„ატსტუპნიკებმა“ შიმშილობა დაიწყეს

„ატსტუპნიკებმა“ შიმშილობა დაიწყეს

პარლამენტის შენობასთან ე.წ. „ატსტუპნიკების“ აქცია გაიმართა, სადაც მათ შიმშილობის დაწყებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთეს. ბინების უპირობო დამტკიცების მიზნით, პირველ ეტაპზე, ხუთმა „ატსტუპნიკმა“ გამოაცხადა შიმშილობა. ისინი აცხადებენ, რომ მოგვიანებით მათ სხვა „ატსტუპნიკებიც“ შეუერთდებიან, რადგან პრობლემა კომპლექსურია და მარტო დედაქალაქში 40 ათას ოჯახს მოიცავს. საქართველოს მასშტაბით კი „ატსტუპნიკების“ რიცხვი გაცილებით მეტია.

მიუხედავად იმისა, რომ „ატსტუპნიკებს“ ხელისუფლებამ 2012 წლის იანვრამდე არსებული შეზღუდვა მოუხსნა და მათ ბინების გამოსყიდვის უფლება მისცა, „ატსტუპნიკები“ აცხადებენ, რომ სასამართლოსთვის მიმართვასა და ადვოკატის აყვანას მძიმე სოციალური პირობების გამო ვერ ახერხებენ. გარდა ამისა, ერთხელ უკვე შეძენილი და საკუთარ მფლობელობაში წლების მანძილზე არსებული ბინის საფასურის 25 %-ის გადახდა მათ ფინანსურ შესაძლებლობებს აღემატება. მათ მდგომარეობას ისიც ართულებს, რომ საბჭოთა პერიოდში შეძენილი ბინების დამადასტურებელი საბუთები არ აქვთ, რადგან იმ დროს ნოტარიუსი არ არსებობდა და ბინის შეძენა ორი მოწმის თანდასწრებით ხდებოდა, რაც სახლის მეპატრონის სინდისიერებაზე იყო დამოკიდებული. 

იმის მიუხედავად, რომ მეპატრონეები თავის დროზე „ატსტუპნიკებისგან“ სოლიდურ თანხას იღებდნენ, (რადგან, ცხადია, უფასოდ თავიანთ სახლებში არავის აცხოვრებდნენ), მოგვიანებით უკვე ოფიციალური საბუთის არარსებობით სარგებლობდნენ და ე.წ. „ატსტუპნიკებს“ გაყრით ემუქრებოდნენ. სამკვდრო-სასიცოცხლო დავები წლობით გრძელდებოდა და დაზარალებული ყოველთვის „ატსტუპნიკი“ გამოდიოდა.  

Presage.tv პარლამენტის წინ შეკრებილ „ატსტუპნიკებს“ ესაუბრა. როგორც გაირკვა, ამინდის გაუარესების გამო, ისინი შიმშილობის დაწყებას პარლამენტის წინ ვეღარ შეძლებდნენ, ამიტომ პარტია „მომავალი საქართველოს“ ლიდერის, გიორგი ლაღიძის ოფისს შეეკედლნენ და მის ერთ ოთახში გამოაცხადეს შიმშილობა.  

გიორგი ლაღიძის თქმით, მართალია, ამ ადამიანებს ბინების გამოსყიდვის უფლება უვადოდ მისცეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ პრობლემა გადაწყვეტილია. 

„უკვე სამი თვეა, ბინათმოსარგებლეების აქცია მიმდინარეობს. აქციები კვლავაც გაგრძელდება. მოშიმშილეთა რიცხვს სხვა ადამიანებიც შეუერთდებიან ერთადერთი მოთხოვნით, უპირობოდ დაუკანონდეთ ის ფართები, რომლებიც წლების წინ სრულიად კანონიერად შეიძინეს და მათში ფული გადაიხადეს. ხოლო სასამართლოს გზა, რასაც ხელისუფლება მათ სთავაზობს, სამარცხვინოა, რადგან ამ ადამიანებს თანხები არ აქვთ“, - აცხადებს გიორგი ლაღიძე. 

აქვე იგი ეხმაურება მერიის წარმომადგენელს, სევდია უგრეხელიძეს, რომლის თქმითაც, თურმე „ატსტუპნიკების“ პრობლემა ამოწურულია და თითქოს ისინი, კანონის შესაბამისად, მესაკუთრეებთან თანაბარ მდგომარეობაში არიან. 

„ასე ნამდვილად არ არის. ეს ადამიანები მიიჩნევენ, რომ მათი უფლებები ირღვევა და ბრძოლის გაგრძელებას აპირებენ. ამ ხელისუფლებამ უნდა იცოდეს, რომ გაჩერებას არავინ აპირებს, ეს ტალღა უფრო აგორდება და, საბოლოოდ, ამ ადამიანების გამარჯვებით დასრულდება“. 

Presage.tv მოშიმშილე „ატსტუპნიკებს“ შეხვდა. ციური პატურაშვილის თქმით, მან შიმშილობის დაწყების გადაწყვეტილება მიიღო, რადგან დაუკანონებელი ბინების დაკანონება ამდენი ხნის მანძილზე ვერ მოახერხა. 

„მთავრობა რეაგირებას არ ახდენს. ჩვენ ისევ ჰაერში ვართ, როგორც - ადრე. უბრალოდ, შეეცადნენ, გავეჩერებინეთ. სასამართლოს მიმართეთო, რომ გვეუბნებიან, იცით, სასამართლოს რამდენი ფული სჭირდება? მარტო ადვოკატს, სულ მცირე, 1000 დოლარი უნდა გადავუხადოთ. სევდია უგრეხელიძეს სამ-ოთხგან აქვს ბინები და მისთვის 1000 დოლარი არაფერია. ფული რომც მქონდეს, არ შემიძლია პირდაპირ გადავიხადო და დავიკანონო ჩემი ბინა, რადგან პირველად ჩემმა მფლობელმა უნდა იყიდოს და მე კაპიკები მომცეს, რითაც ერთი ოთახიც არ მომივა. უპირატესობა ისევ მფლობელს ენიჭება და რანაირად ვართ თანაბარ მდგომარეობაში?!“

ციური პატურაშვილი ამბობს, რომ, პირველ რიგში, მას უნდა მისცენ ბინის გამოსყიდვის უფლება და, თუკი იგი ვერ გადაიხდის, მერე იყიდოს მეპატრონემ. 

„ჩვენ 25 %-ის გადახდას გვთხოვენ, მეპატრონემ კი 75 % უნდა გადაიხადოს. ლევან სამხარაულის ბიურო ჩვენს ბინებს ძალიან იაფად აფასებს, კვადრატული მეტრი ჩემი ბინა სპორტის სასახლესთან 400 დოლარი ღირს. 50 წელს ვიყიდეთ ეს ბინა. შიმშილობის დაწყების გადაწყვეტილება იმიტომ მივიღე, რომ ჩემს შვილებს ბინა თუ არ ექნება და ქუჩაში აღმოჩნდებიან, რაღად მინდა ასეთი სიცოცხლე?!“  
გულნარა ჯავახიშვილი აცხადებს, რომ მას არ აქვს შესაბამისი თანხა, რომ ერთხელ ნაყიდი ბინა ხელმეორედ შეისყიდოს. 

„ერთხელ რომ შევისყიდეთ, საკმარისი არ იყო? თანაც ისეთი ხალხისგან, რომლებმაც არც კი იციან, მათი მშობლები სად არიან დამარხულნი?! ჩემს მეპატრონეს მამის საფლავი არ აინტერესებს, მხოლოდ მისი ბინა უნდა, რათა ხელმეორედ გაყიდოს და ფული აიღოს. კი ბატონო, სევდია უგრეხელიძესთან უფასო იურიდიული დახმარების გაწევა შემოგვთავაზეს, მაგრამ ამის შემდეგ სასამართლო გვჭირდება. ამდენი თანხა არ გვაქვს, რომ 25 % დავფარო, 10-12 ათასს შეადგენს და საიდან გადავიხადო? არადა, თავის დროზე, როცა ფული ფულობდა, ჩემმა მამამთილმა შინაურული საბუთით იყიდა ბინა. მაშინ უბრალო საბუთები ფორმდებოდა“.  

ანა ქავთარაძე საშუალო სკოლის დასრულებისთანავე, 58 წლიდან თბილისში, ყოფილი ფიზკულტურის ქუჩაზე ცხოვრობს. თუმცა დღეს ბინის წართმევით ემუქრებიან. 

„ორჯერ შევიძინე ბინა. პირველად რაც შევძელით, ის ვიყიდეთ და, მოგვიანებით, ჩვენს წინ კიდევ იყო ადგილი, სამი შვილი მყავდა და სივიწროვის გამო ახალი ფართი დავიმატეთ. მეპატრონეებმა ძალიან კარგად იციან, როგორც მაქვს შეძენილი და აშენებული, მაგრამ 18-ჯერ დამინგრიეს სახლი, მოგვიცვივდებოდნენ მილიციიდან, აკვანში მყავდა ბავშვი და მაინც არ ეპუებოდნენ. რა ვქნა, ამ ასაკში შიმშილობის დაწყებას ვაპირებ. დღეს აღარც სახლი მეკუთვნის, აღარც კარი, გარეთ მაგდებენ. პენსიაზე ვცხოვრობ, გადასახადებს ვერ ვიხდი, დახმარებაც მომიხსნეს, საიდან გადავუხადო სახლის მეპატრონეს ამხელა თანხა? რის ადვოკატი? ჩემი მეპატრონე მეუბნებოდა, უსახლკაროდ არ დარჩებიო, მაგრამ კანონი ახლა იმათკენაა და გიჟები ხომ არ არიან, ჩვენი მხარე დაიჭირონ?!“

ბაქრაძის ქუჩაზე მცხოვრები კოტე გვენეტაძეც შიმშილობის დაწყებას აპირებს. მართალია, იცის, რომ ამით მთავრობას გულს ვერ მოულბობს, მაგრამ სხვა გზა არ დარჩენია. მეუღლე ბინაზე დარდს გადაჰყვა, ახლა კოტე გვენეტაძე და მისი ვაჟი სადაო ბინაში ცხოვრობენ. მისი თქმით, ხელისუფლებას სულაც არ აინტერესებს, რომ „ატსტუპნიკების“ დავა მოგვარდეს.

„ერთხელ უკვე გადავიხადეთ თანხა, აბა, ჩემი თვალებისთვის ვერაზე ბინას მომცემდნენ? ფული გადავიხადე, სახლის მეპატრონემ მაშინდელ მილიციაში წამიყვნა და 1992 წელს ჩაგვწერა მე და ჩემი ცოლ-შვილი. მაშინ 450 ათასი მანეთი მივეცი, პატარა ბინაა, 40 კვადრატული მეტრი. ამის ხელწერილი მაქვს, იმ დროს ბეჭდიანი საბუთი არ არსებობდა, რასაც სახლის მეპატრონეები თავადაც აღიარებენ. ჩვენთან ეზოში სამი მესაკუთრეა, „გეობრაზნი“ ბინაა, თავისი მიშენებებით, ხუხულასავითაა. მეპატრონეებმა თავადაც არ იციან, ვისი რომელი ფართია და რომელი ოთახი რომელ მცხოვრებს ეკუთვნის. ახლა მეუბნებიან, მე რა ვიცი, ვისი ბინა იყო, ცარიელი იყო და იმიტომ ჩაგწერეო. თუ ცარიელი იყო, რაღას მთხოვს ბინას უკან? ვთქვათ, იმ 25 %-ის გადამხდელი ვარ, ვის გადავუხადო, როცა მესაკუთრეებმა თავადაც არ იციან, რომელი ფართი რომელ მობინადრეს ეკუთნის?!“