თბილისში, მტკვირის მარჯვენა სანაპიროზე მარჯვენასაჭიანი ავტომობილების მძღოლებისა და დილერების საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის ლოზუნგია: "მე არ ვარ საშიში".
აქციის მონაწილეების განცხადებით, ის მიზეზები, რომლითაც ხელისუფლება აპირებს აკრძალოს მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რეგისტრაცია, გაუმართლებელია.
როგორც აქციის მონაწილეებმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, იაპონური მანქანები არის უსაფრთხო, ასევე, არ ქმნის პრობლემას ეკოლოგიურობის კუთხით და შესაბამისად, ხელისუფლებისგან აღნიშნული გადაწყვეტილება, რომ გააუქმოს მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რეგისტრაცია, სრულიად მიუღებელია.
მძღოლებმა და დილერებმა პროტესტის ნიშნად საავტომობილო გზის პირველ ზოლში, რამდენიმე კილომეტრზე გააჩერეს საკუთარი ავტომობილები და გააკეთეს უწყვეტი ჯაჭვი. ჯაჭვი მშრალი ხიდიდან იწყებოდა და თამარ მეფის ხიდამდე გრძელდებოდა.
ამასთან, მძღოლებმა და დილერებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს და ხელისუფლებას რამდენიმედღიანი ვადა მისცეს იმისთვის, რომ არ აკრძალოს რეგისტრაცია. წინააღმდეგ შემთხვევაში კი, საპროტესტო აქციების გაგრძელებით და უფრო მწვავე პროტესტით იმუქრებიან.