მამუკა ნოზაძე: არ ვიცი რა გარიგებები ხდება, მაგრამ ისე რომ არ ხდება რაღაც როგორც საჭიროა  ეს ფაქტია

მამუკა ნოზაძე: არ ვიცი რა გარიგებები ხდება, მაგრამ ისე რომ არ ხდება რაღაც როგორც საჭიროა ეს ფაქტია

სოფო ნიკოლაშვილის ინტერესებს  ადვოკატი მამუკა ნოზაძე აღარ დაიცავს. როგორც ნოზაძემ განაცხადა, ეს გადაწყვეტილება სოფო ნიკოლაშვილის ოჯახმა მიიღო, თუმცა ადვოკატი კონკრეტულ შემთხვევაში ვინმეს ჩარევის ფაქტს არ გამორიცხავს.

,,ამ ეტაპზე ასე გადაწყვიტა ოჯახმა. მიზეზი არ აუხსნიათ.  მათ  მადლიერება დამიდასტურეს, მაგრამ არ ვიცი რატომ მიიღეს ასეთი გადაწყვეტილება, ვისი გავლენით  და რა გავლენით  ჩემთვის უცნობია.  ბუნებრივია,  ვინმეს ჩარევას  არ გამოვრიცხავ, როგორც ფოტორეპორტიორების საქმეში ეკა ბესელიას  ჩამოშორების შემთხვევაში მოხდა.  არ ვიცი რა გარიგებები ხდება, მაგრამ ისე რომ არ ხდება რაღაც, როგორც საჭიროა ეს ფაქტია.“-განაცხადა ნოზაძემ.

ადვოკატი აღნიშნავს, რომ  თუ ოჯახო მიიჩნევს საჭიროდ,  შემდგომ ეტაპზე  კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეში ჩართვის უფლება აქვს.  

ძალოვანებმა „კახეთის ხმის“ ყოფილი ჟურნალისტი სოფიო ნიკოლაშვილი 31 იანვარს განზრახ მკველობის მცდელობისა და იარაღის უკანონო ტარების ბრალდებით დააპატიმრეს.  სისხლის სამართლის საქმეში ერთადერთი მტკიცებულება, რომელზე დაყრდნობითაც სოფიკო ნიკოლაშვილს ბრალი წარედგინა, მისი ჩვენებაა, სადაც ის აღიარებდა დანაშაულს და მიზეზებს განმარტავდა.

სოფო ნიკოლაშვილთან ადვოკატები ამ ჩვენებების მოპოვების შემდეგ შეუშვეს. 20 წლის გოგონამ სასამართლო პროცესზე ჩვენების საპირისპირო განცხადება გააკეთა და კითხვაზე ცნობს თუ არა თავს დამნაშავედ - თქვა რომ - არა.

6 თებერვალს კი სოფო ნიკოლაშვილმა ადვოკატს განცხადება გამოატანა, სადაც ის გიორგი სიბაშვილის წინააღმდეგ გაუპატიურების ბრალდებით საქმის აღძვრას და მის პასუხისგებაში მიცემას მოითხოვს. წერილში სოფო ნიკოლაშვილი მთავარ პროკურატურას კახეთიდან საქმის გამოთხოვის და ამავდროულად გიორგი და გოჩა სიბაშვილებისთვის თანამდებობრივი უფლებამისილების შეჩერების თხოვნით მიმართავს. სოფო ნიკოლაშვილი დეტალურად ყვება გამომძიებლისთვის მიცემული ჩვენებისგან რადიკალურად განსხვავებულ ისტორიას გიორგი სიბაშვილთან მისი ურთიერთობის და 31 იანვარს მომხდარი ფაქტის შესახებ.

მოგვიანებით, მისმა ადვოკატმა მამუკა ნოზაძემ მისი დაცვის ქვეშ მყოფზე დაყრდნობით განაცხადა, რომ ძალოვანებმა სოფიკო ნიკოლაშვილისგან ეს ჩვენება კანონდარღვევით, ზეწოლის შედეგად მიიღეს.

დაკავებულმაც და მისმა ადვოკატმაც ხელახალი გამოძიების და გურჯაანისა და კახეთის სამხარეო პროკურატურისთვის საქმის აცილების მოთხოვნით რამდენჯერმე მიმართეს.

მთავარმა პროკურატურამ საქმის გურჯაანიდან კახეთის სამხარეო პროკურატურაში გადატანის და დაკავებულის ხელაალი დაკითხვის გადაწყვეტილება მიიღო. დაკითხვისას ნიკოლაშვილმა იგივე ჩვენება მისცა, რაც მის ადვოკატებს მანამდე განუცხადა.

თუმცა, როგორც ჩანს, შემდეგ სიტუაცია შეიცვალა.