თურქეთ-საქართველოს ხელშეკრულებას საიდუმლო გრიფი შეიძლება მოხსნან

თურქეთ-საქართველოს ხელშეკრულებას საიდუმლო გრიფი შეიძლება მოხსნან

საგარეო საქმეთა სამინისტროში 1 მარტს, 13 საათზეა ჩანიშნული ჩემი ადმინისტრაციული საჩივრის განხილვა, თურქეთ-საქართველოს შორის მიმდინარე მოლაპარაკების დეტალებზე, რომლის თანახმად, თურქეთის საქართველოში ოშკისა და იშხანის აღდგენის სანაცვლოდ ბათუმში „აზიზიეს მეჩეთი“ უნდა აშენდეს, ხოლო ახალციხის რაბათის კომპლექსში არსებული „აჰმედიეს მეჩეთის“ რესტავრაციაში თურქული მხარე უნდა ჩაერთოს.

ზემოხსენებული თემის ირგვლივ ბოლო სამი წლის მანძილზე საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩემი, არც ერთი კითხვა უპასუხოდ არ დაუტოვებია (სხვა საქმეა პასუხი რამდენად ამომწურავი იყო), მაგრამ სამინისტროდან პასუხს ყოველ ჯერზე ვიღებდი კანონით გათვალისწინებული ვადის ბოლო დღეს.

ამ პრაქტიკის მიხედვით ადმინისტრაციულ საჩივარზე საგარეო საქმეთა სამინისტროს რეაქცია მოულოდნელი აღმოჩნდა - საჩივარი მიმდინარე წლის 16 თებერვალს შევიტანე. კანონით გათვალისწინებული ვადის თანახმად, მისი განხილვა ერთ თვეში უნდა მომხდარიყო, მაგრამ 28 თებერვალს ფოსტით მივიღე წერილი, რომელსაც ხელს აწერს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლევან დავითულიანი. ამ დოკუმენტში წერია:

„საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიიღო წარმოებაში თქვენი ადმინისტრაციული საჩივარი - ქმედების განხორციელებისა და საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 196-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გაცნობებთ, რომ 2012 წლის 1 მარტს 13 საათზე გაიმართება ზეპირი სხდომა, აღნიშნულ საჩივარზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების მიზნით.

გთხოვთ, უზრუნველყოთ თქვენი, ან თქვენი წარმომადგენლის გამოცხადება ზეპირ სხდომაზე, ან განაცხადოთ წერილობითი თანხმობა, რათა საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 199-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, თქვენს მიერ წარმოდგენილი ადმინისტრაციული საჩივარი განიხილოს, მიიღოს გადაწყვეტილება ზეპირი მოსმენის გარეშე“.

ადმინისტრაციული საჩივრის განხილვას ჩემი უფლებების დამცველ ადვოკატთან, მამუკა ნოზაძესთან ერთად დავესწრები.

საგარეო საქმეთა სამინისტროში ადმინისტრაციული საჩივრის შეტანამდე ორი კვირით ადრე - 2012 წლის 30 იანვარს შევიტანე განცხადება საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ, რომელიც ასეთი შინაარსის გახლდათ:

„რა ეტაპზეა თურქეთ-საქართველოს შორის მიმდინარე მოლაპარაკებები, კულტურული მემკვიდრეობის შესახებ - მოეწერა თუ არა ხელი ხელშეკრულებას? თუ მოეწერა, მაშინ, გთხოვთ, მაცნობოთ, როდის და ვინ მოაწერა ხელი. შეიცვალა თუ არა ხელშეკრულების პირობები? ხელისუფლების წევრების (ნიკა ვაჩეიშვილი, ნინო კალანდაძე) მიერ გაკეთებული საჯარო განცხადებების მიხედვით, თურქეთის ტერიტორიაზე 4 ქართული ძეგლის აღდგენის სანაცვლოდ საქართველოში სამი მუსულმანური ძეგლის რესტავრაცია უნდა მომხდარიყო და ბათუმში ერთი მეჩეთის აშენება იყო გათვალისწინებული; თუ ხელშეკრულების პირობები შეცვლილია, მაშინ, გთხოვთ, მაცნობოთ მასში შეტანილი ცვლილებების შესახებ“.

30 იანვარს ჩაბარებულ განცხადებაზე საგარეო საქმეთა სამინისტროს პასუხი 14 თებერვალს წამოვიღე, რომელშიც აღნიშნული გახლდათ, რომ ხელშეკრულების პირობები არის საიდუმლო:

„... საერთაშორისო ხელშეკრულების შინაარსი მის ოფიციალურად გაფორმებამდე არ ექვემდებარება გასაჯაროებას. „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7-ე მუხლის მე-3-ე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“  საქართველოს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 21 იანვრის N42 ბრძანებულების პირველი პუნქტით დამტკიცებული სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებულ ცნობათა ნუსხის  4.1 და 4.1.1 პუქტებიდან გამომდინარე. ამასთანავე გაცნობებთ, რომ „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის შესაბამისად, საერთაშორისო ხელშეკრულების გამოქვეყნება შესაძლებელია მისი ძალაში შესვლის შემდეგ“.

სწორედ ამ პასუხს მოჰყვა ადმინისტრაციული საჩივრის ჩაბარება საგარეო საქმეთა სამინისტროში, რომლის განხილვა ხვალ, 1 მარტს 13 საათზეა ჩანიშნული.