ჩემი აზრით (და არა მარტო ჩემი), მაზნიაშვილის მებრძოლების საფლავთან 4 მარტს აღვლენილ წირვაზე დაახლოებით 5 000 ადამიანი იდგა, მიუხედავად იმისა, რომ წყლიანი თოვლი მოდიოდა, იყო ქარი და თოვლჭყაპი.
ეს წირვა აღევლინა საქართველოს თავისუფლებისათვის დაღუპულების სულთა საოხად და თურქეთ-საქართველოს ხელშეკრულების ფარგლებში ბათუმში სულთან აზიზიეს სახელობის მეჩეთის აშენების მცდელობის წინააღმდეგ.
ახლა იმ ცნობილი ქართველების გვარებს ჩამოვთვლი, რომლებიც ბათუმში გამართულ წირვაზე დასასწრებად თბილისიდან სპეციალურად ჩამოვიდნენ: ლუკა კურტანიძე, კახა კუკავა, სოსო ჯაჭვლიანი, გოგა ხაინდრავა, ადა მარშანია, ჯონდი ბაღათურია, ალეკო შალამბერიძე, ელიზბარ ჯაველიძე, თემურ შაშიაშვილი, დიმა ჯაიანი, მათე ტაკიძე.
სპეციალურად ამ წირვაზე დასასწრებად თბილისიდან ბათუმში 4 მარტს, ორი დიდი ავტობუსით ჩამოვიდნენ მედია-კავშირ “ობიექტივისა“ და “წინააღმდეგობის მოძრაობის” წარმომადგენლები, ირმა ინაშვილთან და დავით თარხან-მოურავთან ერთად.
საზოგადოებრივი ორგანიზაცია “ემსახურე საქართველოს“ თავმჯდომარის მურმან დუმბაძის აზრით, ბათუმში გამართული წირვა ფაქტიურად არის რეფერენდუმი იმისა, რომ ბათუმში “აზიზიეს მეჩეთი“ ვერ აშენდება.
მურმან დუმბაძე: “ მიუხედავად იმისა, რომ დღეს იყო მართმადიდებლობის ზეიმი და წირავდა მეუფე დიმიტრი (რომელსაც თანამწირველებად ხუთი მეუფე ჰყავდა), პრაქტიკულად ეს იყო ადგილობრივი მრევლის (როგორც მართლმადიდებლების, ისე მუსულმანების) შემკრები აქცია, რომელმაც ბათუმში “აზიზიეს მეჩეთის“ შესაძლო დადგმა გააპროტესტა.
დღევანდელ წირვაზე დიდი რაოდენობით ხალხს ველოდი და მიუხედავად ასეთი საშინელი ამინდისა, ხალხი მოვიდა - აქ ახლა დგანან გულანთებული პატრიოტები, ვისაც სურს, რომ საქართველო იყოს სამშობლო და არა მარტო სახელმწიფო. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის მოსახლეობის მიერ ჩატარებული რეფერენდუმი, რომელიც ადასტურებს, რომ აზიზიეს სახელობის მეჩეთი ბათუმში ვერ აშენდება.
ზემო მთიანი აჭარიდან მოსახლეობას დღეს აქამდე ჩამოღწევა ძალიან გაუჭირდა და მიუხედავად სურვილისა ბევრმა ეს ვერ შეძლო, რადგან მაგალუითად, ქედის რაიონში ერთ მეტრამდე თოვლი მოვიდა. ისინი ვინც დღეს აქ ზემო მთიანი აჭარიდან არიან, სპეციალურად ამ დღისთვის, ძირითადად გუშინ საღამოს ჩამოვიდნენ“.
მუსულმანებისა და მართლმადიდებლების გარკვეულმა ნაწილმა, სპეციალურად presage.tv-ს მკითხველისთვის ასეთი კომენტარები გააკეთა:
ლევან ცეცხლაძე, სოფელ სალიბაურიდან ფილტვების ანთებით, სიცხიანი ჩამოვიდა: “მე ქართველად დავიბადე და მერე გავხდი ისლამის მიმდევარი. თურქული ფინანსებით აშენებული “აზიზიეს მეჩეთი“ არ მჭირდება. თუ მეჩეთის აშენება აუცილებელი გახდება, ადგილსაც თავად შევარჩევთ, ფინანსებსაც ჩვენვე გავიღებთ და ავაშენებთ. თურქები ჩვენთან ერთად ცხოვრებას კი არ აპირებენ?! ამ მიწაზე ჩვენს მაგივრად უნდათ იცხოვრონ. თურქი ხალხის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ ჩვენ იმ უსამართლობას ვეწინააღმდეგებით, რასაც იქაური მთავრობა, აქაურის ხელშეწყობით სჩადის“.
დავით ფალავანდიშვილი, ქედიდან სპეციალურად ამ წირვისთვის ჩამოვიდა: “მე აქ ჩემი თანასოფლელების სახელით ჩამოვედი. რომ მოვდიოდი ქედის ცენტრში აქეთ მომავალი ტრანსპორტი ხალხს ვერ იტევდა, იქიდან ძირითადად ახალგაზრდები წამოვიდნენ. ისტორიკოსი არა ვარ, მაგრამ ოსმალეთის იმპერიის სულთნის, აბდულ აზიზიეს სახელობის მეჩეთი, რომ არ უნდა აშენდეს, ეს დანამდვილებით ვიცი, მიუხედავად იმისა, რომ ამას ითხოვს თურქეთის სახელმწიფო და ჩვენი ხელისუფლება.
ეს იქნება ქართველი ხალხის, მათ შორის გამუსულმანებული ქართველების შეურაცხყოფა. ჩემს ოჯახში ბებიაჩემი და მამაჩემი მუსულმანები იყვნენ, მაგრამ ჩვენთვის, მომავალი თაობისთვის არასდროს დაუშლიათ, რომ მართლმადიდებლები ვყოფილიყავით. დღეს ჩემი ორი შვილი ხიჭაურში სწავლობს - ერთი უნივერსიტეტში და მეორე გიმნაზიაში (ორივე სასულიერო სასწავლებლებია). რა ვუთხრათ მათ, როცა გვკითხავენ - როგორ დაუშვით დამპყრობელი სულთნის სახელობის მეჩეთის აშენება ბათუმშიო?! ჩვენს მომავალ თაობას ამგვარი კითხვის დასმის საჭიროება, რომ არ გაუჩნდეს, ამიტომ, ჩვენ არ უნდა დავუშვათ მისი მშენებლობა“.
გურამ ხოზრევანიძე, ბათუმელი: “მუსლიმანური აღმსარებლობის ადამიანი ვარ, ვიცი რომ წირვა-ლოცვაა, მაგრამ მაინც მოვედი, რომ ვუთხრა უარი სამასწლიანი ბატონობის კვლავ გაბატონებას და მონობის უღლის ნებით დადგმას. მაშინ ძალით დაგვიპყრეს და ახლა ჩვენი ნებით ვაკეთებთ ამას. მე არ მინდა დამპყრობი სულთან აზიზის სახელობის მეჩეთი. თუ გახდება საჭირო, მეჩეთს ჩვენი ძალებითა და სახსრებით ავაგებთ“.
კახა ფუტკარაძე, შუახევიდან: “დღევანდელი დღე იმის გამოხატვაა, რომ აჭარას არ სჭირდება სხვისი აშენებული მეჩეთი. თუ ეს აუცილებელი შეიქნა, მეჩეთს ავაშენებთ ჩვენი სახსრებით და მივხედავთ ჩვენს თანამემამულეებს, რომელთაც სწამთ, იქნება ის მართლმადიდებელი, მუსლიმანი თუ სხვა. ქვას ქვაზე ჩვენ დავადებთ, ამას სხვას არ გავაკეთებინებთ“.
მერაბ ნაგერვაძე, ბათუმელი: “ოჯახში ოთხი სული - ორი მაჰმადიანია და ორი მართლმადიდებელი ვართ. ნებისმიერი ადამიანი, რომელიც აღმსარებლობით მუსულმანია, ქართულად ცხოვრობს - მის ოჯახში, რომ მიხვალ, ნახავთ, რომ ღვინო ისევე იწურება, როგორც ნებისმიერი ქრისტიანის ოჯახში და სადღეგრძელოც ისე ისმება, როგორც ქრისტიანებთან ხდება ეს. მუსულმანური ადათ-წესი ქელეხში ღვინოს კრძალავს, მაგრამ გარდაცვლილ ქართველ მუსულმანს ღვინით ადღეგრძელებენ. დღეს ბათუმში მართლმადიდებლები და მუსულმანები წირვას ერთად ესწრებოდნერნ - ერის სულიერი გაერთიანება მოხდა, რაც უმნიშვნელოვანესია“.
იოსებ ფუტკარაძე, ბათუმის მკვიდრი, წარმოშობით შუახეველი: “ღმერთი მწამს, მაგრამ, როგორც რელიგია მოითხოვს, ვერ ვემსახურები - ფაქტიურად ათეისტი ვარ. დღევანდელ აქციაზე შუახევიდან ჩამოსულები იყვნენ და ძალიან სასიამოვნოა რომ ასეთ მაინდში ამდენი ხალხი მოვიდა. ხელისუფლება ეროვნულობის ამოძირკვას ცდილობს და არ აკეთებს იმას, რაც ხალხს რეალურად სჭირდება. ეს ყველაფერი, მათ შორის “აზიზიეს მეჩეთის“ აშენება, ჩვენი ქვეყნის განადგურებისკენაა მიმართული და არა აღმშემებლობისკენ. “აზიზიეს მეჩეთის“ აშენება ქართველი მუსლიმანების ინტერესში არ არის. ამასთან, ძველის რესტავრირება კი არ ხდება?! ნულიდან უნდათ ახლის აშენება და ამაში პოლიტიკური იდეოლოგიაა ჩადებული, რაც საქართველოს ხელისუფლების უვიცობითაა გამოწვეული“.
თამაზ მახარაძე, ხულო, სხალთის ხეობა: “სოფელ წაბლანიდან ჩამოვედი. რატომ? - იმიტომ რომ მე არ მჭირდება აქ აზიზიეს ჯამე და არც მისი სახელობის მუზეუმი; ქართველი მუსულმანი ვარ და ჩვენ შეგვიძლია ადგილობრივ მთავრობასთან ერთად თავად ავაშენოთ მეჩეთი, რომელიც იქნება ქართული და არა თურქული. მაშინ ავდგეთ და თემურ ლენგის და შაჰაბასის სახელობის მუზეუმებიც ავაშენოთ აჭარაში და ვუყუროთ“.
ნუგზარ აბულაძე, რუსთავიდან: “ამას წინათ მურმან დუმბაძეს ვუსმენდი ტელევიზიით, რომელმაც გამოსვლის დასასრულს ყველას სთხოვა - ვისაც საშუალება და სურვილი გაქვთ, 4 მარტს ბათუმში ჩამობრძანდითო. ავდექი და წამოვედი. “აზიზიეს მეჩეთის“ აშენების კატეგორიული წინააღმდეგი ვარ, თუნდაც იმიტომ რომ დღეს საქართველოს უმეტესი ნაწილი თურქეთს აქვს მიტაცებული, იქ 4 მილიონი ქართველია მათი ბატონობის ქვეშ და ამაზე რატომ არავინ ფიქრობს?! რა დააშავეს იმ ქართველებმა?! მათზე არავინ ზრუნავს და ამ დროს თურქეთი მოწადინებულია საქართველოში ქართველი ხალხის დამპყრობლის სახელობის მეჩეთი ააშენოს. გეკითხებით, რატომ, რისთვის?! რა აზრია ამაში ჩადებული, თუ არა ისეთივე, რაც იყო მეცხრამეტე საუკუნემდე?!“
გურამ ხაჯიშვილი, ქობულეთი: “ის რაც ახლა აქ ხდება, არის მამულიშვილური საქმე და ამგვარ მომენტში ყველა ქართველი ერთ მუშტად შეკრული უნდა დავდგეთ, რადგან ეს ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარეობს. როგორც ისტორიკოსი გეტყვით, რომ “აზიზიეს მეჩეთი“ არის ოსმალეთის იმპერიის სიმბოლო - იქ სადაც ოსმალეთის იმპერია იმარჯვებდა, “აზიზიეს მეჩეთებს“ დგამდნენ და ეს იმპერიის ინტერესების, მისი პოლიტიკის გამომხატველი იყო. ამგვარი მეჩეთის აშენების მცდელობა ქართველებმა რეაგირების გარეშე არ უნდა დავტოვოთ. ვალდებული ვართ დავდგეთ ერთად და ამ ოსმალური საქმის განხორციელება არ დავუშვათ“.