ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ საქართველომ მიაღწია იმას, რა ძირითად მიზნებსაც ამ ეტაპისთვის ისახავდა, - ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ ნატოს მიერ საქართველოს შესახებ მიღებული კომუნიკეს შეფასებისას განუცხადა.
მისივე განმარტებით, ამ ეტაპისთვის საქართველო ძალიან ღირსეულად შესრულებული რეფორმებით და გაწეული საქმეებით შეხვდა მინისტერიალს და შესაბამისი განცხადებებიც მიიღო პასუხად.
"ჩვენ, როგორც პასუხისმგებლიანი მთავრობა, გადაჭარბებულ მოლოდინებს არ ვამკვიდრებდით, თუმცა როგორც პოლიტიკურად, ისე პრაქტიკული თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია ის პროგრესი, რაც საბოლოო დოკუმენტში დაფიქსირდა", - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
მისივე თქმით, ხაზგასმით აღინიშნა ის, რაც აქამდე არ იყო. კერძოდ კი ის, რომ დღესდღეობით საქართველოს აქვს ყველა ინსტრუმენტი, ყველა პრაქტიკული მექანიზმი, რომ ნატო-ს წევრობისთვის მოემზადოს.
"ეს ნიშნავს, რომ იგივე წევრობის სამოქმედო გეგმა, MAP-ი რჩება ძალაში, რჩება იმ პოლიტიკური გადაწყვეტილების ნაწილად, რომელიც, საბოლოო ჯამში, საქართველოს ნატო-ს წევრობისთვის მისაღები ექნება 28 ქვეყანას. მინისტერიალს თავის დატვირთვა ჰქონდა ვარშავის სამიტისთვის მოსამზადებლად და ამ მხრივ მნიშვნელოვანია, რომ არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესში და ვარშავის სამიტისთვის მოსამზადებლად კიდევ გვექნება ისეთი საშუალებები, როგორიც არის ნატო-სთან პოლიტიკური დიალოგის ინტენსიფიკაცია, ასევე თავდაცვის სტრატეგიული კომუნიკაციის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერება”, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
სახელმწიფო მინისტრის განმარტებით, მნიშვნელოვანია ნატოს მხრიდან იმის ხაზგასმაც, რომ გმობს რუსეთსა და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონს შორის გაფორმებულ ე.წ. ხელშეკრულებას.
”რა თქმა უნდა, ნატო ყოველთვის აღნიშნავდა და ხაზს უსვამდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემას, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნატო-ს წევრი ქვეყნების მინისტრებმა კიდევ ერთხელ დაგმეს ე.წ. ხელშეკრულებები, რომლებიც წინააღმდეგობაში მოდის, როგორც საერთაშორისო სამართლის და ეუთო-ს პრინციპებთან, ასევე რუსეთის მიერვე ნაკისრ ვალდებულებებთან", - აღნიშნა სახელმწიფო მინისტრმა.
რაც შეეხება ნატოს მიერ გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებში მონტენეგროს მიწვევის საკითხს, დავით ბაქრაძის შეფასებით, ეს ხაზს უსვამს ნატო-ს უმთავრეს, ფუძემდებლურ პრიციპს, რომ ღია კარის პოლიტიკას ძალაში ტოვებს.
”ალიანსი ჩვენ ამით იმედს გვიტოვებს, რომ რეფორმებით და იმ ინსტრუმენტების გამოყენებით, რომლებიც საქართველოს გააჩნია და რომლებზეც კომუნიკეშიცაა საუბარი, დადგება მომენტი, როდესაც პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება მიღებული, მაგრამ ამ ეტაპისთვის საქართველო ძალიან ღირსეულად შესრულებული რეფორმებით და გაწეული საქმეებით შეხვდა მინისტერიალს და შესაბამისი განცხადებებიც მიიღო პასუხად", - განაცხადა დავით ბაქრაძემ.