მიხეილ სააკაშვილი მიხეილ ალექსიძის წინააღმდეგ

მიხეილ სააკაშვილი მიხეილ ალექსიძის წინააღმდეგ

მიხეილ ალექსიძემ, თხუთმეტი წლის ბიჭმა, თბილისის 53-ე საჯარო სკოლის მეთერთმეტე კლასის მოსწავლემ, თავისი სკოლის დირექტორს სთხოვა, არ გაერიცხა სკოლიდან მისი თანაკლასელი და მეგობარი. დირექტორმა ტატო შავშიშვილმა მას, მოსწავლეს, სკოლის დირექტორზე თავდასხმა დააბრალა და სასამართლოში უჩივლა. დირექტორთან ერთად, მომხდარით შეურაცხყოფილი აღმოჩნდა განათლების მინისტრი შაშკინი და სახელდახელოდ გამოაცხო ახალი კანონი, რომლის თანახმადაც, დაუმორჩილებლობაში შემჩნეულ „რთულ“ ბავშვებს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებიდან გადაიყვანენ სპეციალურ სკოლა-პანსიონებში (სპეცსკოლებში), მანამდე კი მათ, ასეთ მოსწავლეებს, შეუჩერდებათ მოსწავლის სტატუსი.

ამ კანონის ამოქმედებამდე, მიხეილ ალექსიძე  არა მარტო თავისი სკოლიდან გარიცხეს, არამედ აღარ მიიღეს არცერთ სხვა სკოლაში. ამის მიზეზი იყო მხოლოდ ერთი: მან გაბედა და ხმამაღლა გააპროტესტა მინისტრის ფავორიტი დირექტორის გადაწყვეტილება. მოსწავლე სკოლის გარეშე დარჩა. ცილისწამების, გაძევების, შეურაცხყოფის, უსამართლობის  გამო ბიჭის ჯანმრთელობა ახლა სახიფათოდ შერყეულია, მისი მომავალი კი, შემაშფოთებელი. სამაგიეროდ, მიხეილ ალექსიძის ყოფილი სკოლის დირექტორი, განათლების მინისტრი და პრეზიდენტი არიან მორალურად „გამართული“. განსაკუთრებით პრეზიდენტი, რომელმაც ახლახან, პარლამენტში გამოსვლისას სასამართლოს გამართვამდე კრიმინალად, ხულიგნად გამოაცხადა სკოლის მოსწავლე, რითაც  სასამართლოს მოსალოდნელი განაჩენიც განსაზღვრა.

მიხეილ სააკაშვილმა შეძლო და ცხრა წელიწადში  ქვეყნის შიგნით, საკმაოდ გამართულად მოქმედი და სრულიად ანტიჰუმანური სისტემები და ფუნქციონერები შექმნა.

მიხეილ სააკაშვილმა მოინდომა საზოგადოებაში სტალინური ღირებულებები აღედგინა. კერძოდ, ღირსებად აქცია ღალატი, ერთგულება კი - დანაშაულად. ღირსებად აქცია დაუნდობლობა, შებრალება და დანდობა კი - უღირსობად. სტალინურ ნორმებთან ერთად, სამჭედლო ჩამოყალიბდა, შესაბამისი კადრების სამჭედლო - სათანადო, სახელმწიფო სისტემები, რომელთა შორის ერთ-ერთი გამორჩეულია საქართველოს განათლების სისტემა.  არადეკლარირებული, ანუ გამოუცხადებელი, მაგრამ რეალური მიზანი ერთია: საქართველოს მოქალაქეების ბავშვობაშივე ჩამოყალიბება მორჩილ ადამიანებად და სისტემის მონებად. 

მიშა ალექსიძემ, 15 წლის მოზარდმა, გაბედა და მეგობარს გამოესარჩლა.

მიშა ალექსიძე ფაქტობრივად წინ აღუდგა საქართველოში არსებულ სისტემას, ხელყო უზადოდ აწყობილი ძალმომრეობის მექანიზმი და საფრთხე შეუქმნა მის გამართულ მუშაობას. სწორედ ამიტომ მოჰყვა ამ ერთი ბიჭის ერთ გაბრძოლებას ჯერ სკოლის დირექტორის, შემდეგ მინისტრის და ახლა პრეზიდენტის რისხვა. ერთმა პატარა ბიჭმა შეარყია შიშზე აშენებული და ტოტალიტარიზმისკენ ატყორცნილი ვითომდა უძლეველი ციხესიმაგრე. მაგრამ თუ ერთი მოსწავლის ერთ წინააღმდეგობას შეუძლია პრეზიდენტის წყობიდან გამოყვანა, ადვილი წარმოსადგენია, რა მდგომარებაში ჩავარდება ხელისუფლება, მაშინ როცა მახინჯ სისტემას ყველა თავმოყვარე ადამიანი დაუპირისპირდება.

ნუ დავტოვებთ 15 წლის მიშა ალექსიძეს მარტოს - სისტემის პირისპირ.