ეკონომიკის მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილის ინფორმაციით, 9-10 დეკემბერს ჩინეთში საქართველო-ჩინეთის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართება, სადაც თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებები დაიწყება.
ამის შესახებ მინისტრმა „China Shipping Europe Holding“-ის პრეზიდენტ ლიუ ჭონგ პინგთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს სატრანსპორტო დერეფნის კონკურენტუნარიანობის გაზრდის საკითხებზე ისაუბრეს .
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ჩინური კორპორაცია, რომელიც 80 საერთაშორისო და ადგილობრივი მარშრუტის გავლით, მსოფლიოს 180-ზე მეტ პორტშია წარმოდგენილი, საქართველოში საქმიანობის გაზრდას გეგმავს. კომპანიის შეფასებით, ახლო მომავალში საქართველოსა და შავი ზღვის ქვეყნებს, აგრეთვე საქართველოსა და აზიის ქვეყნებს შორის საგარეო ვაჭრობა კიდევ უფრო ინტენსიური იქნება. ამის შედეგად, საზღვაო გადაზიდვების სფეროში მომსახურების ფართო სპექტრი და ხარისხი თვისობრივად ახალ, უფრო მაღალ სტანდარტებს დააკმაყოფილებს.
როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, 9-10 დეკემბერს ჩინეთში საქართველო-ჩინეთის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართება, რომლის დროსაც განხილული იქნება საქართველოს სატრანსპორტო დერეფანში ჩინეთიდან ტვირთის გატარების საკითხი.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განცხადა, რომ კომისიაზე ოფიციალურად გაიხსნება მოლაპარაკების პროცესი ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ.
დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, საქართველოს სატრანსპორტო ბაზარზე ლოგისტიკური კომპანიების საქმიანობის ხელშეწყობის უზრუნველსაყოფად 2015 წლის 15-16 ოქტომბერს საქართველოში პირველად გაიმართა თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი, რომელიც ასევე მნიშვნელოვან პლატფორმას წარმოადგენს ახალი აბრეშუმის გზის მონაწილე ქვეყნებისათვის, წარმატებით განახორციელონ ერთობლივი რეგიონალური მნიშვნელობის პროექტები.
მინისტრის განცხადებით, ყოველივე ხელს შეუწყობს საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის სრულად რეალიზებას და დამატებითი ტვირთნაკადების მოზიდვას.
დიმიტრი ქუმსიშვილმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა მასშტაბურ პროექტებზე, რომლებიც მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ ან მოახდენენ სამომავლოდ ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფნის კონკურენტუნარიანობის დონის ამაღლებაზე. მათ შორის, მინისტრმა გამოყო ანაკლიაში ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის პროექტი.
მინისტრმა ხაზი გაუსვა 2015 წლის თებერვალში ჩინეთიდან საქართველოში პირველი საკონტეინერო მატარებლის შემოსვლის ფაქტზე. მისი თქმით, ესაა ახალი აბრეშუმის გზის პროექტის ნაწილი, რომელიც წარმატებით განხორციელდა საქართველოს რკინიგზის, აზერბაიჯანის რკინიგზის, ყაზახეთის რკინიგზისა და ჩინეთის პროვინცია სინძიანის უშუალო მონაწილეობით. 28 სექტემბერს საქართველოში შემოვიდა მეორე ბლოკ-მატარებელი. აბრეშუმის გზის მარშრუტზე ტვირთმა რეკორდულ დროში, შვიდ დღეში გაიარა.
აღნიშნული პროექტების განხორციელების შემდეგ მნიშვნელოვნად გაიზრდება საქართველოს სატრანზიტო დერეფნის გამტარუნარიანობა, გადაზიდვის სიჩქარე და უსაფრთხოება. ამასთან მნიშვნელოვანია, რომ გაიზრდება საერთაშირისო სატრანსპორტო სისტემებში საქართველოს ინტეგრაციის ხარისხი, რაც საგრძნობლად გაზრდის საქართველოს ეკონომიკურ პოტენციალს.