ლაშა ზარგინავა, "გურია ნიუსი"
რეგიონებში პოლიტიკური ორთაბრძოლა, წესების გარეშე, იმაზე უფრო ადრე დაიწყო, ვიდრე ამას ვინმე ელოდა. მართალია, ბევრი ფაქტი მხოლოდ კულუარებს მიღმა რჩება, მაგრამ ხდება ისეთი ამბებიც, რომელიც, როგორც ჭირი, თავს არ დამალავს. ერთი მეტად კურიოზული, მაგრამ ერთობ საინტერესო ფაქტი, რამდენიმე დღის წინ მოხდა: ფოთის მე-7 სკოლის დარაჯი, ზურაბ თავართქილაძე, როგორც თავად ამბობს, გაზეთ "ქართული ოცნების" სკოლის შენობაში შეტანისა და წაკითხვის გამო გაათავისუფლეს.
როგორც თავართქილაძემ გვითხრა, სკოლის მანდატურების ხელმძღვანელმა, მას შემდეგ, რაც გაზეთი "ქართული ოცნება" აღმოუჩინა, ოქმი შეადგინა შინაარსით, რომ ის სკოლაში პოლიტიკურ აგიტაციას ეწეოდა.
"ეს გაზეთი ჭიშკარში დამხვდა და სკოლაში წამოვიღე, რომ წამეკითხა. არ მეგონა, თუ გაზეთი პროკლამაციად ითვლებოდა და მისი წაკითხვა არ შეიძლებოდა", - ამბობს თავართქილაძე.
მისივე თქმით, სკოლის შენობაში მას გაზეთი არა ვინმესთვის გადასაცემად, მორიგეობის დროს წასაკითხად ჰქონდა შეტანილი: "რომ მივედი, გაზეთი მაგიდაზე დაუდიათ და მითხრეს, რომ სკოლაში ვიპოვეთო. მე ვკითხე, რა იყო ამაში უცნაური,-მეთქი? არ მეგონა თუ გაზეთი პროკლამაციად ითვლებოდა და მისი წაკითხვა არ შეიძლებოდა. ავუხსენი, რომ ჭიშკარში ჩადებული ვიპოვე. ამის მიუხედავად, ოქმი მაინც დაწერეს, თითქოს აგიტაციას ვეწეოდი სკოლაში და ამის საფუძველზე გამომიშვეს სამსახურიდან", - აცხადებს ზურაბ თავართქილაძე, რომელიც ამ ფაქტის სამართლებრივად გასაჩივრებას არ აპირებს, რადგანაც თვლის, რომ აზრი არ აქვს.
სკოლაში სამსახური, ზურაბ თავართქილაძემ 1994 წელს დაიწყო და სხვადასხვა დროს, სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა, მათ შორის, პედაგოგად. ამ უკანასკნელ თანამდებობას კი, მისივე თქმით, 2010 წლის ადგილობრივი არჩევნების შემდეგ დაემშვიდობა, როდესაც ის "კონსერვატიული" პარტიიდან კენჭს უბნის მაჟორიტარ კანდიდატად იყრიდა: "მაშინ მითხრეს, როგორ შეიძლება პედაგოგი კენჭს ოპოზიციიდან იყრიდესო და წამოვედი", - იხსენებს ზურაბ თავართქილაძე.
მის პოლიტიკურ წარსულს უკავშირებს გაზეთთან დაკავშირებულ ინციდენტს "კონსერვატიული" პარტიის, ფოთის ორგანიზაციის ყოფილი ხელმძღვანელი, თამაზ სოსელია: "გაზეთი "ქართული ოცნების" გავრცელების კოორდინაცია მე ავიღე ჩემს თავზე და ჩემი ყოფილი ორგანიზაციის ახალგაზრდულმა ფრთამ დაარიგა მოსახლეობაში. ბატონი ზურაბი, ერთი ჩვეულებრივი მათგანია, ვინც ეს გაზეთი მიიღო. როდესაც მან დამირეკა და მითხრა, რომ მას ოქმი დაუწერეს და დაკითხვის ფორმით ესაუბრებოდნენ, როგორც ეს პოლიციაში და პროკურატურაში ხდება, რა თქმა უნდა, სიტუაციაში გასარკვევად, სკოლაში მეც მივედი და გამოვესარჩლე, როგორც ადამიანი და ყოფილი პოლიტიკური თანამებრძოლი. ადგილზე მისულს დამხვდა ვინმე გოროზიანი, რომელიც მანდატურთა სამსახურის რეგიონულ კოორდინატორად გამეცნო. ვიკითხე, რა პრობლემა შექმნა სკოლაში ზურაბ თავართქილაძემ, რაზეც გოროზიანისგან პასუხად მივიღე, რომ მის ოთახში აღმოაჩინეს პოლიტიკური გაზეთი, რომლის სკოლაში შეტანა, მათი ახსნა-განმარტებით, არ შეიძლება. მე როგორც ვიცი, კარადის თაროებში, ჩაკეტილ ადგილზე მოჩხრიკეს ეს გაზეთი. მოგვიანებით, ჩვენს საუბარში დირექტორიც ჩაერთო, რომელმაც მითხრა, რომ პოლიტიკური აქტივობები სკოლის შენობის შიგნით აკრძალულია. მე მოვითხოვე ვიდეოთვალის მიერ ჩაწერილი კადრები, სადაც უნდა ჩანდეს, არიგებდა თუ არა ეს ადამიანი სკოლის შენობის შიგნით გაზეთებს და შესაბამისად, ეწეოდა თუ არა აგიტაცია-პროპაგანდას. ბუნებრივია, კადრები არავინ მაჩვენა", - აცხადებს სოსელია.
მისივე თქმით იგივე სკოლაში, პრეზიდენტის ფოთში ჩამოსვლამდე, სკოლის მოსწავლეებს ერთი კვირის განმავლობაში ამზადებდნენ სკანდირებისთვის - "მიშა, მიშა": "რომელი უფროა პოლიტიკური აქტივობა - გაზეთის წაკითხვა, თუ მოსწავლეების პოლიტიკურ პროცესებში ჩართვა?!", - კითხულობს თამაზ სოსელია.
ყოფილი "კონსერვატორი" ჩვენთან სკოლის დირექტორისგან, ჭაბუკ ქოიავასგან მიღებულ პირობაზეც საუბრობს და ამბობს, რომ თავართქილაძესთვის, ამ პირობის შესაბამისად, მხოლოდ საყვედური უნდა გამოეცხადებინათ: "ამ პირობის მიუხედავად, მეორე დღეს ბატონი ზურაბ თავართქილაძე ისევ დამიკავშირდა და მითხრა, რომ ოქმი შევსებული არის და მიზეზად პროპაგანდა-აგიტაცია წერიაო. მას ეუბნებოდნენ, რომ ხელი მოეწერა ამ ოქმისთვის, რაზეც მან უარი განაცხადა, რადგან ამას არ იმსახურებდა. იმავე დღეს დაიწერა ბრძანება მის გათავისუფლებაზე," - განმარტავს სოსელია.
თამაზ სოსელია სკოლის დირექტორთან კიდევ ერთი შეხვედრის დეტალებს იხსენებს და ამბობს, რომ მას თავართქილაძის მოხსნა, თავად მანდატურთა სამსახურის უფროსმა აიძულა: "მეორე დღეს, სკოლის დირექტორი ქუჩაში შემხვდა და ვუთხარი, რომ არ ყოფილა სერიოზული ადამიანი, რადგან პირობა დაარღვია, რომელიც მანამდე მოგვცა. მანაც აღიარა, რომ თავართქილაძე არ უნდა გაეთავისუფლებინა, მაგრამ ისიც მითხრა, რომ თუ ამას არ გააკეთებდა, მანდატურთა სამსახურის უფროსი გოროზიანი სხვა ზომებს მიიღებდა. როცა ვკითხე, თუ რა იყო ეს "სხვა ზომები"? მიპასუხა, რომ თუ მე ზურაბ თავართქილაძეს არ გავათავისუფლებ, ჩემთან შემოვა აუცილებლად გენერალური ინსპექცია და დაიწყებს სკოლის შემოწმებასო", - ამბობს სოსელია.
თავად, ფოთის მე-7 სკოლის დირექტორი ჭაბუკ ქოიავა სკოლის დარაჯის პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლებას უარყოფს. როგორც თავართქილაძემ გვითხრა, იყო შემთხვევა, როდესაც ზურაბ თავართქილაძეს აღმოაჩნდა ერთ-ერთი პოლიტიკური ორგანიზაციის გაზეთი, თუმცა, ეს ფაქტი მისი სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზი არ გამხდარა.
ქოიავას განცხადებით, თავართქილაძე სათანადოდ არ ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობას და რამდენიმე გაფრთხილების შემდეგ ის გაათავისუფლეს: "ზურაბ თავართქილაძეს უკვე ჰქონდა ორი გაფრთხილება, რომლის შემდგომ მოდის უკვე სასტიკი საყვედური, რომელიც ასევე ჰქონდა მიღებული. ვინაიდან ის ცხოვრობს სკოლასთან ახლოს, ღამით, სკოლის შენობაში დარჩენის ნაცვლად რჩებოდა სახლში. მიუხედავად გაფრთხილებისა, მან ყურად არ იღო ჩვენი შენიშვნა, კიდევ ერთხელ მიატოვა სკოლის ტერიტორია და არ დაგხვდა საღამოს საათებში, როდესაც შემოწმებაზე ვიყავით მოსულები მე და ჩემი მოადგილეები. ამის საფუძველზე, მას შევუწყვიტე ხელშეკრულება", - აცხადებს ქოიავა.
ჩვენს შეკითხვაზე, რატომ მიეცა რეაგირება ამ ყველაფერს მხოლოდ მას შემდეგ, რაც მას გაზეთი "ქართული ოცნება" აღმოუჩინეს, ქოიავამ ასეთი პასუხი გაგვცა: "ეს ფაქტი, რამდენიმე ხნით ადრე დაფიქსირდა. თუმცა, ჩვენ რომ რეაგირება გვდომოდა, მეორე დღესვე მივცემდით მიმართულებას. არ მიგვიცია, ეს არ ჩაგვითვლია მიზეზად იმისთვის, რომ დარაჯი სამსახურიდან გაგვეშვა. უბრალოდ, იმავე დღეს ვუთხარით, რომ არ იყო სასურველი, სკოლაში პოლიტიკური გაზეთების შემოტანა, პროკლამაციების გაკვრა და ა.შ.", - ამბობს ქოიავა.
უკვე გათავისუფლებულ ზურაბ ქოიავა, ხელფასის სახით სამსახურში 96 ლარს იღებდა. როგორც თავად ამბობს, ვიდეოჩანაწერების ამოღება და დაკვირვება, მის ირგვლივ ატეხილ აურზაურს ნათელს მოჰფენს. ის დარწმუნებულია, რომ სამართლებრივი გზით სამსახურში დაბრუნებაზე ფიქრი "ფუჭია, რადგან სამართალი არ არსებობს".
896
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85