"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ირმა ნადირაშვილი უშიშროების საბჭოს სხდომაზე პრემიერ-მინისტრის დასწრება-არდასწრების საკითხს "კუკუდამალობანად" აფასებს.
როგორც ნადირაშვილმა "პალიტრანიუსს" განუცხადა, პრემიერს სახელმწიფო ინსტიტუტების, მათ შორის პრეზიდენტის ინსტიტუტისთვის "ძირის გამოთხრა" სურს.
"ვეღარც კი ვითვლი, ეს კუკუდამალობანას მერამდენე რაუნდია – მივა, არ მივა, დაესწრება, არ დაესწრება. ფაქტი არის ერთი, რომ ღარიბაშვილი სრულიად უპასუხისმგებლო ადამიანია. მას აქვს ერთადერთი მიზანი - ბოლომდე გამოუთხაროს ძირი სახელმწიფო ინსტიტუტებს და მათ შორის, პრეზიდენტის ინსტიტუტს, რათა არავინ ჰყავდეს არც მომკითხავი, არც მაკონტროლებელი და თავის ნათესავებთან ერთად ბოლომდე ჩაეფლოს კორუფციაში", - განაცხადა ნადირაშვილმა.
მისივე შეფასებით, ის, რომ უშიშროების საბჭოს სხდომას პრემიერ-მინისტრი არ დაესწრება, "სამარცხვინო ამბავია", რომელიც აზიანებს ქვეყანას, როგორც შიგნით, ისე ფარგლებს გარეთ.
პრეზიდენტის მოწვევით დღეს უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართება, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი არ დაესწრება.