აჭარის მუსლიმანური მრევლის წარმომადგენლები “აზიზიეს მეჩეთის“ მშენებლობას აპროტესტებენ (VIDEO)

აჭარის მუსლიმანური მრევლის წარმომადგენლები “აზიზიეს მეჩეთის“ მშენებლობას აპროტესტებენ (VIDEO)

ბათუმში, გაზეთ „აჭარა  P.S.“-ს პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე აჭარის მუსლიმანური მრევლის გარკვეულმა წარმომადგენლებმა ბათუმში ე.წ. აზიზიეს მეჩეთის მშენებლობასთან დაკავშირებით თავიანთი უარყოფითი პოზიცია გამოხატეს - მიხეილ სააკაშვილის სახელზე შედგენილი სპეციალური მიმართვის ტექსტი წაიკითხეს, რომელზეც 160 ადამიანი აწერს ხელს.

მიმართვის ბოლოს აღნიშნულია, რომ ჩვენი მუსულმანი თანამემამულეები დაესწრებიან სამეუფეო წირვას, რომელსაც 4 მარტს ბათუმში, ღია ცის ქვეშ, გენერალ მაზნიაშვილის მებრძოლების საფლავზე აღავლენს ბათუმისა და ლაზეთის, ჩრდილოეთ ამერიკისა და კანადის მიტროპოლიტი, მეუფე დიმიტრი (შიოლაშვილი).

მიხეილ სააკაშვილის სახელზე შედგენილი მიმართვა, რომელიც „აჭარა P.S.“-ის  ვებგვერდზე განთავსებული ვიდეოფაილიდან სიტყვა-სიტყვით გადმოვიტანეთ, ასეთი შინაარსისაა:

„საქართველოს და თურქეთს შორის მიმდინარე მოლაპარაკებები, ისტორიულ-კულტურულ ძეგლთა აღდგენის თაობაზე, კერძოდ, ქალაქ ბათუმში აზიზის სახელობის მეჩეთ-მუზეუმის მშენებლობა, მასთან დაკავშირებით რელიგიური საკითხებით მანიპულირება გახდა საბაბი პროვოკაციების მცდელობისა.

დღითიდღე რთულდება და იძაბება დამოკიდებულება ქრისტიან და მუსულმან ძმებს შორის, რაც დღემდე ჩვენი წინა თაობების გონიერებით არასოდეს ყოფილა და არც ჩვენ დავუშვებთ.

ხელისუფლებისა და საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელნი, ქალაქ ბათუმში თურქეთის სახელმწიფოს მიერ აღნიშნული მეჩეთის მშენებლობის აუცილებლობას ამართლებენ თითქოსდა ჩვენი აჭარის მუსლიმანი მოსახლეობის ინტერესების დაცვის დემონსტრირებით, რაც რელიგიით აშკარად სპეკულირებად უნდა შეფასდეს.

აქედან გამომდინარე, ჩვენ, აჭარის მკვიდრთ, მუსლიმანური აღმსარებლობის წარმომადგენლებს არ გვრჩება მორალური უფლება ვიყოთ გულგრილნი მიმდინარე მოვლენებისადმი.

თურქ ხალხთან მეზობლობა და მეგობრობა დიდად ძვირფასი და მისასალმებელია, მაგრამ აქვე, სამართლიანობის გულისათვის უნდა ითქვას, ქალაქ ბათუმში თურქეთის სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული, ჩვენი კუთხის ყველაზე სასტიკი ამაოხრებლის, სულთან აზიზის სახელობის მოქმედი მეჩეთის ან მუზეუმის მშენებლობა სრულიად მიუღებელია, იგი ეწინააღმდეგება ჩვენს ეროვნულ ღირსებას, დაუშვებლად მიგვაჩნია ეროვნული და სახელმწიფოებირვი თვალსაზირისით, რადგანაც მასში შორს გამიზნული მზაკვრული იდეოლოგიის სიმბოლო ჩანს, რომელიც შავ-ბნელ ისტორიულ წარსულ გვახსენებს.

მეჩეთის მშენებლობის საკითხი უნდა გადაწყდეს აჭარის მუსლიმანი მრევლის მოთხოვნით და არა სახელმწიფოებს შორის მოლაპარაკებებით, რაც უდაოდ პოლიტიკური ხასიათისაა.

ამ საკითხთან დაკავშირებით აჭარის მთავარმა მუფთმა, ბატონმა ჯემალ პაქსაძემ არაერთხელ გააკეთა თავისი განცხადება, რომელსაც სრულიად ვეთანხმებით.  სრულიად ვეთანხმებით მამულიშვილთა კავშირის თავმჯდომრის, ბატონ ნიაზ ბოლქვაძის მიერ თანამემამულეებისადმი მიმართვაში გაკეთებულ განცხადებას.

ჩვენთვის დიდად ძვირფასია ოშკი და იქ არსებული ისტორიული კულტურის ძეგლები, მაგრამ მათ სანცვლოდ ვერ დავაყენებთ ეჭვქვეშ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას, ეროვნულ ცნობიერებას, ქრისტიან და მუსლიმან ძმებს შორის მშვიდობიან თანაარსებობას. ამ გზაზე კი მთავარი პოზიცია უნდა იყოს ჩვენი ერთსულოვნება, რომლის წინაშეც ყოველგვარი პროვოკაცია უძლურია.

მივმართავთ საქართველოს პრეზიდენტს, ბატონ მიხეილ სააკაშვილს - მოვითხოვთ გაითვალისწინონ ჩვენი, აჭარის მკვიდრ ქართველ მუსლიმანთა აზრი აღნიშნული საკითხისადმი, რომ არ იქნება დაშვებული საქართველოსა და თურქეთის სახელმწიფოებს შორის, ზემოთ ხსენებული ხელშეკრულების სისრულეში მოყვანის მცდელობა, რაც მოკლებულია ყოველგვარ სამართლებრივ და ზნეობრივ ნორმებს, რომელსაც შეიძლება მრავალი გაუთვალისწინებელი, გამოუსწორებელი, სავალალო შედეგები მოჰყვეს.

ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, ვუერთდებით 4 მარტს ქალაქ ბათუმში თავისუფლების მოედანზე, საქართველოს თავისუფლებისათვის მებრძოლ დაღუპულ ჩვენ გმირთა საპატივცემულოდ საქართველოს საპატრიარქოს მიერ გამართულ მოსახსენიებელ ღონისძიებას“.