„კავკასიურ დერბში“ ქართველებმა იმარჯვეს

„კავკასიურ დერბში“ ქართველებმა იმარჯვეს

ერთა ლიგის B დივიზიონში დასარჩენი პლეი ოფის შეხვედრაში სომხეთმა საქართველოს უმასპინძლა. „კავკასიურ დერბში“ ქართველებმა იმარჯვეს. „ჯვაროსნები“ ერევანში დანაკლისით ჩავიდნენ - ნაკრებს დისკვალიფიკაციის გამო გუნდის კაპიტანი გურამ კაშია და ერთ-ერთი ლიდერი ხვიჩა კვარაცხელია დააკლდა. ფრანგ სპციალისტს, ვილი სანიოლს შემადგენლობაში ცვლილებების განოხრციელება მოუწია და ეროვნულ გუნდში დააბრუნა ირაკლი აზაროვი და ნიკა კვეკვესკირი.

აღსანიშნავია, რომ მეზობლური დერბი ყოველთვის დიდი ინტერესით გამოირჩევა და არც ეს თამაში ყოფილა გამონაკლისი. სომხეთის დედაქალაქში ქართველ გულშემატკივართა დიდ არმია წავიდა - სტადიონზე მათი რაოდენობა სომეხთა ქომაგებს არ ჩამოუვარდებოდა.

რაც შეეხება უშუალოდ თამაშს - პირველი მომენტი მე-5 წუთზე ჩაკვეტაძემ შექმნა, რომელმაც ივუს ბურთი აართვა, კარისკენ დაიძრა და მეტოქის მცველთნ ორთაბრძოლისას საჯარიმოსთან წაიქცა, მაგრამ არბიტრმა წესის დარღვევა არ დააფიქსირა.

33-ე წუთზე ქოჩორაშვილმა მეტოქის გადაცემა ჩაჭრა, ბურთი კიტეიშვილთან გაითამაშა და დასარტყმელ პოზიციაზე გასულმა ანგარიში გახსნა. ოთხ წუთში კი მამარდაშვილის გადაცემით მიქაუტაძემ მახვილი კუთხიდან გაიტანა და საქართველოს ნაკრების უპირატესობა ორამდე გაზარდა. აღსანიშნავია, რომ ეს საქართველოს ნაკრების ისტორიაში მეკარის მიერ შესრულებული პირველი საგოლე გადაცემა იყო. შესვენების საქართველოს ნაკრებმა მესამეც გაიტანა – სწრაფი კონტრშეტევის შემდეგ გიორგი მიქაუტაძემ დუბლი შეასრულა – 3:0. საბოლოოდ ანგარიში აღარ შეცვლილა, საქართველოს ნაკრებმა მეტოქე დამაჯერებლად დაამარცხა და B დივიზიონში დასარჩენად დიდი ნაბიჯი გადადგა.

ერთა ლიგის B დივიზიონის პლეი ოფის საპასუხო შეხვედრაში საქართველოს ნაკრები სომხეთს 23 მარტს თბილისში, „დინამო არენაზე“ უმასპინძლებს – მატჩი 18:00 საათზე დაიწყება

მატჩის დასრულების შემდეგ, თამაში ფეხბურთლებმა და მწვრთნელებმა შეაფასეს.

აღსანიშნავია, რომ სომხეთის ნაკრების მწვრთვნელი გიორგი მიქაუტაძის ყოფილი მწვრთნელი იყო „აიაქსში“, სადაც ქართველ ფეხბურთელს არ ათამაშებდა. ქართველი ფორვარდის თქმით, ეს მისთვის დიდი მოტივაცია იყო: „მოტივაცია, რა თქმა უნდა, მქონდა თუმცა თამაშის დროს ამაზე არ ვფიქრობდი. მხოლო მოგება მსურდა. ძალიან კარგი თამაში იყო - 3:0 მოვიგეთ. მთავარი ნაბიჯი გადავდგით ფლეი-ოფში. ასევე, მინდა ჩვენს გულშემატკივარს მადლობა გადავუხადო. ძალიან კარგი სანახაობა იყო მათი სტადიონზე ხილვა. რაც მთავარია, სამ დღეში კიდევ ერთი თამაში გველის და ის შეხვედრაც უნდა მოვიგოთ“, - აღნიშნა მიქაუტაძემ.

მიქაუტაძეს 18 გოლი დაუგროვდა, გადაასწრო ხვიჩა კვარაცხელიასა და თემურ ქეცბაიას. შეკითხვაზე, ამ თემაზე ხვიჩა კვარაცხელიასთან თუ ისაუბრა, გიორგის პასუხი ასეთი იყო: „გასახდელში რომ შევალ, ვეტყვი და ვნახოთ, რას მიპასუხებს“.

როგორც გიორგი ქოჩორაშვილმა მატჩის შემდეგ თქვა, გოლი დედას მუძღვნა, რადგან დაბადებისდღე ჰქონდა. „უპირველეს ყოვლისა ბედნიერი ვარ, რომ მოვიგეთ. თუმცა, ჯერ არაფერია დამთავრებული, განმეორებითი შეხვედრა სახლში გველოდება. ახლა უნდა დავისვენოთ და მეორე თამაშისთვის მოვემზადოთ. ბედნიერი ვარ გუნდის გამარჯვებით და გუნდის კარგი თამაშით. ასევე, გოლით რომელიც დედაჩემს ეკუთვნის, რადგან მისი დაბადების დღეა. სომხეთის ნაკრების ფეხბურთელმა, რომელიც „ლევანტეში ჩემი თანაგუნდელი იყო, მითხრა, რომ ამდენ ქართველ გულშემატკივარს არ ელოდა. მათ ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო. რაც არ უნდა ხდებოდეს ჩვენს ქვეყანაში, ისინი ყოველთვის მოდიან სტადიონზე და მხარს გვიჭერენ“, - აღნიშნა ქოჩორაშვილმა.

მარტო ქართველი გულშემატკივრების ხმა მესმოდა მოედანზე - აღნიშნა მატჩის შემდეგ საბა გოგლიჩიძემ და დასძინა: „ბედნიერი ვარ გამარჯვებით. ზღვა ემოციები იყო, თუმცა არაფერი დამთავრებულა, საქმე ბოლომდეა მისაყვანი. „დინამო არენაზე“ დამაჯერებლად გვინდა გამარჯვება, შემდეგ შეგვეძლება, რომ ვიზეიმოთ“. გოგლიჩიძემ, რომელიც გურამ კაშიას ნაცვლად ითამაშა, მის ჩანაცვლებაზეც გააკეთა კომენტარი: „კაპიტნისგან რჩევები მივიღე. ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, კაპიტნის ადგილას თამაში. მისი რჩევები გავითვალისწინე, კარი მშრალად შევინახეთ და მოვიგეთ“.

თამაში შეაფასა ოთარ კიტეიშვილმაც, რომელმაც ნაკრებს პირველად უკაპიტნა. „მოედანზე, რომ გავდიოდი, ბევრად განსხვავებული განცდები იყო. სანამ თამაში დაიწყებოდა ცოტა ეიფორიაშიც ვიყავი. თუმცა, როდესაც თამაშზე კონცეტრირდები, მერე უკვე სხვანაირი განწყობით ხარ. რა თქმა უნდა, როდესაც პირველად ირგებ კაპიტნის სამკლაურს, ეს განსაკუთრებული გრძნობაა. რაც შეეხება თამაშს, მთლიანობაში დამაჯერებლად მოვიგეთ. მთელი შეხვედრა თამაშს ჩვენ ვაკონტროლებდით. მნიშვნელოვანი იყო, რომ პირველ ტაიმში მოვახერხეთ ორი გოლის გატანა. შემდეგ უკვე, სივრცეები მეტი გვქონდა, კონტრშეტევაზე სახიფათოები ვყავით და როდესაც ჩვენს შემტევებს სივრცე აქვთ, ისინი სახიფათნოები არიან. ეს შესაძლებლობა კარგად გამოვიყენეთ. ვთვლი, რომ ძალიან კარგი მატჩი ჩავატარეთ. რა თქმა უნდა, იყო რამდენიმე მომენტი, როდესაც არასაჭირო კონტრშეტევა გაგვეპარა, მაგრამ ესეც თამაშის ნაწილია. თუმცა, ამ მცირე ხარვეზებს გამოვასწრებთ. მეორე შეხვედრა გველის და გამარჯვება ბოლომდეა მისაყვანი“ - აღნიშნა კიტეიშვილმა.

თამაში შეაფასა საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა და მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე შემდეგი რამ განაცხადა: „რაც შეეხება ლუკა ლოჩოშვილის ტრავმას, როგორც ვიცი, სერიოზული და მძიმე დაზიანება არ არის. თუმცა, არა მგონია, საპასუხო მატჩში მონაწილეობა მიიღოს. ლუკა ბოლო დროს იტალიაში კარგად თამაშობს და დღესაც კმაყოფილი ვარ მისი გამოსვლით. ჩვენ მომავალშიც მისი დიდი იმედი გვაქვს.

გავაანალიზეთ სომხეთის თამაში და მივხვდით, რომ მიქაუტაძეს შეტევებისთვის დიდი სივრცეები ექნებოდა. სასიხარულოა, რომ გიორგიმ შანსებით ისარგებლა და წარმატებული თამაში ჩაატარა.

დღეს აქცენტი იმაზე გავაკეთეთ, რომ უშეცდომოდ გვეთამაშა და საგოლე მომენტები გამოგვეყენებინა, ეს ჩვენს გუნდს თავდაჯერებას მატებს. იქიდან გამომდინარე, რომ კაშია დისკვალიფიცირებული იყო, შემადგენლობის უნდა გადაგვეხალისებინა. დაცვით კმაყოფილი ვარ, ლოჩოშვილმა და გოგლიჩიძემ დამაჯერებლად ითამაშეს“.

მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე, სომხეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჯონ ვან’ტ სხიპმა განაცხადა, რომ პირველი გოლის შემდეგ მისმა გუნდმა განწყობა დაკარგა. „დასანანია, რომ შეცდომები დავუშვით, საქართველოს ნაკრებმა ამით ისარგებლა და სამი გოლი გაგვიტანა. პირველი გოლის შემდეგ გუნდმა ხასიათი და განწყობა დაკარგა და თამაშიც აირია. წაგების მიუხედავად, მსურს ბარსეგიანი შევაქო, რომელმაც თავის პოზიციაზე კარგად ითამაშა.

ახლა თბილისური მატჩისთვის უნდა მოვემზადოთ. ორმატჩიანი დაპირისპირების ბედის შემოტრიალება რთული იქნება, მაგრამ შევეცდებით, საქმე თბილისში გამოვასწოროთ“.