პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე მანანა კობახიძე მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო, დროებით მმართველებთან დაკავშირებით „შპს ტელეკომპანია საქართველოს“ სარჩელზე მიღებული გადაწყვეტილებით კანონის ფარგლებს გასცდა.
როგორც კობახიძემ საკონსტიტუციო სასამართლოს 13 ნოემბრის გადაწყვეტილების შეფასებისას განაცხადა, რომლის მიხედვითაც დროებითი მმართველის ინსტიტუტი მხოლოდ ბეჭდვური და ონლაინ მედიისთვის ჩერდება, სასამართლო გასცდა კანონის ფარგლებს.
მისივე თქმით, საკონსტიტუციო სასამართლო არაობიექტურია, როდესაც ერთი იურიდიული პირის სასარგებლოდ იხილავს აღნიშნულ ნორმას.
„სასამართლო არაობიექტურია, როდესაც ნორმას აჩერებს ერთი სუბიექტის, „რუსთავი 2“-ის სასარგებლოდ. თუ აღნიშნული ნორმის მოქმედება სხვა ბიზნესსუბიექტს შეუქმნის პრობლემას, ეს როგორც ჩანს, სასამართლოს ზრუნვის საგანი არაა“, - განაცხადა კობახიძემ.
მისივე თქმით, საკონსტიტუციო სასამართლო „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით საეჭვო გადაწყვეტილებებს ზედიზედ იღებს.
„საკონსტიტუციო სასამართლო პრაქტიკულად გაცდა კანონით დადგენილ ფარგლებს და ერთი სუბიექტის სასარგებლოდ შეაჩერა ნორმის მოქმედება, რაც დაუშვებელია. არ შეიძლება ერთ მოსარჩელეს, ერთ სუბიექტს მთელი კანონმდებლობა გადააყოლო“, - აღნიშნა კობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ საქმეზე "შპს ტელეკოპმანია საქართველო - საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ", სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მუხლები - 198-ე მუხლის მე-3 ნაწილის პირველი წინადადება და 271-ე მუხლის ნორმატიული შინაარსის მოქმედება შეაჩერა.
კერძოდ, გადაწყვეტილების უზრუნველყოფის ღონისძიების სახით, იურიდიული პირის - მასობრივი კომუნიკაციის ბეჭდვითი ან ელექტრონული საშუალების ხელმძღვანელობის, მართვისა და წარმომადგენლობის უფლებამოსილების, მათ შორის, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 და 91 მუხლებით გათვალისწინებული უფლებამოსილების დროებითი მმართველისათვის მინიჭება შეჩერდა.
აღნიშნული ნორმატიული შინაარსის ქმედება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდეა შეჩერებული.