ხვალინდელ პროცესზე სოფო ნიკოლაშვილი ისევ მამუკა ნოზაძემ შეიძლება დაიცვას

ხვალინდელ პროცესზე სოფო ნიკოლაშვილი ისევ მამუკა ნოზაძემ შეიძლება დაიცვას

გურჯაანის რაიონულ სასამართლოში ხვალ, 16 მარტს ჟურნალისტ სოფო ნიკოლაშვილის ინტერესები შესაძლოა, კვლავ მამუკა ნოზაძემ დაიცვას. ამის შესახებ presage.tv-ს თავად ადვოკატმა განუცხადა, რომელიც ნიკოლაშვილის საქმეს ორი კვირის წინ ჩამოცილდა.

„სოფო ნიკოლაშვილს დანაშაული არ უღიარებია, რის შესახებაც განცხადება არაერთხელ გავაკეთე. ჩემთვის ცნობილი არ არის რა მიზეზით ვიქენი საქმეს ჩამოშორებული. თუმცა, ოჯახმა მომსახურებისთვის მადლობა გადამიხადა. შესაძლებელია საქმიდან ჩემი ჩამოშორების მიზანი იყო პროკურატურის მხრიდან რაიმე გარიგების შეთავაზება.

გამორიცხული არ არის ნიკოლაშვილის საქმეში კვლავ ჩავერთო (რის შესაძლებლობასაც კანონი მაძლევს) და ხვალინდელ პროცესზე სოფო ნიკოლაშვილის ინტერესების დაცვა გავაგრძელო“, - გვითხრა ადვოკატმა მამუკა ნოზაძემ.

შეგახსენებთ, რომ ჟურნალისტი სოფო ნიკოლაშვილი განზრახ მკვლელობის მცდელობისა და იარაღის უკანონო ტარების მუხლითაა დაპატიმრებული. ადვოკატ მამუკა ნოზაძის განმარტებით, საქმის ფაქტობრივი გარემოებები უტყუარად ადასტურებს იმას, რომ ესაა მიზანმიმართული პროვოკაცია, ჩადენილი სოფო ნიკოლაშვილისა და მისი ოჯახის მიმართ, რადგან სოფო ნიკოლაშვილის მამა არის გურჯაანის რაიონში პოლიტიკურად აქტიური ადამიანი - ბიძინა ივანიშვილის “ქართული ოცნების“ მხარდამჭერი, რომელმაც ივანიშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნით რამდენიმე ათასი ხელმოწერა შეაგროვა, რაც ადგილობრივი ხელისუფლებისთვის და კახეთის რეგიონის ხელმძღვანელობისთვის ცნობილი იყო.

სოფო ნიკოლაშვილის საქმეში დაზარალებულად ცნობილი გიორგი სიბაშვილის ბიძა არჩევნებში მაჟორიტარული წესით “ნაცმოძრაობიდან“ გურჯაანში კენჭს იყრიდა, მაგრამ იგი დამარცხდა, რაშიც მამუკა ნოზაძის თქმით უდიდესი წვლილი მიუძღვის სოფო ნიკოლაშვილის მამის აქტიურ ოპოზიციონერობას - “შესაბამისად, ამ ოჯახზე სიბაშვილები თავიდანვე გადამტერებულები იყვნენ“.

დაზარალებულად ცნობილი გიორგი სიბაშვილი, რომელიც მუშაობს კახეთის სამხარეო პოლიციაში, ადვოკატ მამუკა ნოზაძის განმარტებით ნდობაში შევიდა 20 წლის ჟურნალისტ გოგონასთან და 2011 წლის 2 ნოემბერს ძალადობრივი მეთოდების გამოყენებით გააუპატიურა, რის შემდეგაც ფოტოები გადაუღო. როდესაც სოფო ნიკოლაშვილი გონზე მოვიდა, სიბაშვილმა გადაღებული კადრები აჩვენა და თანამშრომლობა, კერძოდ, ინფორმაციის მიწოდება მოსთხოვა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ ფოტოების ინტერნეტში განთავსებით დაემუქრა:

“მას სიბაშვილისთვის არანაირი ინფორმაცია არ მიუწოდებია და სწორედ ამაში ვლინდება დანაშაულის პროვოცირება - გიორგი სიბაშვილისთვის ცნობილი იყო ის ფაქტი, რომ სოფო ნიკოლაშვილის მამას, დავით ნიკოლაშვილის ჰქონდა ცეცხლსასროლი იარაღი გაფორმებული. მოგეხსენებათ, ამ კუთხით მონაცემთა ბაზა პოლიციელისთვის ადვილად ხელმისაწვდომია. სიბაშვილმა სოფო ნიკოლაშვილს სთხოვა ენახვებინა მამამისის კუთვნილი ტაბელური იარაღი.      

იმის შიშით რომ გადაღებული ფოტოები არ გავრცელებულიყო, სოფო ნიკოლაშვილი ამაზე დათანხმდა. 31 იანვარს სიბაშვილმა სოფო ნიკოლაშვილი მანქანაში ჩაისვა, დასახლებული პუნქტიდან მოშორებით გაიყვანა, სადაც ხალხი არ იყო, სიბაშვილმა ამ იარაღიდან რამდენჯერმე ჰაერში გაისროლა, შემდეგ ნიკოლაშვილი პოლიციაში მიიყვანა და განაცხადა, რომ ვითომდა ნიკოლაშვილმა მისი მოკვლა სცადა“.