კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილმა თანამშრომელმა ოლეგ მელნიკოვმა, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ, მოწმის სტატუსით დღეს ჩვენება მისცა.
სანდრო გირგვლიანის საქმეზე მსჯავრდებულების შეწყალების საქმეზე დაკითხვისას მელნიკოვმა დეტალურად გაიხსენა 2006 წლის იანვარში "შარდენ ბარში" მომხდარი ინციდენტი.
მანვე ისაუბრა იმაზე, თუ რა ვითარებაში შეიწყალა მიხეილ სააკაშვილმა გირგვლიანის მკვლელობაში ბრალდებულები და როგორ მიიღო სააკაშვილისგან მათი შეწყალების დაპირება დათა ახალაიამ.
მელნიკოვის ინფორმაციით, ახალაია და ალანია გირგვლიანის საქმის სხვა პირებზე გადაბრალებას გეგმავდნენ, თუმცა, მას შემდეგ, რაც ახალაიამ ადეიშვილთან მოლაპარაკება გამართა, მას ეცნობა, რომ სწორედ ალანია უნდა ჩამჯდარიყო ციხეში.
მელნიკოვის ჩვენების თანახმად, იქიდან გამომდინარე, რომ ალანია დათა ახალაიას მეგობარი იყო, ინფორმაციის გადასამოწმებლად დათა ახალაია შავნაბადაზე, მიხეილ სააკაშვილთან მივიდა.
მელნიკოვის ინფორმაციით, ახალაიამ მიხეილ სააკაშვილისგანაც იგივე დაპირება მიიღო, რომ აღნიშნულ საქმეზე ბიჭები უნდა ჩამსხდარიყვნენ ციხეში, თუმცა, მათი მალევე გათავისუფლება და შეწყალება მოხდებოდა.
მელნიკოვის განცხადებით, ოთხივე პირი, აღნიშნულის სანაცვლოდ, 100 ათას ლარის ოდენობით თანხას მიიღებდა.
ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ოთარ კახიძე დაინტერესდა, თუ რატომ შეცვალა მოწმემ სასამართლოსთვის არაერთხელ მიცემული ჩვენება.
აღნიშნულზე მელნიკოვის პასუხი ასეთი იყო: "სიმართლე რომ მეთქვა, დღეს მკვდარი ვიქნებოდი".
აღნიშნულ საქმეზე მომდევნო სასამართლო პროცესი 25 დეკემბერს, 14:00 საათზე, ბრალდების მხარის მტკიცებულებათა გამოკვლევით გაგრძელდება.