც კითხვის ნიშნები ჩნდება, აუცილებელია სამართალდამცავი ორგანოები დაინტერსდნენ. სამწუხაროდ ეს ძალიან იშვიათად, ან საერთოდ არ ხდება, ამიტომ კითხვის ნიშნები რჩება", - განმარტა შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ.
მედიასთან გაკეთებული აღნიშნული განცხადების შემდეგ ზვიად ქორიძე დაკითხვაზე დაიბარეს, თუმცა ის თბილისში არ იმყოფება. დაკითხვაზეა დაბარებული შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილიც, რომელიც საგამოძიებო უწყებაში დღეს გამოცხადდება.