შსს-ს დაქვემდებარებაში მყოფი “112”, რომელმაც რამდენიმე საგანგებო სამსახური უნდა გააერთიანოს, მათ შორის, სასწრაფო სამედიცინო სამსახური, ჯერ არ შექმნილა, მაგრამ მთავრობის N489 დაადგენილებით, სერვისის საფასური, მობილური თუ ფიქსირებული ტელეფონების მფლობელ მოსახლეობას უკვე მეორე თვეა ეჭრებათ. თუმცა, მიუხედავად ამისა, დედაქალაქში სასწრაფოს გამოძახება და მათი ოპერატიულობა უკვე პრობლემად იქცა. სასწრაფოს ექიმები ამას გამოძახების რაოდენობის გაზრდას უკავშირებენ, რიგითი მოქალაქეები კი თვლიან, რომ მთავრობას, განსაკუთრებით აღნიშნულ უწყებას, ხალხის ჯანმრთელობა რეალურად არ აინტერესებს. სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახებისას პრობლემა არაერთ თბილისელს შეექმნა. მოსახლეობა ამბობს, რომ ზოგჯერ 20 წუთი, ზოგჯერ 30 წუთი ცდილობენ აღნიშნულ სამსახურთან დაკავშირებას, თუმცა ხან ახერხებენ, ხან - არა. ჩვენი ერთი რესპონდენტი ამბობს, რომ ორი დღის წინ 3 წლის შვილი ცუდად გაუხდა, თუმცა სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახება პრაქტიკულად, ვერ შეძლო. „3 წლის შვილი მყავს, ორი დღის წინ სიცხე 39,6 ხაზი ჰქონდა. ტემპერატულის დამწევი საშუალებები მივეცი, მაგრამ ბავშვს სიცხე არ უწევდა. გადავწყვიტე სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამომეძახა, მაგრამ ეს შეუძლებელი იყო. მთელი 20 წუთის განმავლობაში ვრეკავდი 113-ზე, მაგრამ ავტომოპასუხე ამბობდა, რომ ყველა ოპერატორი დაკავებული იყო. არ ვიცოდი, რა გამეკეთებინა, სიცხე მაღლა მიდიოდა, მეშინოდა ბავშვს ფილტვები არ გადაწვოდა, მაგრამ პასუხი იყო - „ყველა ოპერატორი დაკავებულია. ბოლოს, ჩემს ერთ ძველ ნაცნობს დავურეკე, რომელიც მერიაში მუშაობს და ვთხოვე, რომ დამხმარებოდა. 2 წუთში დამირეკეს, მისამართი ჩაიწერეს, 5 წუთში კი სასწრაფო დახმარებაც მოვიდა. საბედნიეროდ, ბავშვს არაფერი საგანგაშო არ სჭირდა, მაგრამ როცა ტემპერატურას ვერ ვუგდებდი, ძალიან შევშინდი“, - უთხრა presage.tv-ს თბილისელმა სოფო მალანიამ. „როდესაც ყოველთვიურად მობილური ტელეფონიდანაც და ფიქსირებული ტელეფონიდანაც მაკლდება თანხა იმისათვის, რომ დაფინანსდეს რაღაც ორგანიზაცია, მათ შორის, სასწრაფო დახმარება, ბოლოს და ბოლოს, კეთილი ინებონ და მომსახურებაც გააუმჯობესონ. დაამატონ ოპერატორები, სასწრაფოს მანქანები და მოგვემსახურონ ისე, როგორც ყველა ნორმალურ ქვეყანაში ხდება. 20 წუთი რატომ უნდა ვცდილობდე სასწრაფოში დარეკვას, ვერ გამიგია. როგორც ჩანს, ამ უწყების ხელმძღვანელობას საერთოდ არ ანაღვლებს ხალხის ჯანმრთელობა“, - ამბობს presage.tv -სთან საუბარში თბილისელი დარეჯან ბაციკაძე. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ერთ-ერთი ბრიგადის ექიმმა კი გვითხრა, რომ ოპერატორთან დაკავშირებაც და გამოძახების ადგილზე დაგვიანებით მისვლაც გადატვირთული გრაფიკის გამო ხდება. „წელს ვირუსული ეპიდემია არ იყო გამოცხადებული, მაგრამ შარშანდელთან შედარებით გამოძახებების რაოდენობა კატასტროფულადაა გაზრდილი. შესაბამისად, ისეთი დატვირთული გრაფიკი გვაქვს, რომ ზოგჯერ საჭმლის ჭამასაც ვერ ვახერხებთ“, - გვითხრა ერთ-ერთმა ექიმმა. სასწრაფო სამედიცინო დახმარება წლების განმავლობაში უფასო იყო. გასულ წელს კი მთავრობამ ამერიკული 911-ის ანალოგიური 112-ის შექმნა გადაწყვიტა და შესაბამისი ტარიფიც დაადგინა. ფიზიკური პირებს ფიქსირებული და მობილური ტელეფონებიდან თვეში 20 თეთრი აკლდებათ, იურიდიულ პირებს კი 50 თეთრი. თანხა აბონენტს მაშინაც აკლდება, თუ მას 112-ის საფარქვეშ გაერთიანებული არც ერთი სამსახურის მომსახურება არ დასჭირდა. შესაბამისად, 112-ის ბიუჯეტში საკმაოდ სოლიდური თანხების აკუმულირება ხდება. 112-ის გამოძახებაზე ტარიფის დადგენას ოპოზიცია დღესაც აკრიტიკებს. საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერის ლევან ვეფხვაძის ინფორმაციით, 112-ზე გადასახადის დაწესებიდან შესაბამისი უწყების ბიუჯეტში ყოველთვე მხოლოდ მობილური ოპერატორებიდან 400 ათასი ლარი შევა. მისი თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომლის ქვეშაც შეიქმნა ეს სტრუქტურა, მობილური ოპერატორებისთვის თანხის გადახდას თავს არიდებს და წინასწარ, იმის მიუხედავად, დასჭირდება თუ არა აბონენტს გადაუდებელი დახმარების გამოძახება, ფიქსირებულ თანხას ჩამოაჭრის. რატომ უნდა გადაიხადონ ეს საფასური აბონენტებმა იმ შემთხვევაშიც კი, თუ „112“-ის მომსახურებით არ სარგებლობენ? და, საერთოდ, რატომ უნდა იყოს მსგავსი მომსახურება ფასიანი? ამაზე მთავრობის წევრებს განსხვავებული პასუხები ჰქონდათ. მთავრობის საპარლამენტო მდივანი გია ხუროშვილი ამბობდა, რომ გადასახადის დაწესებით გადაუდებელი დახმარების გამოძახებისთვის ყველა დაბრკოლებაა მოხსნილი. მისი თქმით, 112-ის ამოქმედების შემდეგ გადაუდებელი დახმარების ცენტრები ერთ ნომერზე კონცენტრირდება, ხოლო გამოძახების დროს ოპერატორს დაევალება ოპერატიულად მოახდინოს დაზარალებულის დასახმარებლად საჭირო საგანაგებო სამსახურის გაგზავნა. გახდება თუ არა სასწრაფო სამედიცინო დახმარება ოპერატიული მას შემდეგ, რაც 112-ს ოფიციალურად შეიქმნება, მეორე საკითხია, თუმცა დღეს სასწრაფო სამედიცინო სამსახურის განსაკუთრებულ ოპერატიულობაზე საუბარი, არც მეტი, არც ნაკლები, არასერიოზულია. |