ბიძინა ივანიშვილმა სოლომონ ქიმერიძის გარდაცვალების ფაქტზე კომენტარი გააკეთა. ის ქიმერიძეს სააკაშვილის ძალადობრივი იდეოლოგიის მორიგ მსხვერპლად მიიჩნევს და განმარტავს, რომ დამოუკიდებელმა ექსპერტიზამ, პოლიციის მიერ გავრცელებულ გარდაცვალების ოფიციალურ მიზეზში ეჭვი შეიტანა.
,,ოფიციალური ინფორმაციით, ქიმერიძე კიბის მოაჯირიდან გადმოვარდა და სხეულის მძიმე დაზიანების შედეგად გარდაიცვალა, თუმცა რამდენადაც მე საინფორმაციო წყაროებიდან ვიცი, დამოუკიდებელმა ექსპერტმა ექსპერტიზა ჩაატარა და გარდაცვალების ოფიციალურ მიზეზში ეჭვი შეიტანა. დამოუკიდებელი ექსპერტიზის ცნობების გარეშეც სიტუაცია ძალიან მარტივია - ქიმერიძე არის სააკაშვილის ძალადობრივი იდეოლოგიის კიდევ ერთი მსხვერპლი”, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
მისივე განმარტებით, აღნიშნულს თუნდაც ის ფაქტი ადასტურებს, რომ მომხდარიდან ერთი კვირის თავზე, არათუ ხაშურის პოლიციის რომელიმე თანამშრომლის დაკავება არ მომხდარა, არამედ ისინი სამსახურიდანაც კი არ გაუთავისუფლებიათ.
ივანიშვილის განცახდებითვე, სააკაშვილის ძალადობრივ იდეოლოგიაზე დაფუძნებულმა დანაშაულებრივმა სისტემამ რამდენიმე ადამიანი უკვე იმსხვერპლა და ახლა ქიმერიძის სახით მას კიდევ ერთი დაემატა.
ამასთან, მან ქართველ სამართალდამცავებს მიმართა, რომ ხელისუფლების უკანონო ბრძანებების შესრულებისგან თავი შეიკავონ, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, კანონის წინაშე მკაცრად პასუხისგება მოუწევთ.
„მინდა, მოვუწოდო პოლიციის თანამშრომლებს, თავი შეიკავონ ყოველგვარი უკანონო ბრძანების შესრულებისგან, ნუ გახდებიან სააკაშვილის იდეოლოგიაზე აგებული ძალადობრივი სისტემის მსხვერპლნი, ნუ აქვთ იმის ილუზია, რომ ეს დიდხანს გაგრძელდება და სააკაშვილი მათ დიდხანს დაიცავს. ეს სისტემა ძალიან მალე დაიმსხვრევა და ყველა, ვინც უკანონო ქმედებებს ახორციელებს, ვინც უკანონო ბრძანებებს ემორჩილება და კანონს არღვევს, აუცილებლად აგებს კანონის წინაშე პასუხს. გაძლევთ პირობას, რომ ეს მოხდება ძალიან მალე, სულ ცოტა დრო დარჩა, რაღაც შვიდი თვე. თითოეული თქვენგანი, ვინც უკანონო ბრძანებას შეასრულებს, გპირდებით, რომ ძალიან მკაცრად აგებთ პასუხს კანონის წინაშე“, - მიმართა ივანიშვილმა ქართველ სამართალდამცავებს.
რეფორმირებული პოლიციის ძალადობის მორიგი მსხვერპლი, ხაშურის რაიონის სოფელ ქვიშხეთის მკვიდრი, 46 წლის სოსო (სოლომონ) ქიმერიძე გახდა. მისი ცხედარი, რომელსაც სასტიკი წამების კვალი ეტყობოდა სახლში 28 თებერვალს, დილით მიასვენეს. პოლიციის მიერ „ოფიციალურად“ გავრცელებული ვერსიით სოსო ქიმერიძემ თავი მოიკლა. ძალოვანები ადგილზე თავიდან ირწმუნებოდნენ, თითქოს ის, ხაშურის პოლიციის შენობის მეორე სართულიდან თვითმკვლელობის მიზნით გადახტა. თუმცა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოგივიანებით საიტზე ამ ამბის განსხვავებული ვერსია დადო.
ისტორია, რომელიც ტრაგიკული შედეგით დასრულდა 27 თებერვალს დაიწყო. როდესაც სოსო ქიმერიძეს სახლში გამომძიებელმა მიაკითხა და „რაღაც საქმის გასარკვევად“ პოლიციის განყოფილებაში ისე წაიყვანა, რომ მიზეზი არც თავად ქიმერიძის და არც მისი ოჯახის წევრებისთვის განუმარტავს. საგულისხმოა, რომ ქიმერიძეებთან მისულ გამომძიებელს ოჯახის წევრებისთვის არც საკუთარი ვინაობა და არც წოდება არ დაუსახელებია. შესაბამისად, უცნობია რა გახდა სოსო ქიმერიძის დაკავების მიზეზი და რატომ მოეპყრნენ პოლიციის განყოფილებაში მას სასტიკად.
ერთ-ერთი ვერსიით სოფელ ქვიშხეთში, არყის სახდელი ქვაბი დაიკარგა. სწორედ ამ ქვაბის მაძებარმა პოლიციელმა მიაკითხა სახლში ქიმერიძეს. რთული სათქმელია ქიმერიძეების სტუმარი ძალოვანი ამ შემთხვევაში გონივრული ეჭვის საფუძველზე მოქმედებდა, თუ ვიზიტისთვის სხვა, უფრო დამაჯერებელი მიზეზი ჰქონდა.
სოსო ქიმერიძე ერთხელ უკვე იყო ნასამართლევი ჯართის ქურდობისთვის და პირობითი მსჯავრი ჰქონდა მისჯილი.