ლევან კალანდაძე: ვაუჩერი უნდა მოვიხმაროთ, რადგან ეს ჩვენი ფულით შექმნილი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხაა

ლევან კალანდაძე: ვაუჩერი უნდა მოვიხმაროთ, რადგან ეს ჩვენი ფულით შექმნილი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხაა

ხელისუფლების ინიციატივით ქვეყანაში ვაუჩერიზაციის პროცესი გრძელდება.   ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების განცხადებით,  20 ლარიანი ელექტროენერგიის ვაუჩერი  ხელისუფლების  მორიგი პიარ აქციაა, რომელიც საზოგადოებაში კეთილგანწყობის მოპოვებას ცდილობს, ხელისუფლების წარმომადგენლების მტკიცებით კი, ეს ღონისძიება მოსახლეობის კეთილდღეობას ემსახურება.

როგორ აფასებს ხელისუფლების ამ მოტივაციას და რამდენად მართებულია ერთჯერადი დახმარების სახით ვაუჩერების დარიგება  presage.tv ეკონომიკის საკითხების ექსპერტს, ლევან კალანდაძეს ესაუბრა.

ლევან კალანდაძე:  ჩვენს ქვეყანაში ე. წ. ვაუჩერული პოლიტიკა, ანუ ხალხთან ვაუჩერებით  ურთიერთობა გარკვეულ ტრადიციად ჩამოყალიბდა.  ელექტროენენერგიის ე.წ. 20 ლარიანი ვაუჩერი, ჩვენ  კუჭის წყლულის სოდით  მკურნალობას შევადარეთ, როცა მაგალითად,  შესაბამისი მკურნალობის ნაცვლად,  ექიმი კუჭის წყლულით დაადადებულ პაციენტს,  სოდით მკურნალობას  უნიშნავს.  ეს რა თქმა უნდა,  მცირედად  წამიერად  აყუჩებს ტკივილს, მაგრამ რეალურად ვერ ხნის იმ პრობლემას,  რაც წარმოადგენს ამ დაავადების სათავეს. სამწუხაროდ,  ჩვენს ხელისუფლებასაც, ასეთი გამარტივებული მიდგომა, გამარტივებული პოლიტიკა აქვს შემუშავებული და ასეთ გამარტივებულ პოლიტიკას ახორციელებს.

 ბუნებრივია, როცა ვსაუბრობთ იქნება თუ არა მოსახლეობისთვის შეღავათი ოცლარიანი ვაუჩერი,  რა თქმა უნდა იქნება,  მაგრამ 20 ლარიანი ვაუჩერი ამ პრობლემას რაც ზოგადად ელექტროენერგიის გადასახადის გადახდასთან დაკავშირებით აქვს მოსახლეობას  ვერ აღმოფხვრის.  პრობლემა კი იმაში მდგომარეობს, რომ სამწუხაროდ,  დღეს საქართველოში არავინ  იცის რა არის ელექტრონერგიის თვითღირებულება,  არავინ იცის რა უჯდება ჰიდროელექტრო სადგურებს და ელექტროენერგიის გამომუშავებელ კომპანიებს ერთი კილოვატ საათი ენერგია. შესაბამისად,  ადამიანებს  ენერგეტიკაში ელექტროენერგიის ე.წ. გაზრდილი პოლიტიკური ფასის გადახდა  უწევს.  გასაგებია,  რომ გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნებისთვის მოსახლეობას მოუწევს გარკვეული პოლიტიკური ფასის გადახდა, მაგრამ საქმე სწორედ ისაა, თუ რამდენად დიდი შეიძლება იყოს ეს პოლიტიკური ფასი.   ექსპერტული გათვლებით,  როცა  ვიცით, რომ საქართველოში წარმოებული ელექტროენერგიის ფასი ერთ ნახევრიდან - ორნახევარ თეთრამდეა  და საცალო ქსელში მიწოდებულ ელექტროენერგიაში ჩვენ   თვრამეტ თეთრს  ვიხდით, მოსახლეობის მიერ გადახდილი პოლიტიკური ფასი, ძალიან დიდი გამოდის.   აქედან გამომდინარე,  საზოგადოებაში ჩნდება ძალიან მარტივი კითხვა და ეჭვი,   რომ ის სიკეთე, რაც ასე ვთქვათ ქვეყნის ელექტროფიკაციას და 24 საათიან ელექტრომომარაგებას უკავშირდება ხომ არაა იმის მიზეზი,  რომ ხელისუფლებამ ინვესტიციები ენერგეტიკის სფეროში   სწორედ ამ ზემაღლი მოგების მიღების გარანტიის ქვეშ  მოიზიდა .   ანუ  რეალურად ხელისუფლებამ  დაუშვა ისეთი მდგომარეობა ინვესტორებისთვის, როცა  ქვეყანაში  საფასო პოლიტიკა  არაკონტროლირებადი,  არა ტრანსფარენტულია და კომპანიებს ეძლევთ   ზემაღალი მოგების დაწესების  საშუალება, ანუ მაღალი ფასის დაწესების ხარჯზე თავის მიერ ამ სფეროში ჩადებული ინვესტიციები  მოსახლეობის ჯიბიდან ამოიღოს.  ბუნებრივია, საქართველოში ენერგეტიკის სფეროს რეგულატორი, მარეგულირებელი კომისია   არსებობს, მაგრამ სამწუხაროდ,  ეს თემები  აქაც ბურუსით  მოცულია  და რეალურად ამ თემებზე არავინ საუბრობს.  იმის მაგივრად,  რომ ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისია სახელმწიფო პოლიტიკის გამტარებელი იყოს და ეს სახელმწიფო პოლიტიკა თითოეულ გადამხდელზე იყოს  მორგებული  პირიქით ხდება.  ენერგეტიკის  მარეგულირებელი კომპანია გარკვეულ ლობისტურ კომპანიად გვევლინება იმ კომპანიებისთვის, რომლებიც  ელექტროენერგიას მომხმარებელს  აწვდიან   და  აქედან ზემაღალ მოგებას  იღებენ.

ბოლო პერიოდში ხელისუფლება ხშირად აპელირებს, რომ საქართველო ელექტრო ენერგიის ექსპორტიორ ქვეყანად  ჩამოყალიბდა...

 ეს მართლაც ძალიან კარგია.  ენერგეტიკის სამინისტრომ ახლა გამოაცხადა ტენდერი 15 ჰიდრო ელექტრო სადგურზე და ჩვენი მთავრობა გვპირდება, რომ ამ პოლიტიკით საქართველოს ენერგეტიკული სიმძლავრეები ზოგადად გაიზრდება და ეს სიკეთეს მოუტანს ქვეყანას. გარკვეული თვალსაზრისით ეს მართლაც ასეა. გაიზრდება საქართველოს ენერგეტიკული პოტენციალი,  გაიზრდება საექსპორტო პოტენციალი საქართველოს ენერგეტიკაში, მაგრამ რამდენად აისახება ეს თითოეულ მოქალაქეზე სიკეთის სახით  სამწუხაროდ,  ამ საკითხთან დაკავშირებით,  ძალიან მკვეთრად ნეგატიური მოლოდინი მაქვს, რადგან  პოლიტიკა, რაც დღეს ენერგეტიკის სფეროშია  ჩამოყალიბებული და  რაც ხორციელდება ხელისუფლების მიერ ორიენტირებულია სწორედ ესეთი მონოპოლისტური დაჯგუფებების,  ენერგეტიკაში არსებული ე.წ. კლანური დაჯგუფების ინტერესებზე და არამც და არამც მომხმარებლის სამომხმარებლო ინტერესზე.

ძალიან ხშირად ისმის კითხვა უნდა გამოვიყენოთ  ეს ელექტროენერგიის ვაუჩერი თუ უბრალოდ, ხელისუფლების ამ პოლიტიკასთან  დაკავშირებით სამოქალაქო  პროტესტი  უნდა გამოვხატოთ. მერწმუნეთ, პროტესტის გამოხატვა არანაირი შედეგის მომტანი არ იქნება. თითოეულ მოქალაქეს, კარგად უნდა ესმოდეს, რომ ეს  სამადლოდ დარიგებული ოცი ლარი არაა. ეს არის ჩვენი ფულით შექმნილი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა და   რა თქმა უნდა, ეს ვაუჩერი უნდა მოვიხმაროთ.  რა თქმა უნდა უნდა, უნდა  მივიღოთ ეს სიკეთე, მაგრამ ვიცოდეთ  პოლიტიკა,  რომელსაც ხელისუფლება ენერგეტიკის სფეროში  სატარიფო კუთხით ატარებს მავნებლურია და არამც და არამც შედეგზე ორიენტირებული.

თქვენი განცხადებით, ხელისუფლება მსგავს ინიციატივას რამდენიმე წამიანი ეფექტის მისაღებად იყენებს, მაშინ როგორ ფიქრობთ, რა მოტივი შეიძლება ჰქონდეს ხელისუფლებას, რომ მოსახლეობასთან  წამიან ეფექტებზე იმუშავოს?

უმთავრესი მოტივაცია ხელისუფლებას,   წმინდა პრაგმატულ გათვლებზე აქვს დაფუძნებული.  მოგეხსენებათ 2012 წელი  პოლიტიკურად ცხელი წელია, საპარლამენტო არჩევნების წელია, საპარლამენტო არჩევნების წელს  კი,  საპრეზიდენტო არჩევნების წელი მოჰყვება და შესაბამისად, ხელისუფლება ცდილობს ერთჯერადი პიარაქციებით  საზოგადოების სხვადასხვა ნაწილში კეთილგანწყობა მოიპოვოს.   ეს  წმინდა მერკანტიულ გათვლას ემსახურება და საარჩევნო ხმების მობილიზაციაზეა  ორიენტირებული.  

  სავარაუდოდ ალბათ,  სხვადსხვა მიმართულებით  კიდევ უფრო მეტი ვაუჩერი დარიგდება. გახსოვთ ალბათ,  ე.წ. სასოფლო სამეურნეო  30 ლარიანი ვაუჩერი, რომელიც მოსახლეობას  დაურიგდა. მაგრამ პარადოქსული სიტუაციაა, როცა ჩვენ  სოფლად გლეხებს ვხვდებით აღმოჩნდა, რომ ამ ვაუჩერის აბსოლუტური უმრავლესობა გლეხებმა გაყიდეს.  პარადოქსია ასევე ისიც,  რომ 30 ლარიანი ვაუჩერი გაიყიდა მხოლოდ 15 ლარად,  ანუ რეალური ღირებულება იმ ვაუჩერისა, იმ სახელმწიფოსო ფასიანი ქაღალდისა, რომელიც სახელმწიფომ 30 ლარად შეაფასა  მისი რეალური ღირებულება და მსყიდველობითი უნარი 15 ლარი  ანუ 50% იიყო.  მაშინ როცა  სასოფლო სამეურნეო მანიპულაციების განხორციელებისას ერთი ჰექტრის  დასამუშავებლად საჭიროა შვიდასი - რვაასი ლარი 30 ლარიანი ვაუჩერის დარიგება უბრალოდ,  ადამიანის უპატივცემულობა და დაცინვაა.