მსოფლიოს წამყვანი მედიასაშუალებები გაწევრიანების შესახებ მონტენეგროს მოლაპარაკებებში მიწვევის საკითხზე ამახვილებენ ყურადღებას და ამ კონტექსტში საქართველოსაც მოიხსენიებენ.
გავლენიანი ამერიკული გამოცემა "The Wall Street Journal"- ი წერს, რომ ამ გადაწყვეტილებამ სხვა ასპირანტი ქვეყნები, განსაკუთრებით რუსეთის მეზობელი საქართველო, უკმაყოფილო დატოვა. გამოცემა აღნიშნავს, რომ ნატო-ს მისიებში საქართველო გაცილებით უფრო აქტიურ მონაწილეობას იღებდა, ვიდრე მონტენეგრო, მიუხედავად ამისა, ალიანსში ბევრი მიიჩნევს, რომ ვიდრე რუსეთს ქვეყნის ნაწილი ოკუპირებული აქვს, საქართველოს ნატო-ში წევრობა შეუძლებელია.
ბრიტანული გამოცემა "გარდიანი" წერს, რომ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების საკითხი განსაკუთრებით შემაშფოთებელია ნატო-ს ზოგიერთი წევრისთვის, რომელიც ღელავს, თუ რა უსაფრთხოების გარანტიების მიცემა შეიძლება ქვეყნისთვის, რომლის ორი რეგიონი - აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, მოსკოვის მხარდაჭერით გამოიყო.
"დასავლეთის რამდენიმე ქვეყანა ახლა მიიჩნევს, რომ ნატო-ს 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე იმის გამოცხადება, რომ საქართველო და უკრაინა ნატო-ს წევრები გახდებიან - შეცდომა იყო", - წერს "გარდიანი".
მონტენეგროს მოლაპარაკებებში მიწვევას ეხმაურება გერმანული გამოცემა "დოიჩე ველე". გამოცემა წერს, რომ ნატო-ს ამ გადაწყვეტილებას კრემლის მხრიდან მწვავე რეაქცია მოჰყვა.
"ალიანსში გაწევრიანება ბოსნია და ჰერცოგოვინასა და საქართველოს სურთ, მაგრამ მათ ვერ მიაღწიეს საკმარის პროგრესს მიწვევის მისაღებად. საქართველოს შესახებ გადაწყვეტილების მიღება სავარაუდოდ, გარკვეული დროით გადაიდება რუსეთის მხარდაჭერილი სეპარატისტული რეგიონების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გამო", - წერს გამოცემა.
სააგენტო "როიტერი" დღეს გამოქვეყნებულ სტატიაში წერს, რომ ნატო-ს დიპლომატებმა მონტენეგროზე მიღებული გადაწყვეტილებით, გაუგზავნეს მოსკოვს სიგნალი, რომ მას ალიანსის აღმოსავლეთისკენ გაფართოებაზე ვეტოს დადების უფლება არა აქვს, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს გაწევრიანება გართულდა 2008 წლის ომის გამო.
"ნატო-ს მოკავშირეები კვლავ ვერ თანხმდებიან თუ რა მესიჯი გაუგზავნონ საქართველოს წევრობის შეყოვნებულ განაცხადზე. ზოგიერთ ევროპულ ქვეყანას მოჰყავს არგუმენტად, რომ, რუსეთთან კონფლიქტის შემთხვევაში, ალიანსი ყოფილი საბჭოური ქვეყნის დაცვას ვერ შეძლებს", - აღნიშნავს "როიტერი".
სტატიის ავტორი მიიჩნევს, რომ ეს სირთულეები ასახულია ნატო-ს დღევანდელ მინისტერიალზე მიღებულ კომუნიკეშიც, სადაც "მინისტრებმა გაიმეორეს ძველი პოზიცია, რომ თბილისმა უნდა გააგრძელოს მზადება წევრობისთვის და მოუწოდეს რუსეთს, საქართველოს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის სეპარატისტული რეგიონებიდან სამხედრო ძალები გაიყვანოს".