საინგილო - „სამაგალითო მეგობრობის“ სამწუხარო შტრიხები

საინგილო - „სამაგალითო მეგობრობის“ სამწუხარო შტრიხები

პრეზიდენტი სააკაშვილი მორიგი ვიზიტით აზერბაიჯანს სტუმრობდა. ბაქოში გამართულ შეხვედრებზე კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა ორი ქვეყნის სტრატეგიულ ურთიერთობას. მხარეები ახალი ერთობლივი პროექტების განხორციელებასაც გეგმავენ. 

„მილი მეჯლისში“ სიტყვით გამოსვლისას სააკაშვილმა ქართულ–აზერბაიჯანული მეგობრობის ისტორიაზე და დღევანდელობაზე ისაუბრა. ყურბან საიდის „ალი და ნინო“ ამ ურთიერთობების ნიშანსვეტად მოიხსენია. სხვასთან ერთად, არის სურვილი ევროპის 2020 წლის საფეხბურთო პირველობის საქართველო–აზერბაიჯანში ჩატარებაზე. 

აზერბაიჯანული მხარე ჩვენი საზღვრის მიმართულებით ავტობანის მშენებლობასაც დაიწყებს, რომელიც თბილისი-რუსთავის ავტობანს შეუერთდება. დაგეგმილია რამდენიმე ახალი ერთობლივი პროექტის განხორციელება ტურიზმისა და სპორტის სფეროში. ოფიციალური ბაქო საკუთარ კაპიტალს საქართველოში ახალი ჰესების მშენებლობაში ჩადებს, დაგეგმილია ერთობლივი ენერგეტიკული კომპანიის შექმნა, რომელიც ელექტროენერგიის ექსპორტს ევროპის ქვეყნებში განახორციელებს.

პრეზიდენტის გამოსვლას აზერბაიჯანული მხრიდან გარკვეული კრიტიკული შეფასებებიც მოჰყვა. „მეჯლისის“ ერთ–ერთი წევრის შეფასებით, სააკაშვილმა ბევრი ისაუბრა ქართული მიწების რუსულ ოკუპაციაზე და სიტყვა არ დასცდენია იმაზე, რომ აზერბაიჯანის ტერიტორიის 20 პროცენტი მეზობელ სომხებს აქვთ დაპყრობილი. თავად დეპუტატს არ გახსენებია ის ხაზგასმით რბილი პოზიცია, რაც ოფიციალურმა ბაქომ 2008 წლის აგვისტოს ტრაგედიისას დაიკავა.

თავის მხრივ, სააკაშვილს სიტყვა არ დასცდენია საინგილოში (ჰერეთში) მცხოვრებ ქართველებზე და მათ პრობლემებზე. უკვე მერამდენეჯერ ასე ხდება და ამაზე არც ყოფილა დიდი მოლოდინები. სააკაშვილმა ორი საპრეზიდენტო ვადის განმავლობაში ერთხელაც ვერ მოიცალა, რომ კახში, ზაქათალასა და ბელაქანში ჩასულიყო. ეს მაშინ, როცა აზერბაიჯანელი ლიდერი ლამის ყოველ ჩამოსვლაზე მარნეულის რაიონს სტუმრობს.

ვიზიტის პირველ დღეს ერთ–ერთმა ქართულმა, „ნაციონალურმა“ ტელეარხმა გვამცნო, რომ კახში ქართული კულტურის ცენტრი აღდგება. სამწუხაროდ, არავის გახსენებია, რომ ეს ცენტრი უკვე კარგა ხანია ფუნქციონირებდა და სამი წლის წინ, საეჭო ვითარებაში დაიწვა. ჰერელები პირდაპირ ხელს ადებდნენ ადგილობრივ ადმინისტრაციას. აქედან გამომდინარე, საუბარია ქართული კულტურის ცენტრის აღდგენაზე და არა თავიდან დაარსებაზე.

მისასალმებელი ფაქტია, რომ კახში კულტურის ცენტრი გაიხსნება, სადაც ქართული თეატრი და ბიბლიოთეკა განთავსდება. შესაბამისი შეთანხმება უკვე ხელმოწერილია. თეატრს ყოველთვის უდიდესი მნიშვნელობა ენიჭებოდა ქართული ცნობიერების ამაღლებაში და იმედია, ბაქოში გაკეთებული განცხადებები ლიტონ სიტყვებად არ დარჩება. უახლოეს ისტორიას ასეთებიც ბევრი ახსოვს.

თავის დროზე, კახის ქართული კულტურის ცენტრი საგარეო მინისტრებმა პომპეზურ ვითარებაში გახსნეს. მაშინ ბევრი კარგი სიტყვები ითქვა. მოგვიანებით, ცენტრის თანამშრომლებმა რამდენიმე საკითხში პრინციპული პოზიცია დაიკავეს, რაც ადმინისტრაციის ჩინოვნიკებს არ მოეწონათ. ერთ–ერთი მათგანი ქურმუხის ეკლესიის კუთვნილებას ეხებოდა, რომელსაც აზერბაიჯანელები დღემდე, არც მეტი არც ნაკლები „ალბანური კულტურის ნიმუშად“ თვლიან. ამ დაპირისპირებას კი კულტურის ცენტრის განადგურება მოჰყვა.

ამ ფონზე, გასაკვირი არ არის, რომ ხმა–კრინტი არ იძვრის ზაქათალაში და ბელაქანში მცხოვრებ, უპირატესად - გამაჰმადიანებულ ქართველებზე. იქიდან მოწოდებული ინფორმაციით კი, ზაქათლის გამგებელმა სააკაშვილის ვიზიტის ფონზე ინგილოებს კრება ჩაუტარა  და გააფრთხილა ხელი აიღონ საქართველოსთან მჭიდრო კავშირებზე. გამგებელი თბილისში აღებულ დიპლომებს „არაფრად“ მიიჩნევს და კურსდამთავრებულებს „პირდება“, რომ სამუშაოს შოვნა გაუჭირდებათ. ეს კი, ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფ ქართულ სკოლებს გაქრობის წინაშე აყენებს. სამწუხაროდ, „სამაგალითო მეგობრობა“ ასეთ შტრიხებსაც შეიცავს.

კიდევ ერთელ ვიმეორებთ, რომ ქვეყნებს შორის მეგობრობა ორმხრივად უნდა ვითარდებოდეს. ფეხის დადება და ქართული დიასპორის პერმანენტულად შევიწროება სამომავლოდ კარგს არაფერს მოიტანს. ამ შემთხვევაში, ყურბან საიდიც უკან დაგვრჩება. თბილისსა და ბაქოს შორის ობიექტურად პრობლემები არ უნდა არსებობდეს და ვინც მათ შექმნის, დროულად საკადრისი პასუხი უნდა გაეცეს.  

ცნობისთვის, საინგილო, მხარე ფეოდალური ხანის საქართველოში, ისტორიული კახეთის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთი ნაწილი, თანამედროვე აზერბაიჯანში. მოიცავს ბელაქნის, ზაქათალისა და კახის რაიონების ტერიტორიას. ტერმინი „საინგილო“ XIX საუკუნეში დამკვიდრდა ინგილოებით დასახლებული მხარის აღსანიშნავად. გამაჰმადიანებულ ქართველს ინგილოს ეძახდნენ, რაც თურქულად „ახლად მორჯულებულს“ ნიშნავს. აქედან წარმოსდგება სახელები „ინგილო“ და „საინგილო“.

საინგილო შედგებოდა კაკ-ენისელისგან და ელისუს სასულთნოსაგან. ტერიტორია ადრინდელ საუკუნეებში ძველი ქართული პროვინცია ჰერეთის შემადგენელი ნაწილი იყო. XI საუკუს დასაწყისში ადმინისტრაციულად მაჭის საერისთავოს ფარგლებში მოექცა.

XVI-XVII საუკუნეებში პოლიტიკური ცვლილებებმა კახეთის სამეფოში, ოსმალეთისა და სპარსეთის გამუდმებულმა აგრესიამ და დაღესტნელი ფეოდალების თავდასხმებმა ამ მხარის ეკონომიკური და პოლიტიკური დაცემა გამოიწვია, ნადგურდებოდა მკვიდრი ქართველი მოსახლეობა, მის ადგილზე სახლდებოდნენ წახურელი და ავარიელი ლეკები. ერთდროულად ხდებოდა ქართველი მოსახლეობის დაყმევება და გამაჰმადიანება. დროთა ვითარებაში საინგილო საერთოდ მოსწყდა კახეთის სამეფოს.

XVIII საუკუნის I მეოთხედში აქ საბოლოოდ ჩამოყალიბდა ავარიელი (ჭარი, ბელაქანი, კატეხი, თალა, მუხახი, ჯინიხი) და წახურელები (წახური, ელისუ, სუვაგილო და ყარადულაკი) ლეკების ე. წ. თავისუფალი თემები. კახეთის მეფეების მრავალი ცდა, გაეთავისუფლებინათ აღმოსავლეთ კახეთის მიწები, უშედეგოდ მთავრდებოდა. 1803 წელს ჭარ-ბელაქანი და ელისუს სასულთნო რუსეთის იმპერიის ქვეშევრდომობაში შევიდა. 1830 წელს ცარიზმა გააუქმა მათი პოლიტიკური დამოუკიდებლობა და შექმნა ჭარ-ბელაქნის ოლქი, მის ბაზაზე კი 1840 - ბელაქნის მაზრა, რომელიც ადმინისტრაციულად საქართველო-იმერეთის გუბერნიაში შევიდა. 1842 წელს იგი კვლავ ცალკე ოლქად გამოიყო, ხოლო 1844 წლიდან ჭარ-ბელაქნის სამხედრო ოლქი გახდა. 1860 წლიდან იგი ზაქათალის ოკრუგად იწოდებოდა და ექვემდებარებოდა დაღესტნის ოლქს. ამავე დროს ყოფილი ელისუს სასულთნოს მთიანი ნაწილი ე. წ. მთიანი მაღალი, შეუერთდა სამურის ოკრუგს. 1921 წლიდან აზერბაიჯანის სსრ ფარგლებშია.

თანამედროვე ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით საინგილო მოიცავს აზერბაიჯანის რესპუბლიკის ბელაქნის, ზაქათალისა და კახის რაიონების ტერიტორიას.