„სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პრესის შეტანაზე აკრძალვები მომავალ არჩევნებს უკავშირდება, რათა პატიმრები ინფორმაციულ ვაკუუმში იყვნენ“

„სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პრესის შეტანაზე აკრძალვები მომავალ არჩევნებს უკავშირდება, რათა პატიმრები ინფორმაციულ ვაკუუმში იყვნენ“

სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ბეჭდური მედიის შეტანა აიკრძალა. ამის შესახებ  „კორუფციასთან ბრძოლის საინფორმაციო ცენტრის“ ხელმძღვანელი მერაბ ღოღობერიძემ გაავრცელა ინფორმაცია. მისი ინფორმაციით, მონიტორინგის შედეგად ირკვევა, რომ ბათუმის მესამე საპყრობილეში ბეჭდური გამოცემების შეტანა აიკრძალა, საპყრობილის ადმინისტრაცია პატიმრებისთვის შესაგზავნი ამანათებიდან გაზეთებსა და წიგნებს იღებს და უკან აბრუნებს.

იურიდული კომპანიის „სამართალი ხალხისთვის“ წარმომადგენელი კობა კობიაშვილი კი „ტრიბუნასთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ „გაზეთების შეტანა საქართველოს მასშტაბით ყველა ციხეში აკრძალეს და დღეიდან პატიმრებს გაზეთების შეძენა თავად საპატიმროებში შეეძლებათ. 

„ციხის ადმინისტრაციის განმარტებით, უახლოეს დღეებში პატიმრებს შეეძლებათ გამოიწერონ ნებისმიერი გაზეთი, რომელსაც მას „საქართველოს ფოსტის“ წარმომადგენლები პერსონალურად მიუტანენ,“ – აცხადებს კობა კობიაშვილი.

Presage.tv –სთვის აქამდეც ცნობილი იყო, რომ ზოგიერთი პოლიტიკური გამოცემის ციხეებში შეტანა პრაქტიკულად შეუძლებელია. საუბარია ისეთ გამოცემებზე, სადაც ოპოზიციის წარმომადგენლებსა და ადამიანის უფლებათა დაცმველებს ეძლევათ ხოლმე საკუთარი პოზიციის გამოხატვის საშუალება, თორემ ლიტერატურული და სპორტული თემატიკის ჟურნალ - გაზეთების შეტანა ციხეში პრობლემა არ არის. ამასთანავე, როგორც ჩვენთვის ადვოკატებისგან არის ცნობილი, პოლიტიკურ გაზეთებს პატიმრების ოჯახის წევრები ყდებს აცლიან და სხვა ისეთ გაზეთების ყდაში სვამენ, რომელთა შეტანა ციხეში პრობლემა არ არის და სწორედ ამ გზით ხვდებოდა აქამდე ციხეებში ის გაზეთები, რომლებსაც ციხეების ადმინისტრაცია პატიმრებს ისე არ აწვდიდა.

მაინც დავინტერესდით, შეესაბამება თუ არა სინამდვილეს გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ამიერიდან პრესის შეტანა ციხეებში ოფიციალურად აიკრძალა. ამისათვის სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროს პრეს-სამსახურის უფროს თეა სუხიშვილთან ვცადეთ დაკავშირება. თავიდან მის მობილურ ტელეფონზე უცნობმა ქალბატონმა გვიპასუხა (შესაძლოა თვითონაც იყო), მან ჯერ მოგვისმინა, რასთან დაკავშირებით ვრეკავდით, შემდეგ კი გვითხრა - „თეა შეხვედრაზეა, დაახლოებით 5-10 წუთში განთავისუფლდება და ამ დროისთვის გადმორეკეთო“. ამ საუბრიდან დაახლოებით 20 წუთის გასვლის შემდეგ დავიწყეთ რეკვა სუხიშვილთან, მაგრამ ამჯერად უკვე აღარვინ გვპასუხობდა. შემდეგ მოკლე ტექსტური შეტყობინება გავუგზავნეთ იმის შესახებ თუ ვინ ვიყავით და რა გვაინტერესებდა. დაახლოებით 40 წუთის შემდეგ მოვიდა პასუხი - „შეხვედრაზე ვარ და ვერ გპასუხობთ, იქნებ მიუთითოთ წყარო, თუ სად გავრცელდა ეს ინფორმაცია“. ჩვენც მივუთითეთ წყარო და ვკითხეთ, რამდენ ხანში განთავისუფლდებოდა იგი. მისი პასუხის მიხედვით, ქალბატონი თეა 15-20 წუთში უნდა განთავისუფლებულიყო, მაგრამ მასთან ამ დროის გასვლის შემდეგაც ვერ მოხერხდა დაკავშირება.

ჩვენ გვინდოდა გაგვერკვია, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროს პრეს-სამსახურიდან მართლაც აკრძალეს თუ არა მათ ციხეებში ბუჭდური მედიის შეტანა. ამასთანავე, საინტერესოა, თუკი მართლაც მხოლოდ გამოწერის გზით შეეძლებათ პატიმრებს გაზეთების მიღება, მაშინ რამდენად ხელმისაწვდომი იქნება მათთვის ეს სერვისი იმის გათვალისწინებით, რომ პატიმრების უმეტესობისთვის მათი ოჯახები ყოველთვიურად საარსებოდ საჭირო თანხების დარიცხვას ძლივს ახერხებენ მათ პლასტიკურ ბარათებზე. ვინაიდან სამინისტრომ არ ისურვა ჩვენთან განმარტების გაკეთება, Presage.tv  უფლებადამცველ ლალი აფციაურს დაუკავშირდა და შევეცადეთ გაგვერკვია მის ხელთ არსებული ინფორმაციით, მართლაც პრობლემაა თუ არა პატიმრებისთვის გაზეთების მიღება.

Presage.tv –სთან საუბარში ლალი აფციაურმა დაადასტურა აღნიშნული ინფორმაცია.  აფციაურის თქმით, მისთვის არ არის ცნობილი ამის შესახებ რაიმე ოფიციალური ბრძანება გამოიცა თუ არა, მაგრამ მისთვის ცნობილია, რომ ეს შეზღუდვა აქამდეც ვრცელდებოდა.

ლალი აფციაური„ეს არის ორი კურდღლის დაჭერა ერთდროულად, ანუ პატიმრებს რა თქმა უნდა შეეზღუდებათ პრესის მიღება, იმიტომ, რომ მათ უმეტესობას არ აქვს საშუალება, მთელი წლით, ექვსი თვით, ან თუნდაც სამი თვის ვადით გააფორმოს ხელშეკრულება მათთვის პრესის მიწოდების თამობაზე. ჯერ ერთი, პატიმარი ვერც გააფორმებს ასეთი ტიპის ხელშეკრულებას და გამოდის, რომ მისმა ოჯახის წევრებმა უნდა გააფორმონ ეს ხელშეკრულება და გადაიხადონ გარკვეული თანხა. ამის საშუალება კი ბევრ მათგანს არ აქვს.

მოგეხსენებათ, პატიმრებისთვის ინფორმაციის მიღების ერთადერთი საშუალება არის პრესა და რადიო, რადგან ტელევიზია მათთვის ხელმისაწვდომი არ არის. რადიოც ზოგან იჭერს, ზოგან - არა. ამიტომ, პრაქტიკულად ინფორმაციის ერთადერთ წყაროდ მათთვის გაზეთები რჩება. თუმცა მე ვიცი, რომ აქამდეც აკრძალული იყო გაზეთები „ქრონიკა“, „ალია“, „ასავალ-დასავალი“, „კრიმინალი“ და გაზეთები, რომლებიც მოიაზრება, როგორც ოპოზიციური მედია საშუალებები. ამ გაზეთების შეტანა საპატიმროებში აქამდეც პრაქტიკულად შეუძლებელი იყო.

აქამდე  პატიმარს უწევდა თავისი პლასტიკური ბარათიდან ერთი, ან ორი ლარის მოხსნა გაზეთი საყიდლად, თუკი საჭირო იქნება გაზეთების გამოწერა, პატიმრების ალბათ, ერთი პროცენტიც კი ვერ შეძლებს ამის გაკეთებას, რადგან ამისთვის საჭირო თანხები მათ არასოდეს აქვთ“.

რაც შეეხება იმას, თუ რატომ ვრცელდება პატიმრებზე ბეჭდური მედიის მიწოდების შეზღუდვა,  ლალი აფციაური მიიჩნევს, რომ ეს აკრძალვა მომავალ საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებთან არის დაკავშირებული.

„ზოგადად ეს საკითხი როგორც გითხარით, პრობლემატური იყო აქამდეც, რადგან ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობდა ნაკლები ინფორმაცია შესულიყო საპატიმროებში გარეთ არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით. დღესდღეობით კი წინ ორი არჩევნები გვაქვს და ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ დაახლოებით 45 ათასი პატიმრის იზოლირება მოხდეს,“ - განაცხადა Presage.tv –სთან საუბარში ლალი აფციაურმა.

მაშინ, როდესაც მასალაზე ვმუშაობდით, საინფორმაციო სააგენტოებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ სასჯელაღსრულების სამინისტრო უარყოფს ციხეებში პრესის შეტანაზე რაიმე შეზღუდვების დაწესებას, თუმცა ფაქტი ფაქტად რჩება. ადვოკატები პატიმრებზე დაყრდნობით იუწყებიან, რომ ბეჭდური მედია პატიმრებს შეზღუდვებით მიეწოდებათ.