დიდი კაცი პატარა ქვეყანაში

დიდი კაცი პატარა ქვეყანაში

 “ის იყო კარგად მოსული, ჩასხმული, მაღალი, მხარბეჭიანი და ლამაზი ვაჟკაცი, ომახიანი და მჭექარე ხმით. მაგრამ ამ ახოვანებას, მის რიხიანობას, როგორღაც არ ეხამებოდა სევდით მომზირალი სახე, ოდნავ ფერმკრთალი იერით და კეთილშობილური გამომეტყველებით. მისი წაბლისფერი თმა მუდამ ურჩობას ეწეოდა და ოდნავ შერხევაზე მის სპეტაკ შუბლს ხვეულ კულულებად ეფინებოდა. თვალები იშვიათი ჰქონდა, ფართო ღია ბაიებით. რიხიანი, უშიშარი და პირდაპირ შემხლელი, პირშივე მთქმელი სათქმელისა, ფიცხი და ამავე დროს განსაცვიფრებლად დინჯი იყო“. – ასე იგონებენ ნაცნობები იაკობ გოგებაშვილს.

1840 წლის 15 ოქტომბერს სოფელ ვარიანში (ახლანდელი გორის რაიონი) იაკობ გოგებაშვილი დაიბადა ღარიბი მღვდლის ოჯახში. სწავლობდა ჯერ გორის, შემდეგ თბილისის სასულიერო სასწავლებელში. 1855 წელს შევიდა თბილისის სასულიერო სემინარიაში, 1861 წელს კი — კიევის სასულიერო აკადემიაში. პარალელურად უნივერსიტეტში საბუნებისმეტყველო დისციპლინებში ისმენდა ლექციებს, მაგრამ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, იძულებული გახდა 1863 წელს სამშობლოში დაბრუნებულიყო.

1864 წელს გოგებაშვილი თბილისის სასულიერო სასწავლებლის მასწავლებლად, ხოლო 1868 წელს მის ინსპექტორად დაინიშნა. ამავე დროს, იგი აქტიურად ჩაება ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში, რომელსაც ილია ჭავჭავაძე და აკაკი წერეთელი მეთაურობდნენ. გოგებაშვილის პროგრესულმა პედაგოგიურმა მოღვაწეობამ სინოდისა და მეფის ხელისუფალთა უკმაყოფილება გამოიწვია და 1874 წელს, იგი, როგორც პოლიტიკურად არასაიმედო, მოხსნეს თანამდებობიდან. ამის შემდეგ, გოგებაშვილი სახელმწიფო სამსახურში აღარ შესულა და მთელი სიცოცხლე საზოგადო მოღვაწეობას მიუძღვნა. გოგებაშვილი დაუღალავად იბრძოდა სახალხო სკოლების შექმნა-დამკვიდრებისათვის საქართველოში. იცავდა რეალური განათლების უპირატესობას ფორმალურთან შედარებით. განსაკუთრებით დიდია ღვაწლი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დაარსებასა და საქმიანობაში.

გოგებაშვილის პედაგოგიური მოძღვრება ქართული კულტურის წიაღში საზღვარგარეთისა და რუსეთის პროგრესული პედაგოგიკის მემკვიდრეობის ათვისებისა და შემოქმებითად გადამუშავების შედეგად აღმოცენდა; მსოფლმხედველობა რუსეთის რევოლუციურ-დემოკრატიული იდეების გავლენით ჩამოყალიბდა.

მისთვის, როგორც კონსტანტინე უშინსკისათვის რუსეთში, მთავარი პედაგოგიკის პრინციპი იყო ხალხურობის პრინციპი, რომელიც ერის ინტერესების შესაბამის სახალხო განათლებას, ეროვნული კულტურის აღორძინებასა და მშობლიურ ენაზე სწავლებას გულისხმობდა, ამასთან რუსული ენის შესწავლის აუცილებლობასაც. გოგებაშვილმა ჩვენში პირველმა წამოაყენა აღმზრდელობითი სწავლების იდეა, ხოლო სწავლების პრინციპებად — შეგნებულობა და აქტიურობა, სისტემატურობა და თანამიმდევრობა, მისაწვდომობა და თვალსაჩინოება.

პედაგოგიკისა და ცალკეულ საგანთა მეთოდიკის ყველა მნიშვნელოვანი პრობლემა განხილულია გოგებაშვილის შრომებში: “ბურჯი ეროვნებისა“, “ხე ნაყოფით იცნობება“, “ახალი ნაბიჯი ხალხის განათლებაში“, “ბრმა წინამძღოლობა ხალხის განათლებაში“, “ახალი სამოსწავლო გეგმის შესახებ“, “სახალხო მასწავლებლის ღვაწლი და უკიდურესი გაჭირვება მისი“, “განათლების მდგომარეობა საქართველოში“, “მშობლიურ ენაზე სწავლების საკითხები“ და სხვა.

გოგებაშვილი ქართული საბავშვო ლიტერატურის ფუძემდებელია. მის მოთხრობებში დიდაქტიკური ელემენტი ორგანულად ერწყმის მხატვრულ რეალიზმს. გოგებაშვილის მხატვრული შემოქმედების ძირითადი წყაროა ქართული ფოლკლორი. ქართული ხალხური ანდაზების საფუძველზეა შექმნილი მოთხრობები “ქურდი და მამალი“, “მერცხალი და მეცხვარე“, “ცხვარი და მარტი“ და სხვა. მოთხრობები “დევნილი მეგობარი“, “ბეღურა“, “ლომი“, “მერცხალი“, “აქლემი“, “ორაგულის ცხოვრება“, “ნამი“, “ცისარტყელა“ და სხვა. ბავშვებს აცნობს ფრინველთა და ცხოველთა სამყაროს; ისტორიულ თემაზე დაწერილი მოთხრობები “ასპინძის ომი“, “იოთამ ზედგენიძე“, “ერეკლე მეფე და ინგილო ქალი“, “ცოტნე დადიანი“, “თავდადებული მღვდელი თევდორე“, “სხივი წარსულისა“, “სამასი თავდადებული გლეხი“ და სხვა.