"სარეკრეაციო ზონის სტატუსი 2 400 000 მ2 მიწის ფართობზე მეტს მიენიჭა"

დავით ნარმანიას განცხადებით, 2 400 000 2 მიწის ფართობზე მეტს მიენიჭა სარეკრეაციო ზონის სტატუსი, გაფართოვდა ბოტანიკური ბაღის ტერიტორია, თბილისის ზღვაზე კი დაიწყო დენდროლოგიური პარკის მოწყობა. 
როგორც თბილისის მერმა ერთწლიანი მუშაობის შეჯამებისას აღნიშნა, თბილისის მასშტაბით, 2014 წლის შემოდგომიდან დღეის მდგომარეობით, უკვე 500 000-მდე ხე არის დარგული.

"2 400 000 მ2 მიწის ფართობზე მეტს მიენიჭა სარეკრეაციო ზონის სტატუსი. გაფართოვდა ბოტანიკური ბაღის ტერიტორია, თბილისის ზღვაზე დაიწყო დენდროლოგიური პარკის მოწყობა. განსაკუთრებით მოხარულები ვართ, გაცნობოთ, რომ ვერეს ხეობას მიენიჭა სარეკრეაციო ზონის სტატუსი და მზიურის ტერიტორიისა და მთლიანად ხეობის განვითარება მხოლოდ აღნიშნული სტატუსის ფარგლებში განხორციელდება, რაც იმას ნიშნავს, რომ იქ საცხოვრებელი კორპუსები აღარ აშენდება. თბილისის მასშტაბით, 2014 წლის შემოდგომიდან დღეის მდგომარეობი, უკვე 500 000-მდე ხე არის დარგული, 2016 წლის გაზაფხულის ჩათვლით, ორი წლის განმავლობაში, ქალაქის ტერიტორიაზე დარგული იქნება 632 000 ძირი ნერგი, რაც 11-ჯერ აღემატება წინა 5 წლის განმავლობაში დარგული ნერგების რაოდენობას", - განაცხადა ნარმანიამ. 

ამასთან, ნარმანიას განცხადებით, ქალაქის ტერიტორიაზე წლების განმავლობაში მიმდინარეობდა ქაოტური განაშენიანება, ვინაიდან 2009 წლიდან მოქმედი გენერალური გეგმა არ ეფუძნებოდა მთავარ კრიტერიუმებს, რომლის გარეშეც ქალაქის სწორად განვითარება შეუძლებელია.

"ჩვენ საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია PWC-სთან ერთად, ჩავატარეთ კონკურსი თბილისის მიწათსარგებლობის ახალი გენერალური გეგმის შემუშავებაზე. გამარჯვებული კონსორციუმი დაახლოებით ერთ წელიწადში წარმოადგენს კონცეფციას, რომელიც დაეფუძნება ისეთ მნიშვნელოვან კომპონენტებს, როგორიცაა: ჯანმრთელი ქალაქი, მწვანე ქალაქი,  საცხოვრებლად მოსახერხებელი ქალაქი, კომპაქტური, რესურს – დამზოგავი და “ჭკვიანი ქალაქი”, ბუნებრივი და ისტორიულ-კულტურული უნიკალურობის შენარჩუნებაზე ორიენტირებული ქალაქი. თბილისი ხდება მეტად ორიენტირებული ფეხით მოსიარულეებზე, ასევე მოეწყობა ველობილიკები. ყველას მოგეხსენებათ, რომ თბილისის ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევად უკვე წლებია საზოგადოებრივი ტრანსპორტი რჩება. სწორედ ამიტომ, აღნიშნული მიმართულებით ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან და 2016 წლიდან თბილისის ავტო-პარკს 200-მდე ახალი ავტობუსი შეემატება. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ქალაქის ეკოლოგიული მდგომარეობის გაუმჯობესებაზე. სწორედ ამ მიზნით, პირველად ქალაქის ისტორიაში, შემუშავდა გარემოსდაცვითი სტრატეგია, რომლის მიზანიცაა თბილისის გარემოს მდგრადი და ინტეგრირებული მართვის სისტემის ჩამოყალიბება, რაც უზრუნველყოფს თბილისში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას", - განაცხადა ნარმანიამ.