ლევან მურუსიძე ადასტურებს, რომ სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეობა სურს

ლევან მურუსიძე ადასტურებს, რომ სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეობა სურს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ლევან მურუსიძე ადასტურებს, რომ სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეობა სურს. როგორც მურუსიძემ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ჟურნალისტებს განუცხადა, ის ამისთვის შესაბამის კენჭისყრაში მიიღებს მონაწილეობას.

მურუსიძის თქმით, სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეებს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ირჩევს წევრთა რაოდენობის მინიმუმ ორი მესამედი ხმით.

მისივე თქმით, როგორც კანონით არის განსაზღვრული, საუბარია არა უვადოს დანიშვნაზე, არამედ სამწლიანი გამოსაცდელი ვადით დანიშვნაზე.

"ეს დასამალი არ არის. შეტანილი მაქვს განცხადება, რომლის თანახმადაც, მე მონაწილეობას ვღებულობ სააპელაციო ინსტანციაში მოსამართლედ გამწესების კენჭისყრაში. ეს არის აბსოლუტურად კანონიერი მოქმედება. როგორც მოსამართლეს სრულიად კანონიერი უფლება მაქვს მონაწილეობა მივიღო კენჭისყრაში. დანარჩენი ეს არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადასაწყვეტი", - განაცხადა მურუსიძემ.

რაც შეეხება ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის, ზაზა ხატიაშვილის დღევანდელ განცხადებას, მურუსიძეს მიაჩნია, რომ გარკვეული ჯგუფები სასამართლოს და მის წინააღმდეგ აწარმოებენ შავ პიარს და ამას ზაზა ხატიაშვილიც შეუერთდა.

"ეს არის ხელოვნურად აგორებული თემა და ეს ძალიან კარგად ჩანს იქიდანაც, რომ ბატონი ზაზა არის ადვოკატი და მან ძალიან კარგად იცის, რომ პრეზიდენტს არანაირი კანონიერი უფლება და თეორიული შანსიც არ აქვს იმის, რომ საბჭოს საქმიანობაზე რაიმე გავლენა მოახდინოს. არა მგონია, პრეზიდენტს ამის სურვილი ჰქონდეს. ეს გადაწყვეტილება მისაღებია მხოლოდ სასამართლო სისტემის და უმაღლესი საბჭოს მიერ. ეს ძალიან კარგად იცის ბატონმა ზაზამ. თუმცა მას სურდა, რომ ეს თემა აეწია და ყოფილიყო აჟიოტაჟი და მიმართა პრეზიდენტს", - განაცხადა მურუსიძემ.

მისივე თქმით, გარკვეულ პირებს აქვთ ცუდი ზრახვები, რომ სასამართლო იყოს ხელისუფლების დაქვემდებარების ქვეშ, რაშიც ის ხელს უშლის.

"სასამართლოში არსებობს გაცილებით დიდი პრობლემები, ვიდრე ლევან მურუსიძის საკითხი და იმის ნაცვლად, რომ ამ პრობლემებზე ვისაუბროთ, ისინი ფიქრობენ თავიანთ ცუდ ზრახვებზე, რომ სასამართლო იყოს ხელისუფლებაზე დამოკიდებული, იყოს კორუფცია და ეტყობა, ამაში ხელს ვუშლი. სამწუხაროდ, ზაზა ხატიაშვილი შეუერთდა ამ სიტუაციას და მე ველოდები, რომ სხვადასხვა პირებიც შეუერთდებიან მას და ესენი არიან ის პირები, ვინც არ არის რეალურად დაინტერესებული, რომ სასამართლო სისტემა განვითარდეს", - განაცხადა მურუსიძემ.

მისივე თქმით, არასდროს არ იკადრებს, რომ რაიმე "გადაკვრითი სიტყვა თქვას" ზაზა ხატიაშვილის ან საადვოკატო სისტემის წინააღმდეგ.

"მე არასდროს არ მითქვამს, რომ ბატონი ზაზა, რომელიც არჩეულია, მის მიმართ რაიმე გადაკვრითი სიტყვა. მე არ ვკადრებ ჩემს თავს, რომ გადაკვრით ვისაუბრო ბატონ ზაზაზე ან საადვოკატო სისტემაზე. თუმცა მე შეიძლება ჩემი პირადი მოსაზრებები მქონდეს მის მიმართ ან სხვადასხვა ადვოკატების მიმართ", - განაცხადა მურუსიძემ.

მისივე თქმით, არანაირი ინტერესთა კონფლიქტი იმაში, რომ იუსტიციის საბჭოს მდივანი იღებს მონაწილეობას კენჭისყრაში, არ არის. ამ დროისთვის სააპელაციო სასამართლოში 61 ვაკანტური ადგილია. კენჭისყრა დაახლოებით ერთი თვის ვადაში გაიმართება.