სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გაგა მკურნალიძე მფარველობს კონკრეტული პატიმრებისგან შემდგარ დანაშაულებრივ დაჯგუფებას, რომელსაც ე.წ. მაყურებლები ხელმძღვანელობენ და რომლებიც რესტორნებიდან მოტანილ ეგზოტიკურ კერძებს ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად მიირთმევენ. მათ აქვთ მობილურები და კონკრეტულ მითითებებს ხშირ შემთხვევაში ტელეფონით იღებენ.
ეს ინფორმაცია presage.tv-ს ადვოკატმა მამუკა ნოზაძემ მოაწოდა. ჩვენთან საუბრისას მან ის პირებიც დაასახელა, რომლებიც მკურნალიძის მითითებით პატიმრებს სცემენ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ.
ნოზაძის თქმით, საქართველოს ხელისუფლება შემოდგომაზე დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნებისთვის ყველა პატიმრის ხმის მიღებას სწორედ ე.წ. მაყურებლის ინსტიტუტის გამოყენებით გეგმავს.
ბოლო ერთი წლის განმავლობაში სასჯელაღსრულების სამინისტრო საპატიმრო დაწესებულებებში მომხდარ კონკრეტულ ფაქტებთან დაკავშირებით არანაირ კომენტარს არ აკეთებს. ამ უწყების პრესმდივანი თეა სუხიშვილი მხოლოდ იმის თქმით შემოიფარგლება ხოლმე, რომ კითხვები მეილით გავუგზავნოთ. ამ სტატიაში ასახული კონკრეტული ფაქტების ირგვლივ კითხვები სასჯელაღსრულების სამინისტროს უკვე გავუგზავნეთ და თუ სასწაული მოხდება და პასუხს მივიღებთ, დაუყოვნებლივ გაცნობებთ.
ადვოკატ მამუკა ნოზაძის თქმით, ინფორმაცია, რომელიც მან presage.tv-ს მოაწოდა, უშუალოდ იმ პატიმრებისგან მიიღო, რომლებმაც თავიანთ თავზე იწვნიეს ზემოხსენებული დაჯგუფების ქმედებები.
„ხელისუფლების აპელირება იმაზე, რომ ციხეებში მოსპეს ე.წ. მაყურებლის ინსტიტუტი, სინამდვილეს არ შეესაბამება - დღევანდელი ციხეები სწორედ „მაყურებლების“ მეშვეობით იმართება. ისინი ინიშნებიან უშუალოდ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის, დავით ჭაკუას და მისი პირველი მოადგილის გაგა მკურნალიძის მიერ.
სწორედ გაგა მკურნალიძეა ყველა იმ სიბინძურის ინიციატორი, რაც ციხეებში ხდება. კონკრეტულად, ე.წ. მაყურებლების ინსტიტუტს იმ პატიმრების წინააღმდეგ იყენებენ, რომლებიც სასჯელაღსრულების დაწესებულებების ადმინისტრაციის, ან სასამართლოსა და პროკურატურის უკანონობაზე პრეტენზიებს გამოთქვამენ და ამას წერილობითაც აფიქსირებენ“, - ამბობს მამუკა ნოზაძე და „მაყურებლების“ ვინაობასაც ასახელებს:
„შემიძლია დავასახელო სასჯელაღსრულების N17 დაწესებულების „მაყურებლები“ - რეზო ნაზარაშვილი და ირაკლი მჭედლიძე. ეს პატიმრები უშუალოდ თანამშრომლობენ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან, გაგა მკურნალიძესთან და მის მითითებებს ასრულებენ, ასე ვთქვათ, ურჩი პატიმრების მიმართ ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის მხრივ. ნაზარაშვილსა და მჭედლიძეს მობილურებიც აქვთ და მკურნალიძის ბრძანებებს ხშირად სწორედ ტელეფონით იღებენ და შემდეგ ახორციელებენ“.
მამუკა ნოზაძის თქმით, ნაზარაშვილი და მჭედლიძე ფიზიკურად უსწორდებიან იმ პატიმრებს, რომლებიც ითხოვენ გაზეთს, არიან ავადმყოფები და ითხოვენ მკურნალობას, ადმინისტრაციის არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობის თაობაზე ინფორმაციის მიწოდებას ცდილობენ მათი ოჯახის წევრებისთვის, ადვოკატებისთვის, ან აღნიშნულის თაობაზე განცხადებას წერენ.
„ამგვარ შემთხვევებში რეზო ნაზარაშვილი, ირაკლი მჭედლიძე და მათი დაჯგუფების წევრები (პატიმრები) აყენებენ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას, მათ ასისხლიანებენ, რომ რაიმეზე პრეტენზია არ ჰქონდეთ. ნაზარაშვილს, მჭედლიძეს და მათი დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრ პატიმრებს ადმინისტრაცრაცია უხვად ამარაგებს ფსიქოტროპული საშუალებებით, მათ შორის ციკლადოლით. ეს ძლიერმოქმედი მედიკამენტია და მას ფსიქიკური აშლილობის დროს იყენებენ. ამ მედიკამენტის დიდი დოზით მიღება ადამიანს არანორმალურს ხდის. ასეთი წამლების მიღების შემდეგ „მაყურებლები“ თავიანთი დაჯგუფების წევრებთან ერთად დარძრწიან, სცემენ და ასისხლიანებენ პატიმრებს. მათ N17 საპატიმროში მყოფი პატიმრები მუდმივ ტერორში ჰყავთ.
ვიმეორებ - ამ პროცესს უშუალოდ გაგა მკურნალიძე ხელმძღვანელობს, რომელიც თითქმის ყოველდღე მიდის N17 დაწესებულებაში, ხოლო არმისვლის შემთხვევაში სიტუაციას ტელეფონით აკონტროლებს. ეს კონკრეტული საპატიმრო დაწესებულება სამ ზონად არის დაყოფილი და ერთიდან მეორეში გადასვლის შემთხვევაში პატიმარი ისჯება, რადგან ამგვარი გადაადგილება აკრძალულია, მაგრამ ზემოხსენებული „მაყურებლები“ და მათი ამფსონები ერთი ზონიდან მეორეში უპრობლემოდ გადადიან. ნაზარაშვილი და მჭედლიძე მას შემდეგ „დააწინაურეს“, რაც N17 დაწესებულებაში მსჯავრდებული ილგარ მამედ-ზადეს ცემის ფაქტი გახმაურდა და ამის გამო პატიმრები სხვადასხვა საპატიმროებში გადაანაწილეს. პატიმრები ამბობენ, რომ ამჟამინდელ „მაყურებლებთან“ შედარებით ძველები ანგელოზები იყვნენ“, - ამბობს მამუკა ნოზაძე.
მისივე განმარტებით, ანალოგიური მეთოდით იმართება სხვა საპატიმრო დაწესებულებები, რომელთა შორის მხოლოდ ორ საპატიმროში არ არის „მაყურებლის“ ინსტიტუტი - ციხის სამკურნალო დაწესებულებასა და გლდანის N8 საპყრობილეში.
„ხელისუფლებას დაგეგმილი აქვს ე.წ. მაყურებლის ინსტიტუტის გამოყენებით ციხეებში არჩევნების 99%-ით მოგება - ისინი არჩევნების დღეს სწორედ „მაყურებლების“ ხელმძღვანელობით აპირებენ „ნაცმოძრაობისთვის“ ხმების მოგროვებას. ეს ინფორმაცია კონკრეტულ პატიმრებთან შეხვედრებისას მივიღე. მათივე ცნობით. ე.წ. მაყურებლებს ციხის ადმინისტრაცია სასათბურე პირობებს უქმნის. კერძოდ, მათთან შედის ის პროდუქტები, რაც სხვებისთვის აკრძალულია. მაგალითად, „მაყურებლები“ ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად სუშის და რესტორნებიდან მიტანილ სხვა ისეთ ეგზოტიკურ კერძებს მიირთმევენ, რაც პატიმრებისთვის კი არა, გარეთ მყოფთათვისაც სანატრელია. ამასთან, ამგვარი კერძების საპატიმროში შეტანა ხდება შეძლებული პატირებისთვის ფულის შეწერვის გზით“, - ამბობს მამუკა ნოზაძე.
მისივე აზრით, ხელისუფლება ციხეების მართვის ამგვარ მეთოდს მიზანმიმართულად იყენებს, რადგან უშუალოდ ადმინისტრაციის მხრიდან არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობა (რის თაობაზეც ადვოკატები საჯაროდ ხშირად საუბრობენ), საზოგადოებაში იწვევს უკიდურესად უარყოფით შეფასებას.
„სასჯელაღსრულების დეპარტამენტმა მეტად ეშმაკურ ხერხს მიმართა - „დავერბოვკებულებს“ იყენებენ სხვა პატიმრების წინააღმდეგ, რომლებიც ციხეებში არსებული ვითარებიდან გამომდინარე „მაყურებელ“ პატიმრებს არაადამიანური მოპყრობის გამო ვერ უჩივლებენ. „მაყურებლების“ შიშით სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მყოფი უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში მყოფი პატიმრები განცხადების დაწერას და მედიკამენტებისა და მკურნალობის მოთხოვნასაც ვეღარ ბედავენ.
სწორედ ეს განაპირობებს იმას, რომ მსჯავრდებულთა ჯანმრთელიბის მდგომარეობა უარესდება და მათი გადაყვანა სამკურნალო დაწესებულებებში ხდება უკვე უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში, რაც ლეტალური შედეგით მთავრდება“.