"ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" დღეს, პარლამენტში რეზოლუცია შეაქვს, რომელიც ვიზალიბერალიზაციის საკითხს ეხება და სადაც აღნიშნულია, რომ საქართველო, ქართველი ხალხი იმსახურებს ევროპაში უვიზო მიმოსვლას.
"გუშინ ჩვენ "ახალი მემარჯვენეების" ინიციატივას - ევროპასთან ვიზალიბერალიზასთან დაკავშირებით შევუერთდით. ვთვლით, რომ ეს უმნიშვნელოვანესი საკითხია. სწორედ ამიტომ, აღნიშნულთან დაკავშირებით პარლამენტში რეზოლუციის პროექტი შეგვაქვს. რეზოლუცია ეხება იმას, რომ ჩვენ ვამბობთ - საქართველო, ქართველი ხალხი იმსახურებს ევროპასთან უვიზო მიმოსვლას, ესაა უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი კიდევ უფრო დაახლოებისთვის ევროპისა და საქართველოსი" , - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა გიორგი გაბაშვილმა.
საპარლამენტო უმცირესობა ევროკომისიის, ევროპარლამენტის, ევროკავშირის საბჭოს, ევროპული საბჭოს, ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა სამსახურისადმი საქართველოს პარლამენტის რეზოლუციის პროექტს აქვეყნებს. "ინტერპრესნიუსი" მიმართვის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:
"ვინაიდან ცივილიზებული ერების ევროპული ოჯახისკენ და ევრო-ატლანტიკური ინსტიტუტებისკენ სწრაფვა, მათ შორის ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანება ქართველი ხალხის ურყევი არჩევანია;
ვინაიდან ადამიანთა თავისუფალი გადაადგილება უსაფრთხო და კარგად მართულ გარემოში "აღმოსავლეთი პარტნიორობის" ძირითად ამოცანად რჩება;
ვინაიდან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია ევროკავშირსა და საქართველოს თანამშრომლობის დღის წესრიგის უმნიშვნელოვანესი საკითხია;
ვინაიდან უვიზო გადაადგილება საშუალებას მისცემს საქართველოს მოქალაქეებს დაუახლოვდნენ ევროკავშირს და ვინაიდან თავისუფალ გადაადგილების უფლებას იმსახურებს ქართველი ხალხი;
ვინაიდან ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის დაწესება ხელს შეუწყობს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, მცხოვრები ხალხის რეინტეგრაციასა და კეთილდღეობას და ყველასათვის გამოავლენს ევროკავშირთან პარტნიორობის ნაყოფიერ შედეგებსა და ევროპული არჩევანის უტყუარ სარგებელს;
ვინაიდან ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესი ყველა პასუხისმგებლობის მქონე პოლიტიკურ ძალას ავალდებულებს იქონიონ კონსენსუსი ისეთ საკითხებზე როგორიცაა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, სიტყვის, მედიის და გამოხატვის თავისუფლება, კერძო საკუთრების ხელშეუხებლობა, უმცირესობათა უფლებების დაცვა, კანონის უზენაესობა, მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობა, პოლიტიკური დევნისა და ძალადობის დაუშვებლობა,
ეფუძნება რა აღმოსავლეთ პარტნიორობის 2015 წლის რიგის, 2013 წლის ვილნიუსის, 2011 წლის ვარშავის და 2009 წლის პრაღის სამიტის დეკლარაციების, საქართველოს 1918 და 1991 წლების დამოუკიდებლობის აქტების სულისკვეთებას ისევე როგორც 2008 წლის 4 იანვრის პლებისციტის შედეგს;
ეყრდნობა რა საქართველოს პარლამენტის მიერ 2013 წლის 7 მარტს მიღებულ ინტერფრაქციულ განცხადებას საგარეო პოლიტიკაზე;
ეფუძნება რა პოლიტიკური გაერთიანება "ახალი მემარჯვენეების" ინიციატივით საქართველოს პოლიტიკური სპექტრის მნიშვნელოვანი ნაწილის მიერ 2015 წლის 1 დეკემბერს გაკეთებულ მიმართვას;
ეხმაურება რა საქართველოს პარლამენტის ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატების" მიერ მომზადებული განცხადების სულისკვეთებას;
საქართველოს პარლამენტი:
1. გამოთქვამს მადლობას ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტების მიმართ ასოცირების ხელშეკრულების დროული რატიფიკაციის გამო, და მოუწოდებს დარჩენილ წევრ სახელმწიფოს - ბელგიას - პროცესის დასრულებისკენ ხელშეკრულების ყველა ეკონომიკური და სავაჭრო მუხლების სრულად ამოქმედების ხელშესაწყობად;
2. მიმართავს ევროკომისიას წარმოადგინოს ოფიციალური წინადადება საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო რეჟიმის დაწესებაზე და იმედს გამოთქვამს რომ მას მოჰყვება ეროპარლამენტისა და ევროკავშირის საბჭოს დროული თანხმობა;
3. მოუწოდებს საქართველოს მთავრობას არ გადადგას იმგვარი ნაბიჯები რომლებმაც შეიძლება საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას და ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას საფრთხე შეუქმნას;
4. მოუწოდებს საქართველოს მთავრობას დროულად და სრულფასოვნად განახორციელოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული რეფორმები;
5. მოუწოდებს საქართველოს მთავრობას აწარმოოს მიზნობრივი საინფორმაციო კამპანია და მოახდინოს უვიზო მოგზაურობის უფლებებისა და ვალდებულებების შესახებ მოქალაქეთა ინფორმირება", - ნათქვამია რეზოლუციის პროექტში.
"ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" პარლამენტში რეზოლუცია დღეს შეაქვს, რომელიც ევროპასთან ვიზალიბერალიზაციის საკითხს ეხება და სადაც აღნიშნულია, რომ საქართველო, ქართველი ხალხი იმსახურებს ევროპაში უვიზო მიმოსვლას.
"გუშინ ჩვენ "ახალი მემარჯვენეების" ინიციატივას - ევროპასთან ვიზალიბერალიზასთან დაკავშირებით შევუერთდით. ვთვლით, რომ ეს უმნიშვნელოვანესი საკითხია. სწორედ ამიტომ, აღნიშნულთან დაკავშირებით პარლამენტში რეზოლუციის პროექტი შეგვაქვს. რეზოლუცია ეხება იმას, რომ ჩვენ ვამბობთ - საქართველო, ქართველი ხალხი იმსახურებს ევროპასთან უვიზო მიმოსვლას, ესაა უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი კიდევ უფრო დაახლოებისთვის ევროპისა და საქართველოსი", - განაცხადა უმცირესობის წევრმა გიორგი გაბაშვილმა.