გიორგი ვოლსკი:   პრეზიდენტმა სპეკულაციას თავი უნდა დაანებოს

გიორგი ვოლსკი: პრეზიდენტმა სპეკულაციას თავი უნდა დაანებოს

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვოლსკი პრეზიდენტს მოუწოდებს, უშიშროების საბჭოს სხდომაზე პრემიერ-მინისტრის დასწრებასთან დაკავშირებით სპეკულაციებს თავი დაანებოს. როგორც ვოლსკიმ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, პრეზიდენტი სხვა საკითხებითაც სპეკულირებს.

"უნდა დავანებოთ საზოგადოებასთან თამაშს თავი. უშიშროების საბჭო არის ძალიან მნიშვნელოვანი ორგანო, პრეზიდენტის ინსტიტუტი არის ძალიან მნიშვნელოვანი და ამ სპეკულაციას პრეზიდენტმა თავი უნდა დაანებოს. მას სხვა ფუნქცია აქვს – დაარეგულიროს, დააბალანსოს, თუ რაიმე წინააღმდეგობაა, პოზიცია დააფიქსიროს. სპეკულირებს იმით, რომ პრეზიდენტია, არჩეულია და გავლენის წარმოჩენას ცდილობს. არ შეიძლება პრეზიდენტი გამოვიდეს და თქვას, რომ პარტიული კონსენსუსია საარჩევნო თემასთან დაკავშირებით, როდესაც ჩვენ ამ პროცესში მონაწილეობა არ მიგვიღია. არ შეიძლება პრეზიდენტს ჰქონდეს ეროვნული ბანკიდან ფინანსური ზედამხედველობის სამსახურის გამოყოფასთან დაკავშირებით უსაფუძვლო, არასწორი პოზიცია. პრეზიდენტი უნდა იყოს დამბალანსებელი და მას აქვს სერიოზული ფუნქცია, რომ წარმოადგინოს ქვეყანა საზღვარგარეთ. არ აქვს მას იმის ფუნქცია, რომ მაინცდამაინც იჭიდაოს, რომ თვითონ უნდა წავიდეს ამა თუ იმ ფორუმზე. პრეზიდენტი არ ხელმძღვანელობს აღმასრულებელ სტრუქტურებს", - განაცხადა ვოლსკიმ.

მისივე შეფასებით, "ძალიან კარგია, რომ პრემიერ-მინისტრი" უშიშროების საბჭოს სხდომაზე არ მიდის. როგორც დეპუტატი აღნიშნავს, მინისტრები უნდა მივიდნენ და ისინი პრემიერის პოზიციას დააფიქსირებენ.

"პრეზიდენტს აქვს ინფორმაციის მიღების უშველებელი წყაროები. ყველა დადებითაც არის განწყობილი, რომ მიაწოდოს პრეზიდენტს ინფორმაცია. გავიხსენოთ უელსში პრეზიდენტის დელეგაციის ვიზიტი ნატო-ს სამიტზე. მისი ვიზიტი მშვენიერი იყო. საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, პრემიერთან დეტალურად ჩამოყალიბდა საკითხებზე და ყველა შეხვედრაზე მშვენიერი შედეგი აჩვენა. ეს არის მისი ფუნქცია. თუმცა, როდესაც ისეთი გადაწყვეტილებაა მისაღები, რომელსაც სამთავრობო სტრუქტურებისგან რეალიზაცია სჭირდება, ნუ ქმნის საზოგადოებაში იმის განცდას, რომ დაპირისპირებაა ორ მთავარ ინსტიტუტს – მთავრობასა და პრეზიდენტს შორის.

მინისტრები უნდა მივიდნენ და ისაუბრონ. პრემიერ-მინისტრი რომ არ მიდის, ნუ ქმნით, რომ ეს დიდი პრობლემაა. მინისტრები პრემიერ-მინისტრისგან განსხვავებულ პოზიციას ხომ არ დააფიქსირებენ?" - აღნიშნა ვოლსკიმ.