"საქართველოს რესპუბლიკური პარტია" რიგით მე-16 ყრილობას მართავს. ყრილობის დელეგატები მომდევნო ორი წლის ვადით ეროვნულ კომიტეტსა და სარევიზიო კომისიის ახალ შემადგენლობას აირჩევენ. დღის ბოლოს კი ცნობილი გახდება ეროვნული კომიტეტის გადაწყვეტილება "რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარის არჩევის თაობაზე.
ყრილობის დაწყებისას "რესპუბლიკური პარტიის" ყოფილმა თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ "რესპუბლიკური პარტია" ძალიან კარგად ემზადება მომავალი არჩევნებისთვის და ის იქნება სასურველი პარტნიორი საკუთარი პარტნიორებისთვის.
"დღევანდელი ყრილობის სიახლე იქნება ახლადარჩეული ეროვნული კომიტეტი, სიახლე იქნება პარტიის ხელმძღვანელების, წევრების მიერ გამოთქმული ხედვები, მათი მოსაზრებები. პარტიას ყოველთვის სჭირდება განახლება, როგორც იდეების, ასევე ხალხის თვალსაზრისით. ყრილობას 2 წელიწადში ერთხელ ვატარებთ. იქნება ფარული არჩევნები. ჩვენ მომავალი არჩევნებისთვის ძალიან კარგად ვემზადებით და "რესპუბლიკური პარტია" სასურველი პარტნიორი იქნება საკუთარი პარტნიორებისთვის", - განუცხადა ჟურნალისტებს დავით უსუფაშვილმა.
ყრილობა "რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ლევან ბერძენიშვილმა გახსნა. მისასალმებები სიტყვით გამოვიდა ევროპის ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსის ახლ ადარჩეული პრეზიდენტი ჰანს ვან ბაალენი, რომელიც საქართველოში "რესპუბლიკური პარტიის" მოწვევით ჩამოვიდა.
გარდა ამისა, დღევანდელ ღონისძიებაზე "რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე ყრილობას ორწლიანი მუშაობის ანგარიშს წარუდგენს. დელეგატებს სიტყვით მიმართავენ დავით უსუფაშვილი, დავით ბერძენიშვილი და ივლიანე ხაინდრავა, რომლებიც გასულ წლებში "რესპუბლიკურ პარტიას" ხელმძღვანელობდნენ.