თეა წულუკიანმა შშმ პირთა უფლებების დაცვისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გაიმართა.
ღონისძიებას ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში იან კელი, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე, არასამთავრობო ორგანიზაციის − „კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის“ − თავმჯდომარე გიორგი ძნელაძე ესწრებოდნენ.
იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიებაზე პროექტ „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სამართლებრივი ადვოკატირების“ პრეზენტაცია გაიმართა. მისი მიზანია, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის გაერო-ს 2006 წლის კონვენციის იმპლემენტაცია და ადგილობრივი კანონმდებლობის აღსრულების ხელშეწყობა.
პროექტის ფარგლებში შეიქმნა იურისტების, შშმ პირებისა და უფლებადამცველებისაგან დაკომპლექტებული სამართლებრივი მხარდაჭერის ჯგუფი, რომელიც გამოავლენს და შეისწავლის შეზღუდული შესაძლებლობის საფუძველზე წარმოშობილ დისკრიმინაციის ფაქტებს, მოიძიებს საქმის გარშემო მტკიცებულებებს, მოამზადებს სარჩელს და უზრუნველყოფს სასამართლოში შშმ პირთა წარმომადგენლობას. პროექტში ჩართულნი არიან საერთაშორისო ექსპერტები შშმ პირთა სამართლის კუთხით ამერიკიდან და ირლანდიიდან. იგეგმება რიგი ნორმატიული და კანონქვემდებარე აქტების გაერო-ს პრინციპებთან შესაბამისობაში მოყვანა.
აღნიშნული პროექტი მომზადდა ორგანიზაციის − „კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის“ − მიერ და ის აშშ-ის საელჩოსა და „USAID“-ის მხარდაჭერით ხორციელდება.
აღსანიშნავია, რომ იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო უსინათლო პირთათვის სერვისების ხელმისაწვდომობის მიზნით ახალ პროექტს ნერგავს. მათთვის მომზადდება საჯარო რეესტრის მიერ შემუშავებული ყველა სახის წერილობითი დოკუმენტის ბრაილის შრიფტი; ამასთან, ხელმისაწვდომი გახდება საჯარო რეესტრის ვებგვერდი ხმოვანი პროგრამის გამოყენებით.
იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო პირველი ადმინისტრაციული ორგანო იქნება არა მარტო საქართველოში, არამედ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, რომელიც ამ მიმართულებით იმუშავებს.