თბილისის შემდეგ დასუფთავების გადასახადი ელექტროენერგიის ტარიფს შესაძლოა, რეგიონებშიც მიებას

თბილისის შემდეგ დასუფთავების გადასახადი ელექტროენერგიის ტარიფს შესაძლოა, რეგიონებშიც მიებას

თბილისის შემდეგ დასუფთავების გადასახადის ახალი სისტემა შესაძლოა, რეგიონებშიც ამოქმედდეს. ეს ეჭვი ხელისუფლების  ოპონენტებში პარლამენტში შესული იმ კანონპროექტის გახმაურების შემდეგ გაჩნდა, რომლის მიხედვითაც 1-ელი მაისიდან კერძო სამართლის იურიდიული პირის შექმნას ითვალისწინებს, რომელიც ქვეყნის მასშტაბით დასუფთავების სერვისს განახორციელებს. ამავე კანონპროექტის მიხედვით, აღნიშნული სამსახური რეგიონული ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში შევა.

 „ეს ახალი ინიციატივა სერიოზულ ეჭვს ბადებს, რომ დასუფთავების გადასახადი დენის ტარიფს თბილისის გარდა რეგიონებშიც მიებას“, - განაცხადა საკრებულოს „თავისუფალი დემოკრატების“ წევრმა ზურაბ აბაშიძემ.

დასუფთავების გადასახადების ელექტროენერგიის ტარიფთან მიბმას არ გამორიცხავს არც „ქრისტრიან-დემოკრატების“ წევრი ზაზა გაბუნია. მისი თქმით, „მას შემდეგ, რაც თბილისში ახალი წესი ამოქმედდა, შპს. „თბილსერვისმა“ საკმაოდ სერიოზული მოგება ნახა და შესაბამისად, ამ წესის რეგიონებში გადატანა მოულოდნელი ჩემთვის მოულოდნელი არ იქნება.

ყველა მიხვდა, რომ დასუფთავების გადასახადის დენის ტარიფთან მიბმა რენტაბელურია და ამით ნაციონალების ყულაბაში საკმაოდ დიდი ფულის კონცენტრირება შეიძლება. თან წინ არის 2 არჩევნები და ხელისუფლებას ამისთვის ფული სჭირდება. მართალია, „თბილსერვისს“ ხარჯთაღრიცხა ჯერ არ გამოუქვეყნებია, მაგრამ კულუარული ინფორმაციით ვიცი, რომ ნაგვის გადასახადიდან კომპანიამ უკვე 10 მილიონ ლარზე მეტი ამოიღო.

ის, რომ დასუფთავების გადასახადი დენის ტარიფს მიებმება, თავიდანვე გაჟღერდა, როდესაც ის თბილისში ამოქმედდა. კეთდებოდა ასეთი მინიშნება, რომ თუ თბილისში გამართლდება ეს სქემა, მერე რეგიონებზეც გადავალთო. თბილისში გაამართლა და ახლა ჯერი რეგიონებზე მიდგა“, - განაცხადა გაბუნიამ.

შეგახსენებთ, რომ თბილისში დასუფთავების გადასახადთან დაკავშირებით ახალი წესი 2011 წლის აგვისტოში ამოქმედდა. თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებით, მოქალაქემ ყოველ დახარჯულ 1 კვტ/სთ ელექტროენერგიაზე ნაგვის გადასახადის სახით 5 თეთრი უნდა გადაიხადოს. მაშინ ქალაქის მერიაში ამ გადაწყვეტილებას იმით ასაბუთებდნენ, რომ ხელმოკლე ოჯახებს, რომელიც თბილისელთა 60%-ს მაინც შეადგენს, ახალი წესით „მდგომარეობა შეუმსუბუქდებოდა“. მათზე ზრუნვა ხელისუფლებამ, როგორც ჩანს, არც მეტი, არც ნაკლები, მოსახლეობის 40%-ის მდგომარეობის

გაუარესების ხარჯზე დაგეგმა და ამაზე თავმოწონებითაც საუბრობს.

მაშინ ამ ცვლილების განხორციელების კიდევ ერთ მიზეზად ქალაქის მერია დედაქალაქში მიგრაციის მაღალ მაჩვენებელს ასახელებდა. მერიაში ამბობდნენ, რომ დღეს მოსახლეობის ოფიციალური რეგისტრაციის მაჩვენებელი არ შეესაბამება ფაქტიურ მდგომარეობას, რაც ქალაქში არსებული რეალური სურათის დამახინჯებას იწვევს.

აღსანიშნავია ისიც, რომ მთავრობამ მისთვის მომგებიანი ინიციატივის დამტკიცება „დაუცველი მოსახლეობის მდგომარეობის ამოფარვით და უმოკლეს დროში შეძლო. ამით გადასახადებისგან ისედაც თავბრუდახვეულ მოსახლეობას ახალი თავსატეხი გაუჩინა. „კეთილი დაპირების“ (რაც უიშვიათესი გამონაკლისია) შესრულებას ხელისუფლება წლებს ანდომებს, მაგრამ როგორც კი საქმე გადასახადის დამძიმებას შეეხო, თქმა და ქმნა ერთი აღმოჩნდა.

მიუხედავად არაერთი პროტესტისა და უარყოფითი შეფასებისა, საკრებულოს უმრავლესობის წევრი ნიკო ხაჩირაშვილი დღესაც ირწმუნება, რომ დასუფთავების სისტემა, რასაც გადასახადის გაერთიანება ემსახურებოდა, მოწესრიგებულია. მისი თქმით, მოსახლეობის დიდ ნაწილს გადასახადები შეუმცირდა, თუმცა ხაჩირაშვილი აღიარებს, რომ ერთი ნაწილი უფრო მაღალი სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე, შედარებით გაზრდილ გადასახადს იხდის.

უმრავლესობის პოზიციას კატეგორიულად არ იზიარებენ დედაქალაქის საკრებულოს უმცირესობაში. „თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენელი ვიქტორ დოლიძე აცხადებს, რომ ასეთი ნაბიჯით მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა უფრო მეტად დამძიმდა. მისივე ინფორმაციით, დასუფთავების სისტემის მოწესრიგებისთვის ასეთი ნაბიჯის გადადგმა გაუმართლებელია,

რადგან თბილისის მერიის ბიუჯეტიდან დასუფთავებისთვის 3 წლის განმავლობაში 148 მილიონი ლარია დახარჯული.

ზოგადად დასუფთავების სამუშაოებს ახორციელებს შპს „თბილსერვისი“, ანუ ხარჯსაც ის ეწევა ამ მოსახურებისთვის და, შესაბამისად, მოგებასაც ის იღებს.

დღეს კი ირკვევა, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით დასუფთავების სამსახური რეგიონული ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადავა. კანონპროექტი, რომელიც პარლამენტშია შესული, 1-ელი მაისიდან კერძო სამართლის იურიდიული პირის შექმნას ითვალისწინებს, რომელიც ქვეყნის მასშტაბით დასუფთავების სერვისს განახორციელებს.

„დასუფთავების მომსახურება მთავრობის პრეროგატივა არ არის, რადგან ამ საქმეს ადგილობრივი თვითმმართველობები ახორციელებენ. ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ჩვენთან რეალური თვითმმართველობა არ არსებობს.

ეს გადაწყვეტილება კიდევ უფრო დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს ადგილობრივი თვითმმართველობის, ადგილზე გადაწყვეტილების მიღების და ზოგადად დემოკრატიის უმთავრესი კომპონენტის -  ფუნქციური დეცენტრალიზაციის იდეას. ამ გადაწყვეტილების შემდეგ წარმომადგენლობით ორგანოებს ადგილზე უკიდურესად შეუმცირდება იმ საკითხთა სპექტრი, რომელიც მუნიციპალიტეტების კომპეტენციაში შედიოდა“, - განაცხადა გაბუნიამ.