პროკურატურაში შეიქმნება საკონსულტაციო საბჭო, რომლის ფარგლებში პროკურორების გადაცდომებს, ასევე დაწინაურების და მათი მუშაობის შეფასების საკითხს განიხილავენ. ამის შესახებ მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ პროკურატურაში მიმდინარე შეხვედრაზე განაცხადა.
მთავარი პროკურორი სისტემის ყველა რგოლის ხელმძღვანელს ხვდება და სამოქმედო გეგმას აცნობს.
როგორც შოთაძემ აღნიშნა, საკონსულტაციო საბჭოს ფარგლებში მოხდება გამომძიებლებისა და პროკურორების მუშაობის შეფასება. ასევე განიხილება ისეთი საკითხები, როგორიც არის პროკურორთა წახალისება თუ დაწინაურება.
ასევე მისი თქმით, გადაცდომების შემთხვევაში განიხილება პროკურორების დასჯის საკითხი.
როგორც ირაკლი შოთაძემ აღნიშნა, საკითხი გადაწყდება არა ერთპიროვნულად, არამედ კოლეგიურად საბჭოს ფარგლებში.
ირაკლი შოთაძემ მიმდინარე შეხვედრაზე მისი პროგრამის სხვა მიმართულებების შესახებაც ისაუბრა.
მთავარი პროკურორის განცხადებით, პროკურორებისა და გამომძიებლების შეფასება მოხდება ერთიან ელექტრონულ სისტემაში. კერძოდ, მისი თქმით, იარსებებს პროგრამა, სადაც იქნება კრიტერიუმების საფუძველზე მუშაობის შეფასება. თუმცა, როგორც მთავარმა პროკურორმა აღნიშნა, მხოლოდ ამ სისტემით არ მოხდება გარკვეული მუშაობის შეფასება და ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ პროკურორებისა და გამომძიებლების მუშაობა ობიექტურად შეფასდეს.