მთავრაობის ახალი ინიციატივა - სალარო აპარატებით ლატარეის გათამაშება იწყება

მთავრაობის ახალი ინიციატივა - სალარო აპარატებით ლატარეის გათამაშება იწყება


სალარო აპარატის ჩეკი ლატარიის ბილეთის ფუნქციას შეიძენს და მის მფლობელს სხვადასხვა პრიზის მოგება შეეძლება. ამის შესახებ მთავრობის საპარლამენტო მდივანმა გია ხუროშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, ცვლილება შედის „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში, რომლის მიხედვითაც ჩელოს მფლობელი გათამაშების მონაწილე ხდება. გათამაშებას კი სამომავლოდ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ჩაატარებს. 

ფულადი პრემიის მოცულობა და გათამაშების სისტემატურობა ამ დროისათვის არ კონკრეტდება, რადგანაც როგორც ხუროშვილი ამბობს, აღნიშნულს სამომავლოდ მთავრობა განსაზღვრავს. „ჩვენ პირველ ეტაპზე ვადგენთ სამართლებრივ საფუძვლებს იმისა, რომ შემოსავლების სამსახურს შესაბამისი ლატარიის ორგანიზება შეეძლოს. უკვე გატარებული საგადასახადო რეფორმების შედეგად აბსოლიტურადაა შესაძლებელი და ნებისმიერ მაღაზიაში გამყიდველი კლიენტს ჩეკს აუცილებლად აძლევს. გათამაშების დაწყება კი იქნება წახალისება ამ პროცესის, რათა ერთი მხრივ, ჩეკი გამოიწეროს და მეორე მხრივ, ნებისმიერ შემთხვევაში ჩეკით მყიდველი გათამაშებაში მონაწილეობას შეძლებს“, - აღნიშნა გია ხუროშვილმა.

აღნიშნული ინიციატივით, შემოსავლების სამსახური გაყიდული საქონლის აღრიცხვის კონტროლს განახორციელებს, რადგანაც კლიენტს უკვე ინტერესიც უჩნდება გამყიდველისაგან ჩეკი აუცილებლად მიიღოს. ასეთია გია ხუროშვილის განმარტებები მოასლოდნელ გათამაშებასთან დაკავშირებით. 

ყველას კარგად გვახსოვს, როგორი ხმაურიანი იყო სალარო აპარატების შემოღების პროცესი საქართველოში. რამდენიმე წლის წინ სალარო აპარატის გამოყენება სავალდებულო გახდა ყველა იმ მეწარმისთვის, რომელიც მომხმარებელთან ანგარიშს ნაღდი ფულით აწარმოებდა. სალარო აპარატის ღირებულებაც საკმაოდ სოლიდური იყო და ამიტომ მეწარმეების უმეტესობისთვის მისი შეძენა სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა. გასულ წელს კი მთავრობა ახალი ინიციატივით გამოვიდა და მეწარმეებს ახალი სალარო აპარატები შესთავაზა, რომლებიც GPRS სისტემით არის აღჭურვილი. აღსანიშნავია, რომ ამ აპარატის გამოყენება სავალდებულოა, რის გამოც ძველი სალარო აპარატები უფუნქციოდ დარჩა და მეწარმეებს მათ გადაყრა მოუწიათ. ახალი სალარო აპარატების ფასი კი 290 ლარით განისაზღვრა.

GPRS სისტემით აღჭურვილი სალარო აპარატების გამოყენების აუცილებლობა საქართველოს ხელისუფლებამ იმით ახსნა, ამ მეთოდით მეწარმესაც გაუადვილდებოდა თავისი შემოსავლების კონტროლი და საგადასახადო ორგანოებთან ურთიერთობა, რადგან ამ სისტემის სალარო აპარატის გამოყენებისას ინფორმაცია მაშინვე გადაეცემა შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზას. შემოსავლების სამსახური ირწმუნებოდა, რომ მონაცემების ერთიან საინფორმაციო ბაზაში მოქცევა მეწარმეების მიერ საკუთარი შემოსავლების მართვასაც გაადვილებდა, რადგან მეწარმეს ნებისმიერ მომენტში შეუძლია ამ ბაზაში გადაამოწმოს მისი საქმიანობის ფინანსური მდგომარეობა. თუმცა რა თქმა უნდა, GPRS სისტემით აღჭურვილი სალარო აპარატების მთელი ხიბლი იმაშია, რომ საგადასახადო ინსპექტორებს აღარ მოუწევთ სიარული და მეწარმეების გაკონტროლება მონაცემთა ერთიანი ბაზის მეშვეობით შეეძლებათ. 

აღსანიშნავია, რომ თავიდან თითქოს იგეგმებოდა მეწამრეებისთვის სალარო აპარატების უფასოდ გადაცემა, მაგრამ შემდეგ აღმოჩნდა, რომ ეს განუხორციელებელი ოცნება იყო. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ სალარო აპარატები მხოლოდ მცირე მეწარმეებს გადაეცემოდათ უფასოდ. 

Presage.tv ერთ - ერთ მცირე მეწარმეს ესაუბრა, რომელმაც გვითხრა, რომ მართალია მცირე მეწარმეა და თითქოს უფასოდ უნდა მიეღო ახალი სისტემის სალარო აპარატი, მაგრამ მაინც მოუწია მცირე თანხის გადახდა. მეწარმემ თავისი ვინაობის გამხელა არ ისურვა, თუმცა თავის პრობლემებზე გვესაუბრა.

„თითქოს მცირე მეწარმეებს ახალი სალარო აპარატი უფასოდ უნდა მიგვეღო, მაგრამ თავიდან 15 ლარის გადახდა მომიწია, შემდეგ კი ყოველთვიურად 5 ლარი უნდა გადავიხადო სალარო აპარატის მომსახურების საფასური. მაგრამ ყველაზე დიდი პრობლემა ის არის, რომ მე მაქვს პატარა სასადილო, სადაც ძირითადად ე.წ. „ნისიად“ მიწევს მუშაობა და ამიტომ სალარო აპარატზე ჩემი შემოსავლების დაფიქსირება ძალიან მიჭირს.“ - განაცხადა Presage.tv -სთან საუბრისას მეწარმემ. 

კითხვაზე როგორ შეაფასებს ხელისუფლების ახალ ინიციატივას წამახალისებელ გათამაშებასთან დაკავშირებით, მეწარმემ ასეთი პასუხი გაგვცა - „თუ რამეს კარგს გააკეთებენ, ძალიან კარგია, მაგრამ აქამდე ჯერ საჩვენო არაფერი გაუკეთებიათ, ამიტომ ყველა მათ ახალ ინიციატივას ცოტას არ იყოს ეჭვით ვუყურებთ“.

წამახალისებელ ლატარიასთან დაკავშირებით Presage.tv შემოსავლების სამსახურის პრეს სამსახურის უფროსს მაკა ფანქველაშვილს ესაუბრა. მან განაცხადა, რომ ახალი ტიპის სალარო აპარატები ყველა იმ კატეგორიის მეწარმეს მიეცა უსასყიდლოდ, ვისაც ეკუთვნოდა. რაც შეეხება სალარო აპარატით სარგებლობის მომსახურების გადასახადს, მაკა ფანქველაშვილმა განაცხადა, რომ ეს გადასახადი ძველ სალარო აპარატებზეც არსებობდა, ასე რომ აქ ახალი არაფერია.

რაც შეეხება წამახალისებელი გათამაშების შესახებ Presage.tv-ს კითხვას, რა ტიპის გათამაშება იქნება ეს, რა პერიოდულობით გაიმართება და რის გათამაშებას მოახდენს შემოსავლების სამსახური, ფანქველაშვილმა განაცხადა, რომ ეს ყველაფერი რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი. მისივე თქმით გათამაშდება ფულადი თანხები და მათი ოდენობაც რამდენიმე დღეში დადგინდება.  
მთავრობის ახალი ინიციატივის შეფასება ვთხოვეთ ექსპერტს ეკონომიკის საკითხებში დავით ნარმანიას. მან განაცხადა, რომ ელექტრონული სალარო აპარატების სისტემა ჯერ ისე არ არის მოწესრიგებული, რომ ამან რეალურად იმუშავოს.

„სალარო აპარატები დადგმა დასრულებული არ არის და შესაბამისად, ეს სისტემაც არ არის გამართული. სანამ არ ვნახავთ სისტემა როგორ მუშაობს, აქ კომენტარის გაკეთება ცოტა ძნელია, რადგანაც ეს ელექტრონული სალარო აპარატები არის სიახლე. მეორე მხრივ, ეს არის გარკვეული სტიმული, მაგრამ თუ მოგებების ოდენობა, ანუ იმის ალბათობა, რომ მეწარმე რამეს მოიგებს, არ იქნება ხშირი, ასეთ შემთვევაში მეწარმეებისთვის ეს გათამაშება ვერ იქნება იმის სტიმული, რომ მათ უფრო მეტად იზრუნონ ჩეკების ამორტყმაზე“.

რაც შეეხება მეწარმეების სკეპტიკურ განწყობას მთავრობის ამ ახალი ინიციატივის მიმართ, დავით ნარმანია უერთდება მათ განწყობას, რადგან მისი განცხადებით სახელმწიფო ძირითადად ნებისმიერ ცვლილებას ახორციელებს ბიუჯეტის სასარგებლოდ და არა მეწარმეებზე ზრუნვიდა გამომდინარე.

„ძალიან იშვიათია ისეთი ცვლილებები, რომლებიც მეწარმეების ინტერესებზეა გათვლილი. მათ შორის ერთ-ერთს დავასახელებ. ეს იყო ელექტრონული დეკლარირების სისტემის შემოღება, რაც რეალურად მეწარმეებისთვის არის გათვალისწინებული. მაგრამ ყველა მეწარმეს არ მიუწვდება ხელი ამ სისტემაზე, ზოგ მათგანს არ აქვს კომპიუტერი, ან რეგიონშია, ან მაღალმთიან ტერიტორიაზეა და მათთვის ეს ელექტრონული სისტემა ვერ მოუშაობს. ხოლო თუ ისინი ხელით ჩააბარებენ დეკლარაციას საგადასახადოს, მაშინ 30 ლარი უნდა გადაიხადონ. ამდენად, არის ცვლილებები, რომლებიც რაღაც ტიპის საკითხებს ამარტივებს, მაგრამ ბოლომდე გამარტივებული და მეწარმეების სასარგებლოდ განხორციელებული არ არის. ამიტომ მე მესმის მეწარმეების და ვუერთდები მათ სკეპტიკურ დამოკიდებულებას“.