მოსამართლე, რომლის გადაწყვეტილებაც სტრასბურგის სასამართლოში ძალიან ნეგატიურად შეფასდა, უვადოდ გამწესებას არ იმსახურებს , - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" "თავისუფალი დემოკრატების" წევრმა შალვა შავგულიძემ ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის, ზაზა ხატიაშვილის მიერ გავრცელებულ იმ ინფორმაციაზე კომენტირებისას განუცხადა, რომლის თანახმადაც, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივან ლევან მურუსიძეს სააპელაციო სასამართლოში უვადოდ დანიშვნა სურს და "ქართული ოცნების" წევრებიც აპირებენ, მას ხმა მისცენ.
შალვა შავგულიძემ ხაზი გაუსვა, რომ სწორედ მურუსიძე იყო სანდრო გირგვლიანის საქმის ის მოსამართლე, რომელმაც დაზარალებული მხარის საკასაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა, ხოლო მსჯავრდებულებს სასჯელი თითო წლით შეუმცირა.
"ლევან მურუსიძე არის უზენაესი სასამართლოს პალატის ერთ-ერთი მოსამართლე, რომელმაც გირგვლიანის ცნობილ საქმეზე ჩვენი საკასაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა. ეს ის გადაწყეტილებაა, რაზეც შემდეგ, სულ ცოტა ხანში, ევროპულმა სასამართლომ თქვა, რომ აღშფოთებულია, თუ როგორ ცდილობდა საქართველოს ყველა ინსტანციის სასამართლო სხვა სახელისუფლებო შტოებთან ერთად, ამ საზარელი დანაშაულის საქმეზე მართლმსაჯულება არ აღსრულებულიყო. თუ "ქართული ოცნების" ხელისუფლება ცდილობს, მოსამართლე, რომლის საქმიანობას ევროპული სასამართლო ასეთ მკაცრ და ნეგატიურ შეფასებას აძლევს, უვადოდ განაწესოს სამოსამართლეო უფლებამოსილებით, ნათელია, რა უნდა "ქართული ოცნების" ხელისუფლებას. სამწუხაროდ, "ქართული ოცნება" აგრძელებს "ნაციონალური მოძრაობის" ყველაზე უარყოფით და ნეგატიურ ტრადიციებს. ისევე, როგორც ადრე "ნაციონალურ მოძრაობას" უნდოდა მისგან მართვადი პროკურატურა და სასამართლო და სწორედ ასეთი მოსამართლეების ხელით ხდებოდა სასამართლოს ხელისუფლების მართვა, დღეს უკვე ეს სჭირდება "ქართულ ოცნებას", - განაცხადა შავგულიძემ.
დეპუტატის აზრით, არჩევნებში "ნაციონალური მოძრაობის" დამარცხების უმთავრესი მიზეზი სწორედ უსამართლობა იყო. შავგულიძე დარწმუნებულია, რომ "ქართული ოცნებაც" ისევე გადაიხდის ამ მიდგომის გამო პოლიტიკურ ფასს, როგორც "ნაციონალურმა მოძრაობამ" გადაიხადა. შალვა შავგულიძე იმედოვნებს, რომ ლევან მურუსიძის შესაძლო უვადო გამწესებას სააპელაციო სასამართლოში, საზოგადოების მხრიდან ჯანსაღი რეაქცია მოჰყვება.
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის, ზაზა ხატიაშვილის ინფორმაციით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივან ლევან მურუსიძეს სააპელაციო სასამართლოში უვადოდ დანიშვნა სურს. როგორც ხატიაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ამის შესახებ განაცხადი ლევან მურუსიძეს უკვე გაკეთებული აქვს. ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე მოუწოდებს საქართველოს პრეზიდენტს, ლევან მურუსიძის დანიშვნა არ დაუშვას.