ევროკავშირი საქართველოში კერძო და ადმინისტრაციული სამართლის სისტემების განვითარების ხელშეწყობისათვის 2 მილიონ ევროს გამოყოფს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" იუსტიციის სამინისტროდან აცნობეს, პროექტის ბენეფიციარები საქართველოს იუსტიციის სამინისტრო და მისი მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ-ები - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო და აღსრულების ეროვნული ბიურო არიან. ორწლიანი პროგრამის ბიუჯეტი 2 000 000 ევროა და მას GIZ-ის პროგრამა "ევროპულ სტანდარტებთან სამხრეთ კავკასიის სამართლებრივი დაახლოება" ახორციელებს.
პროექტის პრეზენტაცია დღეს სასტუმრო "რადისონში" გაიმართა და მას იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე დაესწრო. ღონისძიების მონაწილეებს ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელის მოადგილე კარლო ნატალე, გერმანიის საელჩოს ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი კატარინა დერკორნი, GIZ-ის სამხრეთ კავკასიის ოფისის ხელმძღვანელი მარია შეფერი მიესალმნენ.
პროექტი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, საჯარო რეესტრსა და აღსრულების ბიუროს სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის საკანონმდებლო და ინსტიტუციური რეფორმების განხორციელებაში დაეხმარება, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს ევროკავშირის სამართალთან ეროვნული კანონმდებლობის დაახლოების კუთხით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას. დღემდე იუსტიციის სამინისტრო ევროკავშირთან, ძირითადად, სისხლის სამართლის სფეროს რეფორმის კუთხით თანამშრომლობდა; ამ პროგრამის ამოქმედების შემდეგ კი თანამშრომლობის სფერო სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის რეფორმებსაც მოიცავს.