ექსპერტები შიშობენ, რომ ბაზარზე ჯანმრთელობისთვის საშიში პური იყიდება

ექსპერტები შიშობენ, რომ ბაზარზე ჯანმრთელობისთვის საშიში პური იყიდება

მაშინ, როდესაც ლეიბორისტები პურზე ფიქსირებული გადასახადის დაწესებას ითხოვენ, ქრისტიან-დემოკრატები კი - გაიაფებას, სპეციალისტები სულ სხვა პრობლემაზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ დღეს ბაზარზე გამოტანილი პურ-პროდუქტების გარკვეული ნაწილი შესაბამის სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს და ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიშია. საუბარია, ე.წ. კარტოფილის დაავადებით დაავადებული ფქვილით გამომცხვარ პურზე,  რომელიც კარცენოგენურ ნივთიერებებს შეიცავს და სიმსივნურ დაავადებებს იწვევს.

შეგახსენებთ, რომ უკვე რამდენიმე დღეა ოპოზიციური პარტიები პურის მაღალ ფასზე განცხადებებს ზედიზედ აკეთებენ. კერძოდ, ლეიბორისტები პურზე ფიქსირებული ფასების დაწესებას ითხოვენ. ქრისტიან-დემოკრატები კი მის გაიაფებას ითხოვენ. ორივე პარტია საკუთარი ინიციატივის გაჟღერების მთავარ მიზეზად ბაზარზე ფქვილის გაიაფებას ასახელებენ. თუმცა არც ერთი მათგანი არ საუბრობს იმაზე, თუ რა ხარისხის პურს მიირთმევს ქვეყნის მოსახლეობა.

არადა, ბაზარზე სარეალიზაციოდ გამოტანილ პურთან დაკავშირებით კრიტიკა უკვე წლებია ისმის. მომხმარებელთა ერთი ნაწილი წონას უჩივის, ნაწილი იმაზე საუბრობს, რომ პური მალე ფუჭდება, ზოგიც - უცნაურ გემოზე. სპეციალისტები კი აცხადებენ, საქართველოში, განსაკუთრებით კი ბოლო პერიოდში, ხშირია შემთხვევები, როდესაც ბაზარზე ჯანმრთელობისთვის მავნე პური იყიდება. საუბარია, ე.წ. კარტოფილის დაავადებით დაავადებული ფქვილით გამომცხვარ პურზე, რომელიც კარცენოგენურ ნივთიერებებს შეიცავს და სიმსივნურ დაავადებებს იწვევს.

მიუხედავად ამ ყველაფრისა, პურის ხარისხთან დაკავშირებით სპეციალური კვლევა უკვე წლებია აღარ ჩატარებულა. უკანასკნელი კვლევა დაახლოებით 5 წლის წინ არასამთავრობო ორგანიზაცია კავშირი „21-ე საუკუნე“-მ ჩაატარა. მაშინ პურის ხარისხობრივი მაჩვენებლებისა და უსაფრთხოების პარამეტრების დადგენის მიზნით, ორგანიზაციამ რამდენიმე სახეობის პურის ხარისხი შეამოწმა, შედეგად აღმოჩნდა, რომ შემოწმებული პურის დიდი ნაწილი არ პასუხობდა ამ სპეციალურ მოთხოვნებს, რაც პურთან მიმართებაში არსებობს.

დღეს კი მომხმარებელთა ფედერაციაში ამბობენ, რომ უახლოეს მომავალში კვლევის ჩატარებას ნამდვილად აპირებენ, რადგან, ბოლო პერიოდში პურის ხარისხთან დაკავშირებით პრეტენზიები მუდმივად ისმის.

„საერთოდ, ჩვენთან პურის ხარისხის დადგენა პრაქტიკულად, შეუძლებელია. თუმცა აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში მომხმარებლები ხშირად რეკავენ და განსაკუთრებით, დაჭრილი პურის ხარისხზე ჩივიან. მომხმარებელები გვეუბნებიან, რომ დაჭრილი პურის შიგთავსი არ არის კარგად გამომცხვარი და არის წებოვანი, რაც იმაზე მიუთითებს, რომ შესაძლოა, ეს პური კარტოფილის დაავადებით დაავადებული ფქვილისგან იყოს გამომცხვარი.

ადრე ასეთი საჩივრები ძირითადად ზაფხულში შემოდიოდა, ახლა კი მოხმარებელი თითქმის ყველა სეზონზე გვირეკავს. სწორედ ამიტომ მომხმარებელთა ფედერაციამ გადაწყვიტა, რომ მომავალში პურის ხარისხსა და მის უსაფრთხოებაზე სპეციალური კვლევა ჩაატაროს“, - აცხადებს მომხმარებელთა ფედერაციის პრეზიდენტი მადონა კოიძე.

რაც შეეხება კარტოფილის დაავადებით დაავადებული ფქვილისგან გამომცხვარ პურს, კოიძის თქმით, ის ქართულ ბაზარზე ხშირად გვხვდება. ასეთი ფქვილით გამომცხვარი პური კი კარცენოგენურ ნივთიერებებს შეიცავს და ის ადამიანის ორგანიზმიში სიმსივნური დაავადებების გაჩენას უწყობს ხელს.

„კარტოფილის დაავადება განსაკუთრებით თავს ზაფხულში იჩენს ხოლმე. ასეთი პური ქართულ ბაზარზეც ხშირად გვხვდება. ამ დროს პურის გული ცომივით რბილია და მომხმარებელს ჰგონია, რომ ის კარგად არაა გამომცხვარი. არადა, საქმე სწორედ კარტოფილის დაავადებასთან გვაქვს, რომელიც სიმსივნურ დაავადებებს იწვევს. სამწუხაროდ, ძალიან ხშირია შემთხვევები, როდესაც ფქვილის არასწორი შენახვა ხდება. ეს მის დაბინძურებას იწვევს. კარტოფილის დაავადებით დაავადებული პური აუცილებლად უნდა განადგურდეს და ის ერთი მეტრის სიღრმეში უნდა დაიმარხოს, რათა მან არ დააბინძუროს გარემო. წარმოიდგინეთ, როდესაც ადამიანი ასეთ პურს მოიხმარს, რა ზიანი ადგება მის ჯანმრთელობას“, -განაცხადა კოიძემ.

კვლევა არ ჩაუტარებია „სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრსაც“, თუმცა როგორც ცენტრის ექსპერტი ეთერ სარჯველაძე აცხადებს, გარეგანი დაკვირვებით, ხშირია შემთხვევები, როდესაც პურის ცხობისას საღებავების გამოყენება ხდება.

„თუმცა მთავარი პრობლემა ისაა, რომ არ ხდება ეტიკეტირება და მომხმარებელმა არ იცის, ის პროდუქტი, რომელსაც ყიდულობს, რა ნივთიერებებს შეიცავს. პურის ცხობისას არამიზნობრივად ხშირად იყენებენ გამათეთრებლებს, ასევე იყენებენ საღებავებს, რომელიც შაქრის მიღებიდან რჩება. როცა ამ ნივთიერებებს იყენებ, ცხადია, რომ ეტიკეტზე უნდა იყოს ეს ყველაფერი მითითებული, რაც არ ხდება. ამიტომ ყველაზე მთავარი პრობლემა, რაც ქართულ ბაზარზე არსებობს, არის ეტიკეტირება“, - აღნიშნა სარჯველაძემ.

სურსათის უვნებლობის, ვეტერინარინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნულ სამსახურში კი გვითხრეს, რომ ბოლო პერიოდში საცხობებში სერიოზულ დარღვევებს ადგილი არ ჰქონია. მათივე ინფორმაციით, იყო ერთეული შემთხვევები, როცა მზა პროდუქტებში ადგილი ჰქონდა ტენიანობის დარღვევას.