როგორც იქნა, გაირკვა, თუ ვინ იყო ის იდუმალი პირი, რომელთანაც საქართველოს ხელისუფლება ჯვრის მონასტრის დასაბრუნებლად მოლაპაკებებს აწარმოებდა. ისრაელში ვიზიტად მყოფი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე თელავივში რელიგიის საკითხებში მინისტრს, იაკობ მარგს შეხვდა და მასთან ერთად იერუსალიმის ჯვრის მონასტრის საკითხი განიხილა. წინასწარი ინფორმაციით, რელიგიის საკითხებში მინისტრთან სტუმრობა არ უნდა იყოს ის გადამწყვეტი შეხვედრა, რომელიც იერუსალიმის ჯვრის მონასტრის დაბრუნების თვალსაზრისით, შედეგს მოიტანს, ვინაიდან არავისთვის დაფარული არაა, რომ ახლო აღმოსავლეთის ეთნიკური მრავალფეროვნებიდან გამომდინარე, სერიოზული მოლაპარაკებები კომპლექსურად უნდა წარიმართოს - იორდანიის ჰაშემიტური სამეფოს, საბერძნეთის მთავრობის, პალესტინის ავტონომიის, ისრაელის თანამონაწილეობით, რადგან 1952 წელს იერუსალიმის საპატრიარქოსთან ხელმოწერილი ხელშეკრულების თანახმად, ისრაელი ფლობს იმ ტერიტორიის დიდ ნაწილს, სადაც ჯვრის მონასტერი მდებარეობს. ამდენად, აქ ერთი მხარის თანხმობა არაფერს ნიშნავს და საკითხს თუნდაც მარტო იერუსალიმის პატრიარქი ვერ გადაწყვეტს, არამედ აქ ისრაელის, იორდანიის, პალესტინის სახელმწიფოებრიობის ინტერესებიცაა. იმას, რომ დავით ბაქრაძეს (ან ამ მიზნით სპეციალურად შექმნილ ჯგუფს) ჯვრის მონასტრის საკითხი გადამწყვეტ ფაზაში არ მიუყვანია, ისიც ადასტურებს, რომ დავით ბაქრაძისა და რელიგიის საკითხებში მინისტრ იაკობ მარგს შორის გამართულ შეხვედრაზე „მრგვალი მაგიდის“ გამართვა სამომავლოდ დაიგეგმა, სადაც ქართულ მხარესთან ერთად მონაწილეობას იერუსალიმის საპატრიარქო და ისრაელის ხელისუფლება მიიღებს. თუ საქმე ისევ და ისევ სამომავლოდ გადასაწყვეტია, მაშინ, რისთვის ატეხა საქართველოს ხელისუფლებამ აჟიოტაჟი წინასწარ, ჯერ კიდევ მოუგვარებელ საკითხზე?! იმიტომ ხომ არა, რომ მათთვის მოულოდნელი აღმოჩნდა პატრიარქის ნათქვამი, რომ იერუსალიმში, პალესტინასა და იორდანიაში მისი ვიზიტი ისტორიული გახლდათ?! სწორედ ამ აჟიოტაჟის შემდეგ იერუსალიმის პატრიარქმა კატეგორიული ტონით განაცხადა, რომ ჯვრის მონატსრის დაბრუნებაზე საუბარი შეუძლებელია. თუმცა პატრიარქის ფონდის ხელმძღვანელის, ისრაელში ყოფილი ელჩის ლაშა ჟვანიასთვის გაუგებარია, რატომ არის შეუძლებელი ამ თემაზე მოლაპარაკების გამართვა და რას ეფუძნება იერუსალიმის პატრიარქის კატეგორიულობა?! მით უფრო, რომ არსებობს მთელ ახლო აღმოსავლეთში საკმაოდ გავლენიანი, იერუსალიმის აწ გარდაცვლილი პატრიარქ დოსითეოსის (გარდაიცვალა 1707 წელს) ანდერძი, რომელიც მან ჯვრის მონასტერთან დაკავშირებით დაწერა. სხვათაშორის, ანდერძში მხოლოდ ჯვრის მონასტერი არაა ნახსენები, არამედ იქვე ჩამოთვლილია ხუთი სხვა მონასტერიც, რომელიც ქართველებს ეკუთვნოდათ. პატრიარქი დოსითეოსი ანდერძში გარკვევით წერდა, რომ ქართველებმა ორგზის მთლიანად გადაიხადეს ჯვრის მონასტრის გამოსასყიდელი თანხა, რაც გულისხმობს, რომ, როცა ქართველი იღუმენი ჩავა ჯვრის მონასტრის მიწაზე, მაშინვე ჯვრის მონასტერი უნდა დაუბრუნდეს. ასევე, უნდა გადაეცეს სხვა მონასტრებიც - წმინდა ნიკოლოზის მონასტერი (მდებარეობს ძველ ქალაქში, იერუსალიმის საპატრიარქოს გვერდით), ბასილი დიდის მონასტერი და სხვა. ლაშა ჟვანიას აზრით, თუ იერუსალიმის ეკლესია კეთილსინდისიერად შეასრულებს თავისი პატრიარქის ანდერძს, მაშინ ჯვრის მონასტრის გამოსყიდვაზე საუბარი არც შეიძლება იყოს და ის პირდაპირ უნდა გადმოგვეცეს. თავის მხრივ, იაკობ მარგმა, როგორც ისრაელის ხელისუფლების წარმომადგენელმა, დავით ბაქრაძესთან საუბარში აღნიშნა, რომ ისრაელის ხელისუფლება მაქსიმალურად მხარში დაუდგება ქართულ მხარეს და შეეცდება, რომ ჯვრის მონასტრის საკითხზე მიღწეული იყოს კონსენსუსი, რომელიც სამივე მხარისთვის მისაღები იქნება. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ იერუსალიმში გამგზავრებამდე დავით ბაქრაძე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს შეხვდა, ეს შედარებით წინგადადგმული ნაბიჯია. ვინაიდან მანადე არსებული ინფორმაციით, საქართველოს საპატრიარქოსთვის სრულიად უცნობი იყო, ვისთან აწარმოებდა მოლაპარაკებებს საქართველოს ხელისუფლება და რა ეტაპზე იყო მოლაპარაკებები. ასევე, ამ მოლაპარაკებების შესახებ ინფორმაციას არ ფლობდა ისრაელის ხელისუფლება, იერუსალიმის საპატრიარქო. მეტიც, ლაშა ჟვანიას თქმით, საქართველოს ხელისუფლებისგან წამოსულმა აჟიოტაჟმა, რომელიც სხვებსაც გადაედო, გამოიწვია ის, რომ იერუსალიმის პატრიარქმა უკვე გააჟღერა, რომ ჯვრის მონასტერში უკვე არსებობს სემინარია. ეს ნიშნავს, რომ ჯვრის მონასტერში, დღეს მოღვაწე ერთი ბერის ნაცვლად, შეიძლება, სხვა ადამიანებიც ჩაასახლონ და სულაც არ არის საჭირო, ისინი მაინცდამაინც სასულიერო პირები იყვნენ. სხვათაშორის, ასეთი რამ ჯერ კიდევ 2012 წლის იანვარში მოხდა, როცა იერუსალიმის საპატრიარქომ გაიგო მისი უწმიდესობის იერუსალიმში ვიზიტის შესახებ. იმ დროს, ბეთლემში ბასილი დიდის წირვის დროს (შობის წინ, 6 იანვარს), იერუსალიმის საპატრიარქოს გენერალური სამდივნოს თანამშრომელმა შეკრიბა მღვდელმსახურები და მათ განუცხადა, როცა საქართველოს პატრიარქი ჯვრის მონასტერში მიბრძანდება, სხვადასხვა ქალაქებიდან და მონასტრებიდან უნდა ჩამოხვიდეთ და საქართველოს პატრიარქს ვაჩვენოთ ჩვენი ძალა, თუ რამდენი ვართო. ლაშა ჟვანიას ინფორმაციით, ანალოგიური რამ გაკეთდა 2004 წელს, საქართველოს პრეზიდენტის ისრაელში ვიზიტისას, მასაც დაახვედრეს 80 ბერი, არქიმანდრიტი, ეპისკოპოსი. ამით ქართულ მხარეს აჩვენეს ძალა, თუ რამდენად ბევრნი არიან ჯვრის მონასტერში. ამდენად, პატრიარქის ფონდის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ წინასწარმა განცხადებებმა ქართულ მხარეს ერთხელ უკვე მოუტანა ზიანი. ვარდების რევოლუციამდეც ეს თემა პოლიტიკური დივიდენდებისთვის გამოიყენეს. მაშინ ქართული მხარე საკმაოდ დაზარალდა წმიდა მიწაზე და მონასტრის დაბრუნების საკითხმაც გადაიწია. მეტიც, სწორედ აჟიოტაჟის ბრალია, რომ 2003 წელს წმიდა ნიკოლოზის ტაძარზე მე-18 საუკუნის კახთა ელისაბედ დედოფლის ქტიტორული წარწერა ვანდალურად ჩამოარღვიეს, ხოლო 2004 წელს შოთა რუსთაველის ფრესკა ჩამოფხიკეს, რაც 2003 წელს საქართველოდან დიდი სამეცნიერო ექსპედიციის ჩასვლას მოჰყვა. ამ ვიზიტით გაღიზიანდა იერუსალიმის მართლმადიდებელი საპატიარქოს ზოგიერთი წარმომადგენელი, ქართველები თავიანთ ნაკვალევს იკვლევენო, რასაც რუსთაველის ფრესკის ჩამოფხეკა მოჰყვა. ამ ყველაფრის მიუხედავად, დღესდღეობით ლაშა ჟვანია კეთილსინდისიერ განცხადებად აღიქვამს იერუსალიმის პატრიარქის, თეოფილე მესამის ნათქვამს, რომ ჯვრის მონასტერი ქართველების აშენებულია, რადგან უფრო ადრე იერუსალიმის პატრიარქები ამბობდნენ, თითქოს ეს მონასტერი ბიზანტიური იყო. „ჯვრის მონასტრის გასაღების ასაღებად რომც მივდიოდეთ, ჯერ კიდევ ჩუმად უნდა ვიყოთ, როდესაც ხელში გვეჭირება გასაღები, მერე უნდა გავახმაუროთ,“ - აცხადებს ლაშა ჟვანია და Presage.tv-სთან საუბარისგან თავს იკავებს: „არ ვიძლევი ინტერვიუს, ერთხელ უკვე ამ თემასათან დაკავშირებით ვისაუბრე და ძალიან გთხოვთ, თემას ნუ გამიუბრალოებთ. რაც ვთქვი, იმის მეტს ვერაფერს ვიტყვი“. სწორედ ამ მოტივით არ აფასებს ლაშა ჟვანია დავით ბაქრაძის ვიზიტს ისრაელში. ახლო აღმოსავლეთში საქართველოს პატრიარქის ვიზიტთან დაკავშირებით, რომლის ფარგლებშიც გამართული შეხვედრების უმრავლესობას ლაშა ჟვანია თავად უთარგმნიდა პატრიარქს, ჟვანია აცხადებს, რომ ისრაელში, პალესტინასა და იორდანიაში ოფიციალური ვიზიტისას მის უწმინდესობას არ დაუყენებია ჯვრის მონასტრის საკითხი. ცნობისთვის, საუბარია ჯვრის მონასტრის 528 ათას კვ.მეტრ ტერიტორიაზე, რომელიც ამჟამად იერუსალიმის მართლმადიდებელ საპატრიარქოს ეკუთვნის. ისრაელში დავით ბაქრაძის ვიზიტის შესახებ Presage.tv ისტორიკოსებს დაუკავშირდა. საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის რექტორი, თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის საქართველოს ისტორიის კათედრის გამგე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი სერგო ვარდოსანიძე აცხადებს, რომ დავით ბაქრაძის ვიზიტთან დაკავშირებით მას იმაზე მეტი ინფორმაცია არ აქვს, რაც პრესაში ვრცელდება. „იერუსალიმის პატრიარქმა განცხადება გააკეთა, რომ არავითარი მოლაპარაკება ამ საკითხზე არ გაიმართება, იმიტომ, რომ ჩვენ ამის წინააღმდეგი ვართო და ამის მერე რა უნდა მოგახსენოთ. თუმცა, ისტორიულად ჯვრის მონასტერი ქართველებისთვის იმის სიმბოლოა, რომ წმიდა მიწაზე ჩვენ ისტორიულად გვქონდა ჩვენი ადგილი, რაც ქრისტიანული სამყაროსა და ჩვენი როლის წარმოჩენისთვის მნიშვნელოვანი იყო. მე-5 საუკუნეში პალესტინაში, მაიუმის უდაბნოში უკვე ქართული მონასტერი არსებობდა, პეტრე იბერიც მოღვაწეობდა და ბევრი სხვა ქართველიც. პირველი მოზაიკური ქართული წარწერაც იქ აღმოჩნდა. ჩვენი მეფეები, ჩვენი პატრიარქები ჯვრის მონასტერსა და წმინდა მიწაზე სხვა ქართული სულიერების ცენტრების არსებობას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდნენ. მე-18 საუკუნემდე ამ მონასტერს ვფლობდით, ვფლობდით ჩვენს ადგილებს წმინდა მიწაზე, მაგრამ, როდესაც უკვე სახელმწიფოებრიობა დავკარგეთ, და მერე ეკლესიური დამოუკიდებლობაც დაგვაკარგვინეს რუსებმა, ამის შემდეგ ჯვრის მონასტრის საკითხი აღარ იდგა. წმიდა მიწაზე თითო-ოროლა ქართველი თუ იყო შემორჩენილი და არაორგანიზებული სახე ჰქონდა მათ იქ ყოფნას. ბუნებრივია, სახელმწიფო რომ აღარ გაქვს, ვეღარ დაიცავ ამას“, - აღნიშნა ისტორიკოსმა. სერგო ვარდოსანიძის თქმით, დღეს თუ ხვალ საქართველო რეალურად მართლაც დამოუკიდებელი ქვეყანა გახდება და დიდი სახელმწიფოების ზეწოლისგან გადარჩება. ამდენად, ბუნებრივია, ქართულ სახელმწიფოსა და საქართველოს ეკლესიას ასეთი სურვილი ექნება, რომ ჯვრის მონასტერიც დაიბრუნოს და სხვა სიწმინდეები. თუმცა რა ფორმატში მოხდება ეს, დღესდღეობით ამაზე საუბარი ისტორიკოსს უჭირს. „ამაზე საუბარი ცოტა ნაადრევია. ახლა შეიძლება, ხელისუფლებას თავისი გზა ჰქონდეს, ეკლესიას - თავისი გზა. დავით ბაქრაძე თუ ამ მიზნით გაემგზავრა იერუსალიმში, ეს შეიძლება მხოლოდ და მხოლოდ ბატონმა დავით ბაქრაძემ იცოდეს, და ასევე, მისმა უწმინდესმა და უნეტარესმა. არა მგონია, ისრაელში დავით ბაქრაძის ვიზიტმა ჯვრის მონასტრის დაბრუნებას ხელი შეუშალოს. პარლამენტის თავმჯდომარეს თავისი წონა აქვს და, შეუძლია, საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს. საკითხის მოგვარება მარტო იერუსალიმის პატრიარქზე არაა დამოკიდებული, არამედ სამივე წარმომადგენლობას უნდა მოელაპარაკონ“. იერუსალიმის ქართული ექსპედიციის ხელმძღვანელი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი თამილა მგალობლიშვილი Presage.tv-სთან კომენტარში აცხადებს, რომ ჯვრის მონასტრის საკითხი ფართო მასებისთვის არ არის და ეს სახელმწიფოსა და ეკლესიის საქმეა. „ჯერ არც არაფერი დაწყებულა და უკვე აჟიოტაჟი ატყდა. აჟიოტაჟი სასიკეთოს არაფერს მოიტანს. ჯერჯერობით ეს საქმე მათთვისაა, ვინც იქ ჩუმად მუშაობს. ხმაური ხელს უშლის არა მარტო ჯვრის მონასტრის დაბრუნებას, არამედ სხვა ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების გადარჩენსაც წმიდა მიწაზე“, - გვითხრა თამილა მგალობლიშვილმა. |