ტერორისტული ორგანიზაციის წევრობისთვის დაკავებული დავით ბორჩაშვილის აღმკვეთის ღონისძიების საკითხზე მსჯელობა ღუდუშაურის კლინიკაში გაიმართება. ამის შესახებ დავით ბორჩაშვილის ადვოკატმა გელა ნიკოლაიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ დავით ბორჩაშვილმა განაცხადა, რომ მას არ სურს პროცესზე დასწრება, მოსამართლის გადაწყვეტილებით პროცესი მაინც ღუდუშაურის კლინიკაში ჩატარდება. ნიკოლაიშვილის თქმით, დაცვის მხარეს ამ დრომდე ბრალის დადგენილება არ გადასცემია.
"ბრალის დადგენილება არ გადმოგვცემია, მიუხედავად იმისა, რომ მას გრიფი არ ადევს. ბრალის დადგენილებაში წერია, რომ ბრალის წაყენების საფუძველი არის ის ვიდეოები, რომელიც გავრცელდა, ასევე ექსპერტების და პოლიციელების ჩვენებები, რომლებიც ადასტურებენ, რომ გავრცელებულ კადრებში ნამდვილად დავით ბორჩაშვილია, რასაც არც ჩვენ უარვყოფთ", - განაცხადა გელა ნიკოლაიშვილმა.
29 წლის დავით ბორჩაშვილი ორი დღის წინ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტიული ცენტრის თანამშრომლებმა დააკავეს. მას ბრალად სისხლის სამართლის კოდექსის 328-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული ედება, რაც გულისხმობს უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში ან უცხოეთის კონტორილისადმი დაქვემდებარებულ ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებას ან ტერორისტულ საქმიანობაში მის დახმარებას.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დავით ბორჩაშვილს 10-დან 18 წლამდე პატიმრობა ემუქრება.